ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დღეს ვილინიუსში უმასპინძლა სამიტს, რომელზეც „ბუქარესტის ცხრიანისა“ და ნორდიკული ქვეყნების - დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერებს, აგრეთვე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს უმასპინძლა.
„ჰააგის სამიტი ჩატარდება განსაკუთრებით კრიტიკულ დროს. ნატოს მომავლისა და მისი ძირითადი მისიისთვის ის გადამწყვეტი იქნება. ლიეტუვა მოელის, რომ ტრანსატლანტიკური ერთიანობის გასაძლიერებლად, სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას კოლექტიური თავდაცვისადმი და აჩვენებს პრინციპულობას ალიანსის ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, ნატოს სამიტზე უნდა გაისმას მკაფიო სიგნალი, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას; ნაუსედას თანახმად, ალიანსის დღის წესრიგში უნდა დარჩეს საკითხი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ გზა შეუქცევადია და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს მიწვეული ჰააგის სამიტზე:
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის გადაწყვეტილებას უკრაინის შეუქცევად სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მისი ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს თავისი უსაფრთხოების მოწყობა და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს, გარედან ჩარევის გარეშე“.
ლიეტუვის პრეზიდენტი ახალი ამბიციური მოწოდებით გამოვიდა: საჭიროა 2030 წლამდე თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის გამოყოფაზე შედგეს შეთანხმება - 3.5% სამხედრო ხარჯებს უნდა მოხმარდეს, 1.5% კი თავდაცვასთან დაკავშირებულ უფრო ფართო ინვესტიციებს:
„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აახლებს სამხედრო პოტენციალს და სავარაუდოდ ახალი თავდასხმისთვის ემზადება, ნატომ 2030 წლამდე უნდა შეასრულოს ეს დაპირება. ლიეტუვა უკვე ამ გზაზე დგას: მიმდინარე წელს მივაღწევთ 4%-იან ნიშნულს, 2026-ში კი თავდაცვაზე გამოვყოფთ მშპ-ს 5.25%-ს. ლიეტუვამ უკვე გადააწყო თავისი ეროვნული დივიზია და აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას გერმანიის ბრიგადის განსათავსებლად - იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოპტიმალური პირობები შექმნას ალიანსის ძალების მასპინძლობისთვის“.
ნაუსედამ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების გადამწყვეტ მნიშვნელობას:
„აშშ-ის შესაძლებლობები და უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ის უზრუნველჰყოფს, ერთ დღეში ვერ ჩანაცვლდება. ყველაფრის ფასად უნდა გავუფრთხილდეთ აშშ-ის ერთგულებას ნატოს მიმართ. ამავდროულად, უნდა გაძლიერდეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა და ევროკავშირის თავდაცვითი პრიორიტეტები შესაბამისობაში უნდა იყოს ნატოს შესაძლებლობებთან“.
შეხვედრის წევრებთან ნაუსედას მისალმების შემდეგ, გამხსნელი სიტყვა წარმოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტი საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაა და ხაზი გაუსვა როგორც უკრაინაში, ისე ევროპის ქვეყნებში იარაღის წარმოების გაფართოების მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ერთი მხრივ ზაფხულის შეტევა წამოიწყო, მეორე მხრივ კი ისინი იძულებული არიან ჩაერთონ დიპლომატიაში:
„მადლიერი ვარ დახმარების ყველა პაკეტისთვის და თითოეული ინვესტიციისთვის უკრაინაში იარაღის წარმოებაში, აგრეთვე თქვენს ქვეყნებში წარმოების განვითარებისთვის. ევროპას, აშშ-თან ერთად რუსეთზე უკეთესი იარაღი აქვთ. ჩვენ გვაქვს აგრეთვე უფრო ძლიერი ტაქტიკური გადაწყვეტები - ჩვენმა ოპერაციამ - „ობობას ქსელმა“ გუშინ ეს დაადასტურა. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს მისთვის დანაკარგები. ეს აიძულებს მას დიპლომატიისკენ სვლას. როცა რუსეთი ამ ომში დანაკარგებს განიცდის, ყველასთვის ცხადი ხდება, რომ უკრაინა არის ის, ვინც აკავებს მას - არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ჰკითხეთ თქვენს დაზვერვას - რას გეგმავს რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში? თუკი ისინი საკმარისად გაბედულები არიან იმისთვის, რომ იქიდან თავდასხმა მოამზადონ, მაშინ ჩვენ ერთად მეტად ძლიერები უნდა ვიყოთ. ახლა ეს ნიშნავს უკრაინის გაძლიერებას, რომ შევძლოთ ამ ომის შეჩერება და მისი გავრცელების თავიდან აცილება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი იარაღის წარმოება. უკრაინას შეუძლია საკუთარი წარმოებით დაფაროს იარაღის საჭიროების 40%, მაგრამ ამას სჭირდება დაფგინანსება. ჩვენი ოპერაციები აჩვენებს რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ინვესტიციებს, განსაკუთრებით - დრონებში. ჩვენ კვლავაც სასწრაფოდ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები მათთვის. თითოეულმა თქვენგმა იცის, რა გვჭირდება და რისი გაკეთება შეგიძლიათ ჩვენს დასახმარებლად. საჭიროა გადაწყვეტილებები“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსის სამიტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა აგრეთვე უკრაინა-რუსეთს შორის სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დიპლომატიის წარმატებისთვის „ახალი, ძლიერი სანქციების“ დაუყოვნებლივ დაწესების მნიშვნელობაზე. ზელენსკი თვლის, რომ „განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაპირებული უფრო ძლიერი სანქციებია“ საშური:
„სანქციებმა უნდა დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას - განსაკუთრებით ნავთობსა და ტანკერებს, ფასზე ზედა ზღვარს, ცხადია, აგრეთვე რუსეთის ბანკებსა და მთლიანად საფინანსო სექტორს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობას - „ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკის ხალხის მხარდაჭერა. რაც არ უნდა მოხდეს გლობალურ კონკურენციაში, ყველა ჩვენგანის - ევროპის, აშშ-ისა და ყველას საერთო ვალდებულებაა, ვინც თავისუფლებას აფასებს, ერთად დავიცვათ ის. გვჭირდება კავშირის იმდენი წერტილი, რამდენიც შესაძლებელია - ნატოს ივნისის სამიტის ჩათვლით. ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ნატოს გადაწყვეტილებებზე ანდა გავლენა ალიანსზე ან მის წევრებზე“.
„ბუქარესტის ცხრიანის“ ფორმატი 2015 წელს შეიქმნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პასუხად და აერთიანებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს. ესენია: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა.