თუშიშვილის ოქრო! თბილისის გრანდ სლემი 5 მედლით დავასრულეთ

1 month ago 54

თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა! შეჯიბრის ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გრანდ სლემი მძიმე წონით დაიხურა, რომელშიც გურამ თუშიშვილმა ოქრო, ხოლო საბა ინანეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ვერცხლს აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური დაეუფლა.

ბრინჯაოსთვის ყაზახი მეტოქე დაამარცხა

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ფინალამდე გერმანელი ერიკ აბრამოვი, მონღოლი პერენლეიამც უსუხბაიარი, სლოვაკი მარიუს ფიზელი და ყაზახი იერასილ კაჟიბაიევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გურამი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შეხვდა, რომელიც ბრწყინვალე სტილში, 51 წამში იპონით დაამარცხა. გურამმა თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო, ისე კი, 2018 წელს, თბილისის გრან პრიც აქვს მოგებული.

ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა საწყის ორ წრეში მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუ და ყაზახი გალიმჟან კრიბკაი დაამარცხა, შემდეგ კი უშანგი კოკაურთან წააგო, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში გერმანელი ლოსენი კონე დაჯაბნა. ამგვარად, ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს დაუპირისპირდა, რომელიც წუთსა და 2 წამში იპონით ძალიან ადვილად დაამარცხა. ისიც ვთქვათ, რომ თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა, რადგან ზედიზედ მე-7 წელია მძიმე წონაში ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი გახდა.


ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 5 მედლით (4 ოქრო, 1 ბრინჯაო) არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

თბილისის გრანდ სლემიდან აქტიური სპორტიდან გააცილეს ქართული ძიუდოს ლეგენდები - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.

სრულად წაკითხვა