'კიდევ ერთი მაგია' - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშზე

2 months ago 29

სერია A-ს 28-ე ტურში ნაპოლი შინ ტორინოს დაუზავდა (1:1), ხვიჩა კვარაცხელიამ კი ისევ შესანიშნავად ითამაშა.

ქართველმა შემტევმა გოლი ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა და ყველაფერი გააკეთა, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონს მოეგო, თუმცა, მას თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს. გასაკვირი არ ყოფილა, რომ იტალიური მედიისთვის კვარა საუკეთესო იყო.

Calcionapoli1926 – 7.5 ქულა: "პირველ ტაიმში ორჯერ ახლოს იყო გოლთან: ჯერ მარჯვენა ფეხით, შემდეგ - თავით, მაგრამ ორჯერვე მეკარე ბრწყინვალე იყო. მეორე ტაიმში დიდებული გოლი გაიტანა, კომბინაციაც თავად დაიწყო: კიდევ ერთი მაგია. ბოლოს მილინკოვიჩ-სავიჩმა გამარჯვების გოლი არ გაატანინა".

Sport.virgilio 7 ქულა: "დიახ, მილინკოვიჩ-სავიჩის მოგერიება შესანიშნავი იყო, მაგრამ მომენტი, რომელიც მატჩის დასაწყისში ვერ გამოიყენა, დაუჯერებელია. შემდეგ კიდევ სცადა და გამოუვიდა. მეორე ტაიმში ანგარიში მან გახსნა, ხოლო შემდეგ ყველანაირად ცდილობდა, რომ მის გუნდს თამაში მოეგო".

Tuttonapoli – 7 ქულა: "მე-14 წუთზე დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ ზედმეტად ცენტრში დაარტყა. თავით ვარდნაშიც ახლოს იყო გოლთან. მერე კი მარიო რუისთან შესანიშნავი სამკუთხედით გოლი მაინც გაიტანა. ერთადერთი, ვინც ყველანაირად ცდილობდა გამარჯვებას".

Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: "იმ დღეს, როცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანი იქნება, მასზე ვისაუბრებთ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე. მას მხოლოდ ეს ბოლო ნაბიჯი აკლდება და მატჩის დასაწყისში განიავებული მომენტი სწორედ ამაზე მეტყველებს. დღეს გოლი მაინც გაიტანა, არცთუ ბანალური, მარიო რუისთან კომბინაციის შემდეგ. ბოლოს სწორედ ის ატარებდა გუნდს მხრებით, პრაქტიკულად ყველგან ის გვხვდებოდა. ისევ საუკეთესო იყო".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა.

ნაპოლი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზამდე, 17 მარტს, სტუმრად ინტერს შეხვდება, თუმცა მანამდე ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ბარსელონას უმასპინძლებს (12 მარტს).

სრულად წაკითხვა