კვარტალმა ჩემპიონი დაამარცხა და ქალთა ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს

2 months ago 50
  • კვარტალი 1:0 ლანჩხუთი
  • ლიდერების მატჩი დედაქალაქელების გამარჯვებით დასრულდა
  • მესამე ტურის მატჩს ორივე გუნდი უდანაკარგოდ შეხვდა

ქალთა ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ მოლოდინები გაამართლა. 

საფეხბურთო კლუბ კვარტალისა და მოქმედი ჩემპიონის, ლანჩხუთის, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

თბილისელები მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტიც შექმენს. პირველ ნახევარში დანელია და ეჯიბია ძირითადად შორეული დარტყმებით აქტიურობდნენ, სტუმართა მეკარე კი კარგად გამოიყურებოდა. ყველაზე რეალური მომენტი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს, ნათია დანელიას, ტაიმის ბოლოს შეექმნა. კვარტალის კარგად გათამაშებულ სტანდარტს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, დანელიას დარტყმა კი კარის ხაზიდან გამოიტანეს. პირველ ნახევარში ჩემპიონებს კვარტალის საჯარიმოსთან მომენტი არ ჰქონიათ, საბოლოოდ გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმი კვლავ კვარტალის უპირატესობით დაიწყო, რაც ძალიან მალევე შედეგშიც აისახა. მოედნის ცენტრში ლანჩხუთელთა შეტევის ჩაშლის შემდეგ სალომი დიმოპულუმ ეჯიბიას იდეალური გადაცემა გაუკეთა, კვარტალის შემტევმა კი მეკარისგან შორეულ კუთხეში ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0.

მეგი ეჯიბიას ემოციები ლანჩხუთის კარში გატანილი გოლის შემდეგ

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. შეხვედრის მიწურულს გიორგი ჩხაიძის გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეთერ სულაშვილმა, კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარისკენ გაუშვა და კვარტალი ხარიხამ გადაარჩინა.  

დარჩენილ დროში თბილისელები მეტოქის ნახევარზე სივრცეებს კარგად ითვისებდნენ და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევაც ჰქონდათ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 1:0 - კვარტალმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო გასული სეზონის ტრიუმფატორი, ნათია დანელია, რომელიც თითქმის ყველა შეტევის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, ლანჩხუთელებს კი ჯარიმის გარეშე მისი შეჩერება უჭირდათ.

ნათია დანელიამ ლანჩხუთის წინააღმდეგ მაგრად ითამაშა

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ ქალთა ეროვნულ ლიგას საფეხბურთო კლუბი კვარტალი ერთპიროვნულად ლიდერობს. შალვა ფირცხალავას გუნდს 3-დან 3 მოგება აქვს და მათ სამივე შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლეს. თბილისელები მომდევნო ტურში 24 მარტს, სტუმრად ნიკე-სულოს წინააღმდეგ ითამაშებენ, ლანჩხუთელები კი ბათუმს უმასპინძლებენ.

სრულად წაკითხვა