ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმა რუსეთის საექსპორტო ტერმინალსა და ნავთობის საცავებზე

1 hour ago 3

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 27 ივლისს თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქსა და უდმურტეთის რესპუბლიკაში დაარტყეს საექსპორტო ტერმინალს და ნავთობობიექტს.

სოციალურ ქსელებში ზელენსკის ოფიციალურ გვერდებზე 27 ივლისს დღისით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კონკრეტული ობიექტები დასახელებული არ არის. მისივე ცნობით, ნავთობობიექტს დაარტყეს რუსეთის იაროსლავლის რეგიონშიც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააკონკრეტა მხოლოდ მანძილი, რომელიც დარტყმის სამიზნე ობიექტებს უკრაინის საზღვრიდან აშორებს - 250 და 1300 კილომეტრი.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ასრულებენ შორ მანძილზე დარტყმების სანქციების გეგმას და ამცირებენ რუსეთის შესაძლებლობას, დააფინანსოს ომი.

ზოგიერთი უკრაინული და რუსული წყაროს, მათ შორის დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, რუსეთის ქალაქ როსტოვში უკრაინული დრონებით შეტევა იყო სავაჭრო პორტზე, საიდანაც ექსპორტი ხორციელდება, ხოლო უდმურტეთის რესპუბლიკაში - რუსეთის სახელმწიფო რეზერვების ფედერალური სააგენტოს კომბინატ „პრიორიტეტზე“, რომელიც დაბა ბოროკში მდებარეობს, დახურული ტიპის სტრატეგიული ობიექტია, სახელმწიფო მნიშვნელობის მსხვილი ნავთობბაზის ფუნქციას ასრულებს და სამხედრო დაცვის ქვეშაა.

რუსეთის როსტოვის და იაროსლავლის ოლქების და უდმურტეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა დაადასტურეს, თუმცა ნავთობის საცავები და პორტი არ უხსენებიათ.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის თანახმად, ქალაქ დონის როსტოვში დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი და ხანძრები გაჩნდა კერძო საწარმოსა და საწყობების ტერიტორიებზე და რამდენიმე კერძო სახლში. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლიც. იაროსლავლის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ცნობით, დაიჭრა ერთი ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე სახლი.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს სამრეწველო და სხვა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

26 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმების „სანქციები“ გარკვეული პრიორიტეტების შესაბამისად სრულდება და დისტანცია 3000 კილომეტრზე მეტია.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეათანხმეს ოპერაციის გაგრძელების საკითხი და პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალი განაახლეს.

სრულად წაკითხვა