კვარაცხელიას დუბლი და ასისტი, ოსიმენის ჰეთ ტრიკი - ნაპოლიმ სასუოლო გაანადგურა 

2 months ago 65
  • სასუოლო 1:6 ნაპოლი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა

როგორც იქნა, ნაპოლიმ ჩემპიონს რომ ეკადრება ისეთი თამაში აჩვენა - სტუმრად აუტსაიდერი სასუოლო 6:1 გაანადგურა. 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიასაც სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმზე ითქმის, რომელშიც მან ორი გოლი გაიტანა, მანამდე კი ვიკტორ ოსიმენს დუბლი შეასრულებინა. თავის მხრივ, ნიგერიელს 3 გოლი და 1 საგოლე პასია. 

ხვიჩამ და ვიკტორმა ერთად 5 გოლი გაიტანეს

არადა, ნაპოლიმ ცუდად დაიწყო - სასუოლო მე-17 წუთზე სერბმა ნახევარმცველმა უროშ რაჩიჩმა დააწინაურა. 29-ე წუთზე ზამბო ანგისას ქუსლური პასის შემდეგ რაჰმანიმ გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლომდე ვიკტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა. 

ხვიჩას პირველ ტაიმში საგოლე ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა დაიწყო მეორე ტაიმი და მან 47-ე წუთზე მცველის პასი ჩაჭრა და ოსიმენს გაატანინა, 4 წუთში კი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. მატჩს წერტილი ქართველმა შემტევმა 75-ე წუთზე განმეორებითი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. 

26 მატჩის შემდეგ ნაპოლის 40 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, გუნდს მე-5 ადგილამდე (რომელიც, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანია) 6 ქულა აშორებს. კვარაცხელია და კომპანია 3 მარტს "დიეგო არმანდო მარადონაზე" იუვენტუსს მასპინძლობს. 

WhoScored-მა პირველი შეფასება (რომელიც შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს) მაქსიმალური დაუწერა - 10.00! 

კვარაცხელიას ჰქონდა 9 დარტყმა, აქედან 3 ზუსტი, 5 მნიშვნელოვანი პასი, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ, მისი ხუთი ჩაწოდებიდან 4 ზუსტი იყო, პასების 94% კი - ზუსტი, მაგრამ ხვიჩას არ ჰქონია არცერთი წარმატებული დრიბლინგი, რაც ძალიან უცნაურია. 

კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი

საინტერესო ფაქტები

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში სერია A-ში 8 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. შარშანდელი მიღწევა 12 გოლი და 10 საგოლე პასია. 

🟠 ხვიჩამ სერია A-ში საიუბილეო, მე-20 გოლი გაიტანა (58 თამაში).

🟠 ხვიჩამ დღეს 4-მატჩიანი მშრალი (არც გოლი, არც საგოლე პასი) სერია დაასრულა. 

🟠 ნაპოლის მაისურით დუბლი ხვიჩამ სულ მესამედ შეასრულა.

🟠 ორი გოლი და საგოლე პასი მას ნაპოლის მაისურით აქამდე არ ჰქონია, თუმცა 1+2 ორჯერ ჰქონდა - იმავე სასუოლოსთან და იუვენტუსთან.

🟠 ორი გოლი და საგოლე პასი ხვიჩას ბოლოს 2022 წლის აპრილში გაგრას წინააღმდეგ ჰქონდა. 

სრულად წაკითხვა