მსახიობი კახა კინწურაშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი უფლებაა იდგეს უსამართლობის წინააღმდეგ:
“ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დაიწყო მასობრივი პროტესტი. ხალხის დასისიხლიანების მერე რეჟიმმა აიყვანა ტყვეები და იმედი ჰქონდა რომ მათ გატეხავდა, ცრუ ჩვენებას მიაცემინებდა და პარტიულ ჯგუფურ დანაშაულში მოხარშავდა საზოგადოებრივ უკმაყოფილებას.
დატყვევებული ადამიანები არ გატყდნენ!
მათი უდანაშაულობა რომ არ გამოსულიყო სააშკარაოზე, აკრძალეს სასამართლო პროცესების გაშუქება და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერიც კი არ მისცეს პატიმრების ოჯახის წევრებს!
სამთავრობო მედიებმა განაჩენის გამოტანამდე ისინი შერაცხეს სახელმწიფო გადამტრიალებლებად, დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმცია.
იგივე გააკეთა კობახიძემ, მდინარაძემ, კალაძემ და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.
მთავარმა გამომძიებლებმაც კი ვერ დაამტკიცეს ჯგუფური დანაშაულის კვალი და მაინც 2 წლით პატიმრობა შეუფარდეს ბიჭებს ჯგუფური დანაშაულის მუხლით.
იგივე მზია ამაღლობელზე, ცილი დასწამეს რომ დაურეკეს და დაავალეს!
სწორედ ამიტომ არიან ისინი სინდისის პატიმრები!
ტროლბოტების და უამრავი რესურსის გამოყენების მიუხედავად, ბიჭები ვერ გასვარეს და საერთო უკმაყოფილება პარტიულ რადიკალიზმში ვერ მოხარშეს.
მიუხედავად რეჟიმის მცდელობებისა, საზოგადობის ნეიტრალურად განწყობილი ნაწილიც კი აცნობიერებს ამ ამბის აბსურდულობას და რეჟიმისთვის ეს არის წამგებიანი მდგომარეობა!
პარალელურად რუსთაველის გამზირის უწყვეტ პროტესტს, რომელიც ფარია საზოგადოების ქართული ოცნების დანაშაულების და ბოროტების წინააღმდეგ, ვერაფერი მოუხერხეს.
თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ რუსთაველზე მდგარი ადამიანების უმრავლესობა უპარტიო, მშვიდობიანი და უკომპრომისოა!
მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის სამასზე მეტი დღე არის საზოგადობის რუტინული მშვიდობიანი წინააღმდეგობის და სინდისის პატიმრების თავგანწირვის შედეგი, იმედი ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბების! ყოველდღიური შეხსენება შიდა თუ გარე საზოგადოებისთვის, რომ ამ რეჟიმს ნდობა არ აქვს!
ამ ყველაფრის გასაქარწყლებლად დაბუსტული “ლიდერებით” და ადვილად მორღვეული ღობეებით შეიქმნა სურათი, რომ ყველა ვინც რუსთაველზე გამოვიდა არის რადიკალი, აგენტი და კრიმინალი. ამ აზრს ანვითარებენ რამდენიმე თვეა და შსს-მ გამოაცხადა, რომ ვინც დღეიდან რუსთაველზე გავა გუშინდელი ძალადობრივი აქციის მონაწილე ხდება ავტომატურადო!
312 დღეა ვდგავარ და ვიცავ კონსტიტუციას, სახელმწიფოს, ოჯახს, მეგობრებს და ქვეყნის მომავალს.
არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომწოდებელი ან მონაწილე.
ჩემი უფლებაა ვიდგე უსამართლობის წინააღმდეგ რაც არ უნდა უიმედოდ გამოიყურებოდეს გარემო და ამ უფლებას არავის დავუთმობ!”