ვილი სანიოლი: ფინალში თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ

1 month ago 92

საქართელოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა საოცარი მატჩი იხილეს - წვიმა, წითელი ბარათი, არჩათვლილი გოლი და ბუდუ ზივზივაძის საოცარი პერფორმანსი.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუქსემბურგთან შეხვედრაზე და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა.

...პირველ ტაიმში არამაჯერებელ თამაშზე: „გარკვეული სირთულეების და ემოციების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. დაახლოებით 60 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ ცოტა ავიჭერით, მაგრამ ამის მიზეზებს გავარჩევთ. საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მსაჯის გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. არ იყო უნაკლო თამაში, მაგრამ ეს გახლდათ ნახევარფინალი და მთავარი შედეგი იყო. ფინალში ნამდვილად მოგვიწევს თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ვინც არ უნდა მოიგოს მეორე ნახევარფინალი, აქ დიდი მოტივაციით და თავდაჯერებით ჩამოვა“.

...მომავალ მეტოქეზე: „ჩემს სურვილს, თუ ვინ იქნება მეტოქე ფინალში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე გუნდი ძლიერია და ფინალში გასვლით თავდაჯერება ექნება. ხვიჩა ნამდვილად დაბრუნდება ფინალში, შეიძლება ძირითად შემადგენლობაში სხვა ცვლილებების შეტანაც მომიწიოს. შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილებები ყველასთვის მისაღები და გასაგები არ იყოს, მაგრამ ასეთ მომენტებში გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. კვარაცხელია ნამდვილად დაბრუნდება და იმედი გვაქვს, რომ ისეთ თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ყველა ელოდება“.

...ზივზივაძესა და მიქაუტაძეზე: „პირველ რიგში, უნდა ვნახო, როგორ მოახერხებენ ფეხბურთელები ამ თამაშის მერე აღდგენას. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ, ამიტომ, ახლა ჯერ სწორედ აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ. ბუდუმ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მიქაუტაძემ ბევრი იშრომა, ბევრი ირბინა და მისი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ასე რომ, ვისაც არ უნდა მოუწიოს მომდევნო მატჩში თამაშის სათადარიგო სკამიდან დაწყება, შეიძლება რთულად მისაღები იყოს, მაგრამ როგორც ვთქვი, მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, არჩევანი გუნდის სასარგებლოდ უნდა გავაკეთო და სწორი ტაქტიკა ავარჩიო“.

...საზონოვზე: „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება, ძალიან რთულია, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. საზონოვი, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება ძალიან მომწონს. ის იტალიაში ახალი გადასულია, სადაც ბევრს ვერ თამაშობს და ასეთ მატჩებში გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და ვიცი, რომ მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე გაძლებენ. საბას ამის შესახებ ვესაუბრე, დარწმუნებული ვარ, მომავალში იტალიაში მისი სათამაშო დრო გაიზრდება და შესაბამისად განვითარდება“.

ნახეთ "ევროპოპლაივი" ჩვენს YouTube-არხზე, რომელშიც ლუქსემბურგთან მატჩს განვიხილავთ.

სრულად წაკითხვა