ვის წაიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე? თავისუფალი ადგილები შეზღუდულია

1 month ago 23
  • ვილი სანიოლს ორი თვე აქვს, რათა ნაკრების განაცხადი შეარჩიოს
  • ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია, ბევრი ცვლილება არ იქნება
  • ფრანგი სპეციალისტი დაცვაში უფრო გამოცდილებას ეყრდნობა

დიდი სანაკრებო ტურნირის წინ საქართველოს ნაკრების განაცხადზე რომ გვიწევს ფიქრი და მსჯელობა, ესეც უნიკალური ამბავია. 

სანაკრებო ვნებათაღელვა ახლა დროებით განელდა, თუმცა უკვე დღეებს ვითვლით 18 ივნისამდე, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს. მანამდე საკლუბო სეზონი უნდა დასრულდეს, ნაკრები კი ევრო 2024-ისთვის აქტიურ მზადებას დაახლოებით მაისის ბოლოს დაიწყებს და ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს.

პლეი ოფის წინ შემადგენლობის დასახელებას სანიოლის კრიტიკა მოჰყვა. აკრიტიკებდნენ პირველ რიგში იმის გამო, რომ გიორგი არაბიძე არ გამოიძახა. ასევე იყო კითხვის ნიშნები საბა ლობჟანიძის და ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვებაზეც. ახლა უკვე იმაზე შეიძლება მსჯელობა, როგორი შეიძლება იყოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე. ოღონდ, ჯერ ისაა გასარკვევი, რამდენკაციანი იქნება ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდების განაცხადები. დღეის მდგომარეობით, უეფას რეგლამენტით განაცხადში 23 ფეხბურთელი უნდა იყოს, თუმცა 8 აპრილს უეფა ამ საკითხზე მონაწილე ნაკრებების მთავარ მწვრთნელებთან ერთად იმსჯელებს და არ გამორიცხავენ, რომ განაცხადი 26-მდე გაიზარდოს. შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტება იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება მაქსიმალური კვოტა.

მეკარეები გარკვეულია

მეკარის პოზიცია ალბათ ერთადერთია, სადაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. გიორგი მამარდაშვილი პირველი ნომერია, გიორგი ლორია მეორე, ლუკა გუგეშაშვილი კი - მესამე. მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა, ჰყავდეს მამარდაშვილის დონის კიპერი, ხოლო მისი პირველი შემცვლელი კი ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი იყოს, როგორიც ლორიაა. მისი ნდობაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება. ლორია კარიერის მიწურულს ნამდვილად იმსახურებდა დიდ ტურნირზე მოხვედრას.

მამარდას დონის მეკარე რომ გვყავს, ეს დიდი ფუფუნებაა

სანიოლის ერის საწყის პერიოდში ნაკრებში ლაზარე კუპატაძეც ხშირად ხვდებოდა და ის ერთ დროს ლორიას მთავარი შემცვლელიც იყო, თუმცა ბოლო დროს მას სანაკრებო სიაში ვეღარ ვხედავთ. ამიტომ, ევრო 2024-ზე მამარდაშვილი, ლორია და გუგეშაშვილის ტრიოს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება დაცვას

დაცვაში სანიოლს არჩევანი ნამდვილად აქვს. ისე ჩანს, რომ სასტარტო შემადგენლობის სამი ცენტრალური მცველი უკვე გამოკვეთილია. ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ საბა კვერკველიამ და ლაშა დვალმა პრაქტიკულად უშეცდომოდ, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. გურამ კაშია წლებია, ნაკრების დაცვის მთავარი დასაყრდენი ფიგურაა. რაც შეეხება მათ ალტერნატიულ ვარიანტებს, სია საკმაოდ გრძელია: ბოლო შეკრებაზე საბა საზონოვი, გიორგი გველესიანი და ლუკა ლოჩოშვილი იყვნენ, მაგრამ ახლო წარსულში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე შანსი მიეცა სანდრო კალანდაძესაც, ნაკრებში ასევე იყო მიწვეული ივა გელაშვილიც. აუცილებლად უნდა ვახსენოთ დავით ხოჭოლავა, რომელიც დიდი ხანია ნაკრებში აღარ ყოფილა, მაგრამ ამის მიზეზი ტრავმაა. უცნობია, მოასწრებს თუ არა ევრო 2024-მდე ხოჭოლავა ფორმაში შესვლას, არადა, მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის ერთა ლიგის C დივიზიონში აბსოლუტურად შეუცვლელი ფიგურა იყო.

კაკაბაძეს სანიოლი ფლანგზეც იყენებს და მარჯვენა ცენტრალური მცელის პოზიციაზეც

არსებობს შეკითხვები, რატომ არ ეძლევა მეტი შანსი საზონოვსაც, რომელიც გამოძახებულთა შორის კი იყო, მაგრამ პლეი ოფის მატჩების განაცხადში ვერ მოხვდა. საზონოვს ტორინოში დიდი სათამაშო დრო არ აქვს. ტურინულ გუნდს მიმდინარე სეზონში ბევრი მცველი გამოაკლდა, მაგრამ სამწუხაროდ, ივან იურიჩი ხშირად ამჯობინებდა ნახევარმცველის დაცვაში დაწევას, ვიდრე სასტარტო შემადგენლობაში საბას გამწესებას. გარდა ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანიოლი დაცვის ხაზში უფრო გამოცდილებას ეყრდნობა, რაც გასაკვირი არ არის - დაცვის ხაზის კარგი თამაში განსაზღვრას გუნდის საერთო მდგრადობას და სტაბილურობას მოედანზე. აქვე იმის გახსენებაც შეგვიძლია, რომ მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე სანიოლი ოთარ კაკაბაძესაც იყენებდა, ოღონდ შედარებით სუსტი გუნდების წინააღმდეგ.

ფლანგებზე კონკურენციაა

ფლანგებზე, ე.წ. ლატერალის პოზიციებზეც, მეტ-ნაკლები კონკურენცია არსებობს. მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძის და გიორგი გოჩოლეიშვილის ვარიანტები გამოკვეთილია. ამ პოზიციაზე თამაში ვლადიმერ მამუჩაშვილსაც შეუძლია, რომელიც ზოგადად საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა და რამდენიმე პოზიციაზე ეხერხება თამაში. მოკლედ, კაკაბაძე და გოჩოლეიშვილი ევროზე ნამდვილად წავლენ.

მარცხენა ფლანგზე სანიოლს 3 ძირითადი არჩევანი აქვს: ლევან შენგელია, ირაკლი აზაროვი და გიორგი წიტაიშვილი. ჯერ კიდევ ერთა ლიგის სეზონიდან აზაროვი შეუცვლელი ფიგურა მოჩანდა, მაგრამ ბოლო შეკრებაზე ის სანიოლმა არ გამოიძახა, მიზეზად დაცვით ფუნქციებში სისუსტეები დაასახელა. თუმცა, აზაროვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გასაკვირი არ იქნება, საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთ ფეხბურთელზე უარი თქვას დიდი ფორუმის წინ.

წიტაიშვილს ევროზე წასვლა ფაქტობრივად განაღდებული აქვს - მით უმეტეს, საბერძნეთთან ფინალში შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ

წიტაიშვილი და შენგელია მარცხენა ლატერალები არასდროს ყოფილან, მაგრამ ორივეს პოზიცია სანიოლმა შეუცვალა. გიორგის ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში ერთა ლიგაზე, შენგელიას გარდაქმნა კი უფრო სიახლეა, რაც გასული წლის საშემოდგომო მატჩებს უკავშირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თავი ორივემ კარგად წარმოაჩინა. არც ისაა გამორიცხული სამივე მოხვდეს განაცხადში, მაგრამ ამის შანსი დიდი არ არის. დაცვის მარცხენა ფლანგზე გურამ გიორბელიძის ხსენებაც შეიძლება, რომელიც მაშინ, როდესაც სანიოლი ნაკრებში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა, თუცა ბოლო ხანს ნაკრებში აღარ გამოჩენილა.

ნახევარდაცვის ცენტრი: ძირითადი გასაგებია, სხვები?

ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა უკვე თამამად უნდა მოვიაზროთ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში. ყოფილი კაპიტანი გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ბევრი ვარაუდობდა, რომ ძირითად შემადგენლობაშიც იქნებოდა, მაგრამ ჯაბამ მხოლოდ ლუქსემბურგთან ითამაშა, ისიც ბოლო წუთები. ფაქტია, მას გუნდის სათამაშო სისტემასთან მორგება თავიდან სჭირდება. ამის მიუხედავად, ევრო 2024-ზე ჯაბა იქნება განაცხადში, რასაც იმსახურებს კიდეც. ქოჩორაშვილსა და კიტეიშვილზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა - კარგად გამოჩნდა მათი მნიშვნელობა. ქოჩორაშვილი სულაც ერთ-ერთი უმთავრესი გმირი იყო. კვეკვესკირს ზურგს დიდი გამოცდილება და გამარჯვების პენალტი უმაგრებს, ევრო 2024 მანაც 100 პროცენტით დაიმსახურა.

კვეკვესკირი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში აუცილებლად მოხვდება

ალტერნატიულ ვარიანტებს რაც შეეხება: სანიოლი ხშირად ენდობა ანზორ მექვაბიშვილს, მანამდე გიორგი აბურჯანიასაც ენდობოდა, რომელიც ბოლო შეკრებაზე ტრავმის გამო არ იყო. ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა სიაში შეიძლება ასევე მოვიაზროთ სანდრო ალთუნაშვილი, ლუკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუაც. გაგნიძეს ნაკრებში შანსი გასულ წელს მიეცა, შოტლანდიაში ძირითად შემადგენლობაშიც ათამაშეს, მაგრამ ბოლო დროს მას ძირითადად ახალგაზრდულ ნაკრებში ვხედავთ. იგივე ითქმის სიგუაზეც, რომელსაც ბოლო დროს ტრავმებიც მოეძალა, არადა, ბაზელში სეზონის ცუდი სტარტი არ ჰქონია. ვნახოთ, ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, ვინ როგორ ფორმაში დაასრულებს მომქანცველ სეზონს.

ლობჟანიძე ალბათ დაემატება, არაბიძე?

შემტევ ნახევარმცველებში ბევრი დილემა არ არის: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი ევრო 2024-ის განაცხადში აუცილებლად იქნებიან. პლეი ოფებში ნაკრებს მიღმა დარჩა საბა ლობჟანიძე, რომელსაც მანამდე სანიოლისგან საკმაო ნდობა ჰქონდა. გადაწყვეტილება ამერიკიდან ხანგრძლივი მგზავრობითა და დაღლილობის ალბათობით აიხსნა. საბას განაცხადში მოხვედრა მაინც მოსალოდნელია, მით უფრო, რომ სანიოლი მას მარჯვენა ლატერალის პოზიციაზეც იყენებდა (მაშინ, როცა კაკაბაძე დაცვის ცენტრში გადაიყვანა).

საბა ლობჟანიძეს ევროს განაცხადში უნდა ველოდოთ

გულშემატკივრებს ძალიან სურთ გიორგი არაბიძის ნაკრებში ხილვაც. სანიოლმა თქვა, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამ ეტაპზე ტორპედოს ლიდერს ინტენსივობა დაუწუნა. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა რაიმე მომდევნო ორ თვეში. საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონი რომ მოიგო, მაშინ ნაკრებში ვაკო ყაზაიშვილიც თამაშობდა, მაგრამ დიდი ხანია, ის სანიოლის რჩეულთა შორის აღარ ყოფილა. საფეხბურთო კარიერა ჯერ ოფიციალურად თორნიკე ოქრიაშვილსაც არ დაუსრულებია, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის გამოირჩეოდა თავდადებული თამაშით. ოქრი უახლოეს ხანში გუნდს თუ იპოვის და ფორმას აღიდგენს, რატომაც არა? გამორიცხული არაფერია! მით უფრო, თორნიკე საბერძნეთთან შეხვედრაში გუნდთან ერთად იყო და გამარჯვებაც დანარჩენებთან ერთად იზეიმა.

