ისრაელის საჰაერო დარტყმას ღაზაში ექვსსულიანი ოჯახი ემსხვერპლა, იუწყებიან მედიკოსები

5 days ago 25

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 21 ივლისს, ღაზაში მამა, მისი ცოლი და ოთხი შვილი დაიღუპა, ხოლო მათ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, განაცხადეს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.

ეს არის ბოლო სისხლიანი თავდასხმა ღაზაში აშშ-ს მხარდაჭერით ცხრა თვეზე მეტი ხნის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

მედიკოსების თქმით, საბრას უბანში მდებარე სახლზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა დედა-მამა და მათი სამი შვილი.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს დარტყმა და განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მებრძოლი იყო და ისინი ჯერ კიდევ იძიებენ თავდასხმის შედეგებს.

Reuters-ის სააგენტოს მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები სახლში ხანძრის ჩაქრობას და თეთრ ნაჭერში გახვეული ცხედრების გამოტანას.

ოჯახის პაპამ, Reuters-ს უთხრა, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ყველას ეძინა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ მოკლეს ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ოთხი მებრძოლი, რომელთაგან სამი, მათი თქმით, მონაწილეობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში, რომელსაც მოჰყვა ღაზის ომი.

21 ივლისს ისრაელის საჰაერო დარტყმა განხორციელდა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სხვები დაშავდნენ, განაცხადეს პალესტინელმა ექიმებმა. ისრაელის სამხედროებმა ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.

ღაზას ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ისრაელსა და ჰამასის მებრძოლებს შორის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვს 1160-ზე მეტი პალესტინელი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები შეემატა.
ჰამასი, როგორც წესი, დანაკარგებზე მონაცემებს არ ავრცელებს.

ცეცხლის შეწყვეტის შედეგად სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები შეჩერდა, მაგრამ ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმები არ შეწყვეტილა.

ისრაელი აცხადებს, რომ ის მებრძოლებს ესხმის თავს.
იმავე პერიოდში ღაზაში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.

შუამავლები, მათ შორის ეგვიპტე, კატარი, თურქეთი და შეერთებული შტატები, ცდილობდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმის წინ წაწევას, რომელიც ჰამასის განიარაღებას და ისრაელის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, მაგრამ წინსვლა არ არის.
ისრაელმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება 2023 წელს დაიწყო ღაზის სექტორში მას შემდეგ, როდესაც ჰამასის მეთაურობით მებრძოლებმა სამხრეთ ისრაელში მოაწყვეს ოპერაცია, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 250 მძევალი აიყვანეს.

ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის შემდგომმა თავდასხმებმა 73 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა. თითქმის მთლიანად განადგურებული ღაზის მოსახლეობის თითქმის 2 მილიონი ადამიანი ამჟამად სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე პატარა ზოლზე, ძირითადად დროებით კარვებში ან დაზიანებულ შენობებში მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში ცხოვრობს.

სრულად წაკითხვა