ზურა ჯაფარიძის ადვოკატი: ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ

1 day ago 5

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო სხდომა გაიმართა საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე. ამ საქმეზე ჯაფარიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჯერ უარი თქვა 2012 წლამდე ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელ კომისიაზე გამოცხადებაზე, შემდეგ კი არ გადაიხადა გირაო, რომელიც გამოუცხადებლობისთვის დაუწესეს აღკვეთის ზომად.

როგორც ჯაფარიძის ადვიკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სხდომის დაწყებამდე თქვა, სასამართლომ უარი თქვა თეა წულუკიანის მოწმის სახით გამოკითხვაზე ამ საქმის ფარგლებში.

"კომისიის თავმჯდომარის გამოკითხვის თაობაზე უარი ევროსასამართლოს მიზნებიდან გამომდინარე სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციურად და კონვენციურად შეიზღუდა ზურა ჯაფარიძის უფლებები, ყველა მოწმეზე გვქონოდა ხელმისაწვდომობა და გამოგვეკითხა მიზნები ზურა ჯაფარიძის დაბარების საგამოძიებო კომისიაზე და მათ შორის, ლეგიტიმურობა ზოგადად საგამოძიებო კომისიის" - თქვა ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე და განმარტა, რომ ამ საქმის გაგრძელებისთვის ემზადებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ადვოკატმა თავად სხდომაზე, შესავალ სიტყვაშიც ისაუბრა კომისიაზე. მან მოსამართლეს უთხრა, რომ შეუძლია შეაჩეროს სისხლის სამართლის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება პარლამენტში შექმნილი საპარლამენტო კომისია კონსიტუციას, რადგან კანონის თანახმად, კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს. თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ კომისიაში კი ოცნების 5 წევრის გარდა, წარმოდგენილია ხალხის ძალა ორი დეპუტატით და ევროპული სოციალისტები ერთი დეპუტატით.

შესავალი სიტყვების შემდეგ გამოიკითხა გამომძიებელი სალომე შიოშვილიც, რომელმაც სასამართლოს უთხრა რომ ჯაფარიძეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან შევიდა შესაბამისი მიმართვა პროკურატურაში.

მოწმის დაკითხვის დროს ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი დაინტერესდა, ბრალდების მხარეს ხომ არ ჰქონია კონსულტაცია იმაზე, რომ საკითხი ადმინისტრაციული კოდექსით გამოძიებულიყო. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსშიცაა და სახდელის სახით თვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით.

სალომე შიოშვილის განმარტებით, მათ სისხლის სამართლის კოდექსით იხელმძღვანელეს იმის გამო, რომ უპირატესობა ბოლოს მიღებულ კანონს მიანიჭეს: გამომძიებლის თქმით, ეს მუხლი ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადი გახდა 1995 წელს, ხოლოს სისხლის სამართლის კოდექსით – 1999 წელს.

გამომძიებლის მსჯელობის პასუხად ზურა ჯაფარიძის ადვოკატმა განმარტა, რომ როდესაც არსებობს ორი ალტერნატიული მუხლი, სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს იმ მუხლით, რომელიც ბრალდებულისთვის უფრო სასიკეთოა. მისი მოსაზრებით, ამ საქმეზე გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსით დაწყება კონსტიტუციის და ევროკონვენციის დარღვევაა.

სხდომის დასრულების შემდეგ ზურა ჯაფარიძის ადვოკატმა თქვა, რომ მათი მიზანი ამ საქმის სწრაფად დასრულებაა სასამართლოში, შესაბამისად აპირებენ მომდევნო სხდომაზე ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურას აქვს, უდაო გახადონ.

"ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, მტკიცებულებების უდავოდ გახდა იმას არ ნიშნავს, რომ ბრალს ვეთანხმებით, უდავოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ დაველოდებით, სასამართლო რას იზამს, მას არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას“, - უთხრა ჩომახაშვილმა მედიას.

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, მხარეს 5 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეკითხვები არ აქვს, რადგან გამოძიებამ საქმეში საჭირო ყველა მტკიცებულება მოიპოვა.

მომდევნო პროცესი 17 ივნისს, 11:00-ზე დაინიშნა.

ზურა ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს, სასამართლოს დარბაზში. ზურა ჯაფარიძე მეორე პოლიტიკოსი გახდა ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობის და გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში ამავე ბრალდებით დააკავეს ნიკა მელიაც, პარტია ახალის თანადამფუძნებელი.

ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.

სრულად წაკითხვა