ვლადიმირ ვაისი: ჩემს დროს საქართველოს ნაკრები ასეთი არ ყოფილა

1 month ago 27
  • 'მეც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც ქართველი გულშემატკივრები'
  • საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მიზნის მიღწევასთან სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობითაც ახლოს იყო, თუმცა, გადამწყვეტი თამაში წააგო, ამჯერად კი, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "რასაკვირველია, საბერძნეთთან თამაშს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფანტასტიკური შედეგია! მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ და ჩემს შემდეგ დიდი სამუშაოც იქნა გაწეული.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი განვითარდა და ამაში წვლილი საოცარმა ქომაგებმაც შეიტანეს. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და ცხადია, მეც გახარებული ვარ. ახლანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ჰყავთ დიდებული მეკარე და საერთო ჯამში, კარგი გუნდია.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016-2020 წლებში მუშაობდა

კონკრეტულად რა შეიცვალა ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც ჩემს დროს შანსი მიეცათ, ახლა უფრო გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და ხარისხი გააჩნია და სათამაშო სტილიც შეიცვალა: ჩვენ დროს უფრო დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით, სწრაფ კონტრშეტევებზე ვიყავით ორიენტირებულნი და ფეთქებადი სტილი ნაკლებად გვქონდა.

სამწუხაროდ, 4 წლის წინ, პლეი ოფში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ისტორია არ განმეორდა. ბერძნებთან ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მეც ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები".

59 წლის ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წელს ერთა ლიგის D დივიზიონი მოიგო, თუმცა, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. 2021 წლიდან მოყოლებული ვაისი ბრატისლავის სლოვანში მუშაობს, სადაც მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც თამაშობენ.

სრულად წაკითხვა