ვოლკანოვსკი თოფურიასთან წაგებაზე: თავს არ ვიმართლებ, ყოჩაღ ილიას!

2 months ago 38
  • ალექს ვოლკანოვსკიმ საკუთარ არხზე ილია თოფურიასთან წაგებაზე ისაუბრა
  • ავსტრალიელმა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და ქამრისთვის იბრძოლებს

ილია თოფურიასთან სატიტულო ბრძოლაში მარცხის შემდეგ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ საკუთარ YouTube არხზე პირველად ისაუბრა ვრცლად. მან თოფურიასთან წაგებაზე და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა. 

“შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ შედეგით. ბუნებრივია, გულდაწყვეტილი ვიყავი და ეს მეტყობოდა კიდეც.” - ამბობს ალექს ვოლკანოვსკი, - “ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიბრძოდი არა იმისთვის, რომ მომეგო, არამედ ილიას რომ არ “გამოვეჭირე”. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაუნდი ქულებით მოვიგე, სულ ერთსა და იმავე მოძრაობებს ვიმეორებდი, ილიასგან კონკრეტული ილეთები რომ ამეცილებინა. კი, დასაწყისში ამ მიდგომამ იმუშავა, თუმცა თოფურიამ ყველაფერი “წაიკითხა” და სწორად გაანალიზა. თავს არ ვიმართლებ - პირიქით, შუა ბრძოლაში ადაპტაცია ყველა მებრძოლს არ შეუძლია და ყოჩაღ ილიას, რომ ეს მოახერხა.”

ითამაშა თუ არა ისლამთან ნოკაუტმა გარკვეული როლი? ვოლკანოვსკი ამბობს: “არ მეგონა, თუ ითამაშებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მენტალურად ესეც იყო ფაქტორი. სულ მეფიქრებოდა - არ გამოგიჭიროს, არ მისცე უფლება, დარტყმით მოგვწვდეს. ოქტაგონზე “გაორებული” გრძნობა მქონდა: დაცვას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ თავადაც შეტევაზე უნდა გადავსულიყავი, თუმცა ისევ დაცვაში ვრჩებოდი, რადგან მახსოვდა, რომ წინა ბრძოლაში დამანოკაუტეს.”

'ჩემი მომდევნო ბრძოლა ილიასთან რევანში იქნება, თუმცა ნაჩქარევად დაბრუნებას არ ვაპირებ'

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: “ამჯერად ოქტაგონზე სწრაფად დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ზედიზედ ორი ნოკაუტი სახუმარო ამბავი არაა და თავს დასვენება სჭირდება. ისლამთან ნოკაუტის შემდეგ ეგრევე დავბრუნდი, რადგან ჩემპიონი ვიყავი. სულ მჯეროდა, რომ ჩემპიონი ვალდებულია, აქტიური იყოს და ტიტული ხშირად დაიცვას. როცა ასეთ რეჟიმში ცხოვრობ, ყოველდღიურობა მთლიანად ვარჯიშის გარშემო გაქვს აწყობილი და დრო სხვა არაფრისთვის გრჩება. ამას ვიაზრებდი და, როგორც ჩემპიონი, ამას შეგნებულად ვთანხმდებოდი. თუმცა, ახლა ჩემპიონი აღარ ვარ და არც ეს პასუხისმგებლობა გამაჩნია. ახლა შემიძლია დავისვენო, სათევზაოდ წავიდე, ბოლო-ბოლო ავდგე და ბავშვები ფეხბურთზე წავიყვანო. რა თქმა უნდა, კვლავაც ვივარჯიშებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ძალიან მსუბუქ რეჟიმში.”

წაიკითხე მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! ბრძოლა, რომლითაც ახალი ეპოქა დაიწყო

ალექსმა თოფურიასთან რევანში დააანონსა: “ჩემი მომდევნო ბრძოლა ილიასთან რევანში იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მიღებულ ტრავმას სერიოზულად ვუდგები და ნაჩქარევად დაბრუნებას არ ვაპირებ. თუ თოფურია ჩემნაირად აქტიური ჩემპიონი იქნება და მას ტიტულის დაცვა მალევე ენდომება - არანაირი პრობლემა არაა, დაიცვას, მე კი შემდეგ ჯერს დაველოდები. მაგრამ თუ ილიას მომდევნო ბრძოლა წლის ბოლოსკენ იქნება, ეს მეც მაწყობს. ილიას შემდეგი ოპონენტი შეიძლება მე არ ვიყო, თუმცა ჩემი შემდეგი ბრძოლა აუცილებლად ტიტულზე იქნება. მოკლედ: ცოტას დავისვენებ, თავს მივხედავ, შემდეგ კი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქამარი დავიბრუნო. მაგრამ ამჯერად ამას საკუთარი თავისთვის გავაკეთებ. ადრე სულ ვიღაცისთვის ვიბრძოდი - ოჯახისთვის, ავსტრალიისთვის… ახლა კი, ტიტულის დაბრუნება პირადად ჩემთვის მინდა.”

ბოლოს, ვოლკანოვსკიმ ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა: “ყველას მადლობა თანადგომასა და მხარდაჭერისთვის. ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება!”

ილია თოფურია (15-0 ММА, 7-0 UFC) პირველი ქართველი და ამავდროულად, პირველი ესპანელია, ვინც UFC-ის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 27 წლის მებრძოლმა, რომელიც გერმანიაშია დაბადებული, მაგრამ წლებია, ესპანეთში ცხოვრობს, 17 თებერვალს, ანაჰაიმში გამართულ ბრძლაში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ესპანეთში ქამრით დაბრუნდა.

სრულად წაკითხვა