“კიდევ ერთი პოლიციელი დაუნიშნეს რეგიონებს” – რას ნიშნავს მდინარაძის ახალი თანამდებობა

1 hour ago 2

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ბოლო 1 წელში მესამე თანამდებობას უცვლიან. მდინარაძისთვის, რომელიც წლის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, 3 თვის წინ ახალი თანამდებობა შექმნეს სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისთვის კიდევ ერთ ახალ თანამდებობას ჩამოაყალიბებენ  რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის.

რას ნიშნავს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა და რამდენად უკავშირდება ის რეალურად რეგიონების განვითარების მიზანს, ამ საკითხებზე ნეტგაზეთი  თვითმმართველობის საკითხების ექსპერტს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.


— როგორ შეაფასებდით მამუკა მდინარაძისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნას, რას ნიშნავს ეს – მის დაწინაურებას და თუ  დაქვეითებას?

როდესაც ახალ რეგიონულ სტრუქტურას ქმნიან და გენერალ-მაიორს ნიშნავენ, რომელმაც რეგიონული განვითარების პრობლემები უნდა მოაგვაროს, ზოგადად, ეს მიანიშნებს რა გეზი აქვს ხელისუფლებას აღებული. მას ასე წარმოუდგენია რეგიონული განვითარება — ეს არის რეგიონების მორჩილებაში ყოფნა და ერთიანი ვერტიკალის შექმნა მომავალი არჩევნებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შენარჩუნებას. ეს არის ძირითადი მიზანი.

რეგიონულ განვითარებასთან ამ სტრუქტურას ვერანაირი საერთო ვერ ექნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება შეიქმნას რეგიონული განვითარების სამსახური და რეგიონული განვითარების ყველა ინსტრუმენტი: რეგიონული განვითარების ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი – ესენი დატოვო ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გარდა ამისა, ისედაც არსებობდა რეგიონული განვითარების სამინისტრო და რატომ შეიცვალა ეს ამ სახელმწიფო მინისტრის აპარატით, რომელსაც ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვს, ვიდრე სრულფასოვან სამინისტროს, არავის უთქვამს.

ამიტომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი პოლიციური სტრუქტურა კეთდება, რომლის ამოცანა არის ერთიანი ვერტიკალის კიდევ უფრო გამტკიცება და მომავალი არჩევნებისათვის მზადება. მამუკა მდინარაძე ამისათვის შესაფერისი ფიგურა არის —  სუს-ის უფროსი იყო, ძალოვნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თავისი მენტალობითაც აბსოლუტურად ცენტრალისტია და შეარჩიეს ისეთი ფიგურა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება.

ჩემი აზრით, მმართველ გუნდში ფსიქოლოგიური შიში არის იმის, თუ რა იქნება თუკი ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. ეს არის, ჩემი აზრით, ძირითადი მიზეზები. არანაირ რეგიონულ განვითარებაზე აქ ლაპარაკი არ არის.

ერთ რამეს უნდა მივხვდეთ: სანამ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ისე განვიხილავთ, რომ თბილისში უკეთ იციან წალენჯიხაში და ადიგენში რა არის გასაკეთებელი, მანამდე არაფერი გვეშველება.

— როგორც თქვენ თქვით, ძირითადი ინსტრუმენტები, რაც რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის არის საჭირო, კონცენტრირებული ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მამუკა მდინარაძეს უფრო ბუტაფორიული თანამდებობა ექნება?

ეს სამსახური არ კეთდება რეგიონული განვითარების ფუნქციით.  ამას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური ფუნქცია და ეს არის ცენტრალიზებული ვერტიკალის უზრუნველყოფა, რომელმაც არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს და უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლების სრულ მორჩილებაში ყოფნა და ყველა იმ დავალების შესრულება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან წამოვა არჩევნებისათვის. ეს არის რეალური ფუნქცია და არანაირი რეგიონული განვითარების ფუნქცია მაგ სამინისტროს არ ექნება.

