კვეკვესკირი: ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია

1 month ago 29
  • ნიკა კვეკვესკირის ინტერვიუ ლეხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
  • ქართველმა ფეხბურთელმა საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, რომელიც საბერძნეთთან ფინალში გადამწყვეტი პენალტის ავტორი გახდა, პოზნანის ლეხში დაბრუნდა.

ევრო 2024-ზე გასვლასთან დაკავშირებით, პოლონურმა კლუბმა ნიკასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა დეტალურად ისაუბრა.

"ძნელია სიტყვებით გადმოსცე, თუ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, პირველად გავედით დიდ ტურნირზე. ჩვენი ქმედებით ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, რომ მას ვეკუთვნით, ამიტომ, ეს წარმატებაც დიდი ნაბიჯია ჩემი ქვეყნისთვის ამ მიმართულებით. საოცარი და უაღრესად ამაღელვებელი გრძნობაა", - ამბობს კვეკვესკირი.

ნიკამ თქვა, რომ პენალტის შესრულების მომენტში დიდ სტრესს განიცდიდა, მაგრამ ცდილობდა საკუთარი თავი დაემშვიდებინა:

"როცა ბავშვი ხარ, ოცნებობ და წარმოიდგენ, რომ შენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი გოლი გაიტანე. ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. გამიმართლა, რომ ჩემი პენალტი ბოლო იყო. დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, სტრესის ქვეშ ვიყავი, რადგან იმ წამებში ზურგით მთელი ქვეყნის ტვირთის ზიდვამ მომიწია. მით უმეტეს, როცა ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე ჩემთვის. ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი, სუნთქვა შემეკრა, რათა ჩემს სტილში დამერტყა, როგორც ყოველთვის ვასრულებდი პენალტებს. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სტრესს ვგრძნობდი".

კვეკვესკირის პენალტი ისტორიულია

კვეკვემ ასევე აღნიშნა, რომ პლეი ოფის მატჩებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა ყოველდღიური რუტინაც კი შეცვალეს, რათა საუკეთესო ფორმაში ყოფილიყვნენ:

"არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ გავედით პლეი ოფში. ეს ერთა ლიგის წყალობით შევძელით, ჯგუფურ ეტაპზე პრაქტიკულად ყველა მატჩში ვითამაშე. გუნდში მნიშვნელოვანი ვარ, გუნდის ვიცე-კაპიტანი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, პლეი ოფის თამაშებში სასტარტო შემადგენლობაში არ ვიყავი. მომიწია ამასთან შეგუება, რადგან ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩემი ქვეყნისთვის. ვცდილობდი, გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ეს სრულიად ნორმალურია. ველოდი, რომ სათადარიგო სკამზე ვიქნებოდი, რადგან ბოლო დროს ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ლეხშიც დიდი კონკურენციაა.

2020 წელს დიდი ტკივილი განვიცადეთ ფინალის წაგების გამო. ეს მოხდა კორონავირუსის დროს და ტრიბუნებზეც არავინ იყო, გულშემატკივრების მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდით, ატმოსფერო ძალიან დამთრგუნველი იყო. იმ ფინალის წინა დღეს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. ალბათ, მაშინ მზად არ ვიყავით, მაგრამ ახლა მთელი ქვეყანა ჩვენთან ერთად იყო, მათი მხარდაჭერა საოცარი და ფასდაუდებელი იყო. ვგრძნობდი, რომ შესაფერისი მომენტი იყო. მივხვდი, რომ ახლა მზად ვიყავით და დავიმსახურეთ ეს წარმატება. ამ მატჩებამდე ბევრმა ფეხბურთელმა, მათ შორის მეც, შეცვალა ცხოვრების წესი, ვარჯიში და მატჩისთვის მზადების პროცესი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ პლეი ოფისთვის საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით", - თქვა ნიკამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მას შემდეგ 59 მატჩი ჩაატარა.

სრულად წაკითხვა