ვიოლა ფონ კრამონი: თუ ამ კანონს მიიღებენ, [საქართველოს] ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს

3 weeks ago 16

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” რუსული სტილის კანონს მიიღებს, საქართველოსთვის არანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. ამის შესახებ კრამონმა სოციალურ ქსელ x-ზე დაწერა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პავლე ჰერჩინსკის კომენტარის შეფასებისას.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, წინააღმდეგობაში მოვა ევროპულ ღირებულებებთან და ნორმებთან, რის გამოც ევროკომისიისთვის რთული იქნება, წლის ბოლოსკენ დადებითად შეაფასოს მის მიერ გადგმული ნაბიჯები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელი პირობაა.

‘ან უკეთ თუ ვიტყვით; შეუძლებელი იქნება პოზიტიური შეფასების გაკეთება. თუ ეს კანონი გავა, აღარანაირი ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული შეჩერება’, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების ანგარიშში შეაფასებს, როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რის შემდეგაც დაწერს დადებით ან უარყოფით დასკვნას. ამის საფუძველზე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა საქართველო გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

„ქართული ოცნება“ კანონს ამერიკული FARA-ს ანალოგად ასახელებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

სრულად წაკითხვა