ბუდუ, მიქაუტაძე და პლუს ქვილითაია

ცენტრფორვარდის როლში ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები არიან. გიორგი ქვილითაიას სანიოლისგან დიდი ნდობა ამ 3 წლის განმავლობაში არ ჰქონია, თუმცა ბოლო შეკრებაზე მას უხმო და თამაშის შანსიც მისცა. სხვათა შორის, გიორგი საბერძნეთთან ძალიან კარგად შემოვიდა და ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მისი მოხვედრა მოულოდნელი არ იქნება.

ბუდუ ზივზივაძე ნაკრების მთავარი ცენტრფორვარდია

ზოგადად, არის მომენტები, როცა გუნდს მსგავსი ტიპის ფორვარდი მოედანზე ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით, ათლეტური დაცვის წინააღმდეგ, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრების დაცვის წინააღმდეგ კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად დასჭირდება თავდამსხმელი, რომელიც მაღალი და გრძელი პასებისთვის იბრძოლებს. ეს მიქაუტაძის ძლიერი მხარე ნამდვილად არაა, ბუდუს უკეთ შეუძლია ამ ფუნქციების შესრულებაც, ქვილითაიას პლუსად კი, შეგვიძლია სწორედ ძალისმიერი ორთაბრძოლები მივიჩნიოთ. სანიოლი ერთი ხანობა ნაკრებში დავით ვოლკოვსაც უხმობდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, მისი ვარიანტი ალბათ, ბოლოა.

საქართველოს სავარაუდო განაცხადი

1. გიორგი ლორია
2. ოთარ კაკაბაძე
3. ლაშა დვალი
4. გურამ კაშია
5. საბა კვერკველია
6. გიორგი ქოჩორაშვილი
7. ხვიჩა კვარაცხელია
8. ბუდუ ზივზივაძე
9. ზურიკო დავითაშვილი
10. გიორგი ჩაკვეტაძე
11. გიორგი ქვილითაია
12. გიორგი მამარდაშვილი
13. გიორგი გოჩოლეიშვილი
14. ლუკა ლოჩოშვილი
15. 

16. ნიკა კვეკვესკირი
17. ოთარ კიტეიშვილი
18. 
19. 
20. ჯაბა კანკავა
21. გიორგი წიტაიშვილი
22. გიორგი მიქაუტაძე
23. ლუკა გუგეშაშვილი
----
24. 
25.
26. 

ვის აქვს კარგი შანსი

ლევან შენგელია (ტრავმა)
დავით ხოჭოლავა (ტრავმა)
ირაკლი აზაროვი
საბა ლობჟანიძე
საბა საზონოვი
სანდრო ალთუნაშვილი
ვლადიმერ მამუჩაშვილი
გიორგი გველესიანი
ანზორ მექვაბიშვილი
გიორგი აბურჯანია

ვის აქვს მცირე შანსი

ლუკა გაგნიძე
გაბრიელ სიგუა
ჯიმი ტაბიძე
სანდრო კალანდაძე
ივა გელაშვილი
გიორგი არაბიძე
დავით ვოლკოვი
გურამ გიორბელიძე

მოსამზადებელი პროცესი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. უკვე ცნობილია, რომ 9 ივნისს, მონტენეგროსთან ისპარინგებს, კიდევ ერთი ტესტ-მატჩი კი, წესით მანამდე თბილისში გაიმართება, მეტოქე ჯერ უცნობია. ევრო 2024-ის მონაწილეების უმეტესობა ფინალურ ეტაპამდე სწორედ ორ ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს, გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით. გარდა ამისა, ისიც გასარკვევია, თუ როდიდან და სად მოემზადება საქართველოს ნაკრები გერმანიაში, რომელ ქალაქში დაბინავდება და რომელი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს ევრო 2024-ის მიმდინარეობისას.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე სამ ქალაქში მოუწევს თამაშის ჩატარება - დორტმუნდში თურქეთთან 18 ივნისს, ჰამბურგში ჩეხეთთან 22 ივნისს და გელზენკირხენში პორტუგალიასთან 26 ივნისს.

ფაქტია, წინ სასწაული საფეხბურთო ზაფხული გველოდება - საქართველო სრულიად ახალ რეალობაშია.

სრულად წაკითხვა