თბილისის მერი კახა კალაძე ფედერაციის დაჯილდოებას დაესწრო და საზოგადოებას კომენტარიც შესთავაზა.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივესალმო ჩვენს ვეტერანებს და პირველ რიგში, მადლობა გითხრათ თქვენ, რადგან ქართული ფეხბურთის წარმატება დაიწყო თქვენგან, თქვენი წინა თაობიდან. პირადად მე თქვენს თამაშებზე გავიზარდე და ის, რომ სპორტში წარმატებას მივაღწიე, თქვენი დიდი დამსახურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და ეს იყო თითოეული ქართველის ოცნება. მე, როგორც სპორტსმენს, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა შესაძლებლობა, გავსულიყავი ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა გულშემატკივრის როლში ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და აჩვენა საუკეთესო ფეხბურთი. უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოს ნაკრებს ჩვენს საზღვრებს გარეთ.
ჩვენი მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს წარმატებული. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, ასევე, გულშემატკივარს, ადამიანებს, რომელთაც ბოლო თანხები დახარჯეს, რათა გერმანიაში ჩამოსულიყვნენ და ეროვნული ნაკრებისთვის ექომაგათ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება გველოდება.
- თქვა კალაძემ.