იმიგრანტებს კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იტალიის ეკონომიკაში. ახალი კვლევის თანახმად, 2025 წელს მათ იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტში 12,6 მილიარდი ევრო შეიტანეს საშემოსავლო გადასახადის სახით.
მონაცემები Leone Moressa-ს ფონდის კვლევას ეფუძნება, რომელიც მომზადდა ყოველწლიური ანგარიშის – „იმიგრაციის ეკონომიკის“ ფარგლებში. კვლევის ძირითადი წინასწარი დასკვნები იტალიურმა ეკონომიკურმა გამოცემამ Il Sole 24 Ore-მ გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, დღეს იტალიაში უცხოეთში დაბადებული 5 156 370 ადამიანი ცხოვრობს. ამ რიცხვში შედიან ისინიც, რომლებმაც მოგვიანებით იტალიის მოქალაქეობა მიიღეს. მთლიანობაში ისინი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 9,4%-ს შეადგენენ.
იტალიაში დასაქმებულმა უცხოეთში დაბადებულმა გადასახადის გადამხდელებმა 2025 წელს საერთო ჯამში 87,9 მილიარდი ევროს შემოსავლის დეკლარირება მოახდინეს. 2014 წელთან შედარებით, ინფლაციის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 58%-ით გაიზარდა.
2025 წელს იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის საერთო მოცულობის დაახლოებით 6,7% იმიგრანტებზე მოდის.
ამასთან, იმიგრანტი გადასახადის გადამხდელის საშუალო წლიური შემოსავალი 17 670 ევროა, მაშინ როდესაც იტალიაში დაბადებული მოქალაქეების საშუალო წლიური შემოსავალი 26 920 ევროს აღწევს.
კვლევა აჩვენებს, რომ გადასახადის გადამხდელი იმიგრანტების თითქმის 38% წელიწადში 10 000 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ხოლო დაახლოებით 40%-ის შემოსავალი 10 000-დან 25 000 ევრომდე მერყეობს.
მაღალი შემოსავალი – წლიურად 50 000 ევროზე მეტი – უცხოელი გადასახადის გადამხდელების მხოლოდ 2,5%-ს აქვს, მაშინ როდესაც იტალიაში დაბადებულ მოქალაქეებში ეს მაჩვენებელი 8,4%-ს აღწევს.
ექსპერტების შეფასებით, განსხვავება იმით აიხსნება, რომ იმიგრანტების დიდი ნაწილი შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებშია დასაქმებული, როგორიცაა:
- ოჯახში მოვლის მომსახურება (Colf e Badanti);
- ლოგისტიკა;
- სოფლის მეურნეობა;
- მშენებლობა;
- რესტორნებისა და კვების სფერო.
გარდა ამისა, შემოსავლებზე გავლენას ახდენს უცხოური დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული სირთულეები, ენობრივი ბარიერი და არასრული დასაქმების უფრო მაღალი მაჩვენებელი.
ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავალი უცხოელ დასაქმებულებს ლომბარდიაში, ემილია-რომანიაში, ვენეტოსა და ფრიული-ვენეცია-ჯულიაში აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი – კალაბრიაში.
შესაბამისად, საგადასახადო შენატანების მოცულობით ლომბარდია ლიდერობს, სადაც უცხოელმა გადასახადის გადამხდელებმა ბიუჯეტში 2025 წელს 3,4 მილიარდი ევრო შეიტანეს.
კვლევის ავტორთა შეფასებით, წარმოდგენილი მონაცემები ადასტურებს, რომ იმიგრანტების წვლილი იტალიის ეკონომიკაში მხოლოდ მათ მიერ შესრულებული სამუშაოთი არ განისაზღვრება – ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემავსებლებიც არიან. მიუხედავად ამისა, მათი საშუალო შემოსავალი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იტალიაში დაბადებული მოქალაქეების საშუალო შემოსავალს.
ნინო ხოშტარია

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·