თემურ ქეცბაია - მუდამ ერთ-ერთი ჩვენგანი

2 months ago 47
  • დღეს თემურ ქეცბაიას დაბადების დღეა
  • ქართული ფეხბურთის ლეგენდა 56 წლის გახდა

თემურ ქეცბაია ერთხელ მყავს ნანახი. ოთახში სულ სამნი ვიყავით, როცა შემოვიდა. მაშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და გადაცემაში მოვიდა. ქართველ ფეხბურთელებს თითქმის ყველას შევხვედრილვარ და მინახავს, ქეცბაიაზე ეგრევე იგრძნობდი, რომ ყველასგან განსხვავებული იყო - გამორჩეული შინაგანი ძალით, ცოტა პირქუში, სიტყვაძუნწი, სერიოზული და ჩვენთვის სახასიათო ბევრი, ხშირად ზედმეტი და არაფრისმომცემი ლაპარაკის გარეშე. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ რაც იგრძნობოდა, რაღაცნაირი ვულკანივით ძალა ჰქონდა შიგნიდან. ცოტა ხანში გადაცემაში გადაინაცვლა და ეგ იყო, მეტი აღარც მინახავს.

'90-იანების საქართველოს ნაკრებში მისი სხვებზე უფრო მეტად გეიმედებოდა, რადგან იცოდი, რომ თამაში და მოგება-წაგება მისთვის თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია'

გამორჩეული იყო მოედანზეც. სხვანაირი ჟინით, თავდადებით და სერიოზულობით თამაშობდა. იცოდი, რომ ყველაფერს გაიღებდა. იმ ძალიან ნიჭიერ გუნდში, 90-იანების საქართველოს ნაკრებში მისი სხვებზე უფრო მეტად გეიმედებოდა, რადგან იცოდი, რომ თამაში და მოგება-წაგება მისთვის თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.

რაღაცნაირი კარგი სპორტული აგრესიით, მეტოქის კარზე დაგეშილობით და დინამიკურობით იყო გამორჩეული. იმ გუნდს ბევრი, შეიძლება ზედმეტად ბევრი ჰქონდა ტექნიკა, თბილისის ქუჩების ‘მატაობა’, ბურთის აქეთ-იქით თრევა. სამაგიეროდ, აკლდა ტაქტიკური განსწავლულობა, დისციპლინა და ორგანიზაცია. ქეცბაიას ეს ყველაფერი ჰქონდა და ფეხბურთსაც სხვანაირად თამაშობდა. სწორედ ამიტომ, მისი მონდომების და თავგადადებულობის გამო, გულშემატკივარს ის ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა.

საქართველოს ნაკრებში 52 თამაშში 17 გოლი აქვს შეგდებული, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის ძალიან ბევრია. სიღრმიდან ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში, ორივე ფეხით კარგად ურტყამდა, შემტევ ნახევარმცველადაც შეეძლო თამაში და მეორე ფორვარდადაც. შოთის აიაქსის, კალაძის მილანის და ქინქლაძის პრემიერლიგური ამბების ფონზე, თითქოს ქეცბაიას ამბავი ცოტა ჩაკარგულია - არადა, ძალიან მაგარ ნიუკასლში ითამაშა სამი წელი. მისი გოლით გავიდა ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, როცა დამატებითში, ლიგის საკვალიფიკაციოზე ზაგრების კროაციასთან შეაგდო. იქაც, ინგლისში ნიუკასლის გულშემატკივარს განსაკუთრებით უყვარდა.

ნიუკასლამდე კიდევ ათენის აეკი იყო, ბერძნული გრანდი და არცთუ ისე ხელწამოსაკრავი გუნდი. თასები აქვს იქ მოგებული და ევროთასებზეც ბევრი გაუტანია, მათ შორის ბაჯოს იუვენტუსთანაც.

'საქმის და მოქმედების ადამიანია და არა ლაპარაკის'

მასზე უფრო ბევრი რამ გვსმენია, ვიდრე ზუსტად ვიცით. თვითონ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს. მსმენია, რომ აფხაზეთიდან, გალიდან, კონფლიქტის პერიოდში ერთხელ ათეულობით კილომეტრი გამოიარა ფეხით იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეერთებოდა. ისიც არაერთხელ მსმენია, რომ საბერძნეთში და კვიპროსში არაერთ ქართველს დახმარებია და გვერდში დასდგომია, თანაც ისე, რომ მერე ეს არასოდეს არ ხმაურდება. საქმის და მოქმედების ადამიანია და არა ლაპარაკის.