საკმაოდ კარგად ვიცი ეს სტრუქტურები როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ ჭირდება რეგიონულ განვითარებას.  ამას სჭირდება დეცენტრალიზაცია, რეგიონებზე ფინანსების და ქონების განკარგვის უფლებამოსილებების გადაცემა. საქართველოში 3500 დასახლება გვაქვს და შეუძლებელია რომელიმე მინისტრმა და სამინისტრომ ადგილობრივზე უკეთესად იცოდეს იმ 3500 დასახლების პრობლემა.

შესაბამისად, უნდა არსებობდეს რეგიონებისთვის მიზანმიმართული ფინანსირება,  რეგიონული განვითარების პროგრამები — მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, ამ პროგრამების შესაბამისად მერე პროექტები და ასე შემდეგ.  მთელი იერარქია არის დოკუმენტების, პოლიტიკების, რომლებიც უნდა არსებობდეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მაგისთვის არ იქმნება, სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება არჩევნებისთვის.

— ანუ შეიძლება ითქვას, რომ არსებითი მნიშვნელობა რეგიონული პოლიტიკისთვის ამ ახალ თანამდებობას არ ექნება?

— რეგიონული პოლიტიკისთვის არა. ეს გუბერნატორების მეშვეობით იმოქმედებს. გუბერნატორებსაც ხომ პოლიციელების ფუნქცია აქვს რეგიონებში, რადგან გუბერნატორის ინსტიტუტი არც იურიდიული პირია, არც ცალკე უფლებამოსილებები აქვთ და ეკონომიკის განვითარების კუთხით ვერაფერს ვერ აკეთებს. გუბერნატორის ინსტიტუტს ღარიბაშვილის დროს კიდევ წაართვეს რაღაც ფუნქციები და კოორდინირებას ახდენს პროექტების, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონებში. რა კოორდინირება ჭირდება იმ პროექტებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს? რაღაც ფუნქცია ხომ უნდა მოეძებნათ ამ გენიოსობისთვის, რომელიც  შევარდნაძის დროს ჩამოყალიბდა და იმის მერე არცერთი ხელისუფლება არ ცვლის.

საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უყვარს ხოლმე სხვადასხვა რეიტინგებით საუბარი. ჯინის ინდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე გავრცელებული ინდექსი, რომელიც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.  ეს ინდექსი რეგიონულ თანაბრობას და რეგიონებს შორის ქვეყნის განვითარების საკითხებს სწავლობს. ჩვენ ამ ინდექსით ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ. ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, თუ რამდენად წარმატებული არის ქართული სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკა, ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ.

— როგორც თქვენც ახსენეთ, რეგიონებში ისედაც მოქმედებს სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ინსტიტუტი, რომლებიც სწორედ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ადგილებზე.  რა საჭირო იყო ამ სისტემისთვის ზემოდან კიდევ ერთი ცენტრალური აპარატის/მინისტრის დამატება?

მთავრობის ადმინისტრაციაში იყო რეგიონებთან  და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური. ის გაუქმდება და სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადავა. დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვერ შებედეს ბატონ მამუკას. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობით არაფერი იცვლება, არანაირი დამატებითი ბერკეტი ეკონომიკური ან განვითარების კუთხით არ იქმნება, სამინისტროს არაფერი არ ექნება საერთოდ ხელში. რწმუნებულები ასრულებენ პოლიციელების ფუნქციას და მდინარაძე იქნება უფროსი პოლიციელი. ხომ არის შინაგან საქმეთა მინისტრი და არის რეგიონებში დეპარტამენტები, აი, ასეთი რაღაცა გააკეთეს. იმისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი, რომ ვერტიკალი გაძლიერდეს და უფრო პოლიტიკური მდგენელი შეიძინოს.  კახა გულედანი, რეგიონული განვითარების მინისტრი, უმრავლესობისთვის უცნობი პიროვნება იყო და პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა და მამუკა მდინარაძის სახით სერიოზული პოლიტიკური ფიგურა ჩაუყენეს ამ პოლიციურ ფუნქციას სათავეში.

