"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერზე კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ მას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამბიციური გეგმები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებას" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, კობახიძის განცხადება აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა თბილისის ამჟამინდელი მერი იყოს მოსალოდნელი კანდიდატი.
"კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, დრეს 21 მაისს თბილისში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მანამდე აპრილში ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით "პოლიტიკური საბჭოს შეკრება" არ ჰქონიათ და "ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო".
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
პროდასავლური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. "ქართული ოცნების" გეგმაა 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება.
კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით 2021 წელს აირჩიეს.