კვარა ჩქარობს - იტალიური მედია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1 month ago 21
  • ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, ხვიჩამ ნაპოლის ერთი მატჩი უკვე გამოტოვა
  • მედია ვარაუდობს, რომ 23 წლის ქართველი მონცასთან სასტარტოში გამოჩნდება

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა, არის მოლოდინი, რომ 23 წლის ქართველი შემტევი მომავალ უქმეებზე ნაპოლის დახმარებას შეძლებს. კვარასთან დაკავშირებით დადებით პროგნოზს იტალიური მედია აკეთებს, რომლის ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში (0:0, პენ: 4:2) მიიღო. კვარამ "დინამო არენაზე" საზარდული გაიჭიმა და მოედანი 109-ე წუთზე დატოვა. ნეაპოლიში დაბრუნებულ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და "მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა" დაუდგინდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გამოტოვა 30-ე ტურის საშინაო მატჩი ატალანტასთან (0:3), თუმცა არის იმედი, რომ კვირას მონცასთან პირველი წუთებიდანვე ითამაშებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ის მოედანზე ინდივიდუალური ვარჯიშით შემოიფარგლა, ეს უფრო საფუძვლიანი ფიქრია, ვიდრე სიახლე - კვარაცხელია მონცას არენაზე შეტევაში პირველი წუთებიდან გამოჩნდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, საბერძნეთთან მატჩში მიღებული ტრავმისა და ატალანტასთან გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა მოედანზე დაბრუნებას ჩქარობს. სასტარტო შემადგენლობაში ოსიმენთან ერთად მისი დაბრუნება, ევროსაგზურისთვის (ევროპალიგის ან კონფერენსლიგის) გიჟურ ბრძოლაში ჩაბმულ ნაპოლის როგორც არასდროს სჭირდება", - წერს Corriere dello Sport. 

კვარამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა

ნაპოლის სერია A-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. ფრანჩესკო კალცონას გუნდი 7 აპრილს სტუმრად მონცას დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა საკლუბო ტურნირის 38 მატჩში გატანილი 10 გოლი, შესრულებული 6 საგოლე გადაცემა და მოპოვებული 2 პენალტია.

სრულად წაკითხვა