მამუკა მდინარაძის ახალი თანამდებობის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. რეალურად რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით და რას შეიძლება გულისხმობდეს ირაკლი კობახიძე?

კობახიძისთვის რეგიონებში არსებული გამოწვევები უკავშირდება არჩევნების თემის მოგვარებას და ცენტრალიზებას. იმიტომ, რომ კობახიძე არის აბსოლუტური ცენტრალისტი. მას მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტ სტრუქტურას შექმნის და რაც უფრო ძლიერად გააკონტროლებს ცენტრიდან რეგიონებს, მით უფრო მოგვარდება რეგიონების პრობლემები. მე ერთ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი, რომელსაც საბჭოთა კავშირში ერქვა და ის დაიშალა, ნამდვილად არ მინდა საქართველოს იგივე დაემართოს აი, ამ ადამიანების უგუნურების გამო, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის მართვაზე.

ამიტომ დაუნიშნეს კიდევ ერთი პოლიციელი რეგიონებს. სახელმწიფო რწმუნებულებიც ძირითადად ძალოვნების წარმომადგენლები არიან, ესეც ძალოვანი არის. აი, შეხედეთ რეგიონულ განვითარებაში მთავარი რა არის? პოლიციელები, კონტროლი, ძალოვანი სტრუქტურები, რაღაცის დაძალება,  გაკონტროლება,  უფროსობა და სად ხედავთ აქ რეგიონების განვითარებას? პოლიციელებით და სუს-ის თანამშრომლებით ვითარდება რეგიონები?!

ეს არის რეალურად კობახიძის პოლიტიკა. სინამდვილეში საერთოდ არ ადარდებთ რეგიონული განვითარება. კობახიძე არ არის ისეთი გაუნათლებელი, ვერ ხვდებოდეს, რომ ამით რეგიონების განვითარება ვერ მოხდება. მაგის განათლება აქვს, გერმანიაში სწავლობდა იმ საკითხებს, სადაც რეგიონული განვითარება უმაღლეს დონეზე არის აყვანილი და თვალით მაინც აქვს ნანახი ეს ყველაფერი, მაგრამ ესენი აშენებენ პოლიციურ სახელმწიფოს და შესაბამისად, პოლიციელებს ჩააბარეს ეს საქმე.

— როგორც თქვენ ამბობთ, მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გადაყვანა არჩევნებისთვის რეგიონების მომზადებას უკავშირდება. არჩევნების ჩატარება 2028 წელსაა დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ერთ წელში მამუკა მდინარაძე მესამე თანამდებობას იცვლის, როგორ ფიქრობთ მდინარაძე ამ დრომდე მოახერხებს თანამდებობაზე დარჩენას თუ ეს შეიძლება ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას ნიშნავდეს?

ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. მთავარი ის არის, რომ მათ აღელვებთ ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარება ანუ მმართველი ძალის მხარდაჭერა მაინცდამაინც მაღალი არ არის. ამიტომ ისინი ცდილობენ სრული კონსოლიდაცია მოახდინონ ადმინისტრაციული რესურსის და ეს საქმე ჩააბარონ ისეთ ადამიანს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი არის ამ საქმისათვის. დარჩება მდინარაძე მანდ თუ არ დარჩება, ეგ არც მე ვიცი, არც მდინარაძემ და არც კობახიძემ. ერთი კაცი როგორ განწყობაზე გაიღვიძებს, შეიძლება ისე შეიცვალოს ეს ყველაფერი, ამიტომ მკითხაობას აზრი არა აქვს. დღეს შეგვიძლია  გავაანალიზოთ და შევაფასოთ ის, რაც მოხდა. ამიტომ ვერ დავიწყებ მე მაგის პროგნოზირებას.

სრულად წაკითხვა