ილია თოფურიამ დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა

1 month ago 40

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ "დინამო არენაზე" ქამარი წარადგინა - 27 წლის ქართველი მებრძოლი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ 55 ათასი გულშემატკივრის წინაშე წარსდგა და ახლა, სავსე ტრიბუნებიდან საქართველოს ნაკრებს უქომაგებს.

"დღეს დიდი დღეა და ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ევროპაზე გავა", - აღნიშნა ილიამ მატჩის დაწყებამდე.

თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამრის მოსაპოვებლად ლეგენდარული სპორტსმენი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. როგორც იცით, ილია ესპანეთში ცხოვრობს და ამ გამარჯვების შემდეგ ის გახდა პირველი ქართველი და ესპანელი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მას მაგარი დახვედრა მოუწყვეს - ქართველი მებრძოლი აეროპორტის გასასვლელამდე პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ მიაცილა, იქ კი მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ამის შემდეგ კი მან საჩემპიონო ქამარი სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის რეალისა და სევილიას შეხვედრამდე წარადგინა, შემდეგ კი ბურთი თამაშში შეიყვანა.

ხვიჩა კვარაცხელია, ილია თოფურია და ლევან კობიაშვილი

მალევე თოფურიამ ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამის შესახებ ესპანეთის სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა და თბილისში მას ათასობით გულშემატკივარი დახვდა. ამ დროის განმავლობაში ის ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

დღეს ილია She Loves The Gloves-ს შეხვდა და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნახვაც "ევროპოპის" YouTube-არხზე შეგიძლიათ.

სრულად წაკითხვა