გარედან თითქოს საკონტაქტოდ ხისტი კაცია. არადა, მგონია, ბევრ მაგარ ამბავს და ისტორიას ატარებს. მისი ეს ცოტა სიხისტე თუ სიმკაცრე გასაგებიც არის - აფხაზეთიდან წამოსულ კაცს, 90-იანების საქართველოდან ცოტა სიხისტე და შინაგანი სიმძიმე რომ მოჰყვებოდეს, ბუნებრივი და ლოგიკურიც არის. ასე მგონია, რადგან ზუსტად არ ვიცი - თემურ ქეცბაიას არ ვიცნობ. ზოგადად, საქართველოდან თავი შორს უჭირავს ხოლმე, ამ ცოტა ზედაპირული და აფერისტული ქვეყნისთვის ზედმეტად ნაღდია.

აქედან მოდის მისი კონფლიქტის ამბავი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის დროს. ქეცბაია ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მას შემდეგ გახდა, რაც კვიპროსული ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. იქამდე, ანორთოსისმა საკვალიფიკაციოში ტრაბზონს მოუგო. კვიპროსული გუნდისთვის თურქულ ტრაბზონთან გამარჯვება იმავეს ნიშნავს, ჩვენი დინამო რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს და გზაში მოსკოვის სპარტაკს მოუგოს. თემური ამ გამარჯვებით უკვე ისტორიის ნაწილია.

ლიგაზე ანორთოსისი ისე გავიდა, რომ კიდევ ერთ პრინციპულ შეხვედრაში ბერძნული პირეოსის ოლიმპიაკოსი გაანადგურა, შემდეგ ჯგუფშიც 6-დან მხოლოდ ორი თამაში წააგო და მეორე ადგილზე გასულ ინტერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

ქეცბაიას საფეხბურთო გემოვნება, ესთეტიკა თუ პრინციპები ბერძნულ თუ კვიპროსულ საფეხბურთო კულტურაში ჩამოყალიბდა. მის გუნდებს ეხერხებოდათ დაცვიდან თამაში, ბრძოლა და თამაშის კარგი ორგანიზაცია.

'ქეცბაიასთვის ფეხბურთი და ზოგადად ყველა საქმე, რომელსაც აკეთებს, ზედმეტად სერიოზულია'

საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას დახვდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თაობა, დემორალიზებული გუნდი და საქმისადმი ჩვენებური ზერელე და ზედაპირული დამოკიდებულება. კონფლიქტიც აქედან დაიწყო. თემურ ქეცბაიასთვის ფეხბურთი და ზოგადად ყველა საქმე, რომელსაც აკეთებს, ზედმეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავი იყო იმისთვის, რომ ეს ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი მოეთმინა. თან ისეთი ადამიანია, თუ ვერ გაუგებ, ეცდება, რომ ყველა ხერხით გაგაგებინოს. არასერიოზულობას, საქმისადმი დაუდევრობას და გუნდისთვის მოედანზე თავის არმოკვლას არ გაპატიებს.

ორი სრული შესარჩევი იყო ნაკრების მწვრთნელი (მესამე ციკლი ვეღარ დაასრულა), თან ერთხელ საფრანგეთი და ესპანეთი ერთად ამოუვიდა ჯგუფში. ამის ფონზე, ნაკრების მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს დაგროვებული ქულების მიხედვით.

იმ კონფლიქტში თემური მართალი იყო. თუ რამე შეეშალა, პოლიტიკაში და დიპლომატიაში და არა შინაარსში. ნაკრების მწვრთნელი როცა ხარ, ეს პოლიტიკური საქმეც არის, შენს საუბარს მთელი ქვეყანა უსმენს და სიფრთხილე, სათქმელის შეფუთვა გჭირდება. მისი მწვრთნელობის ბოლო პერიოდში ნაკრების გარშემო ზედმეტად ტოქსიკური გარემო და აურა იყო. სხვანაირად ყველამ ვიცით, რომ შინაარსობრივად რასაც ამბობდა, ნაღდს და მართალს. ზოგადად, სხვა დროა - მედიის, სოციალური ქსელების და სწორად ლაპარაკის. ფეხბურთიც შეიცვალა. ახლა უკვე ქეცბაიას გუნდები თანამედროვე სტანდარტით ყველაზე პროგრესულ ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობენ.

ფეხბურთი ხანდახან ძალიან ცინიკურიც შეიძლება იყოს. სხვანაირად ვერ ახსნი იმას, რომ თემურს ბოლო შესარჩევშუ მაინც და მაინც საქართველო შეხვდა ჯგუფში. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან არ უნდოდა. ტრიბუნები, რა თქმა უნდა, ოვაციით შეხვდა, როგორც ქართული ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. თემურს ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული და კონკურენტი და მეტოქე არასოდეს იქნება. მუდამ ერთ-ერთი ჩვენგანია.

სრულად წაკითხვა