კონგრესის სპიკერმა უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა დანიშნა

1 week ago 10

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დიდი ხნის დაყოვნებული სამხედრო დახმარების კანონპროექტს განხილვაზე გაიტანს.

ეს ნაბიჯი ქმნის დაპირისპირებას მისივე პარტიის ულტრამემარჯვენე ფრთასთან, რომელიც თვეების განმავლობაში ბლოკავს უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას.

„ჩვენ ველით, რომ კენჭისყრა ამ კანონპროექტების საბოლოო მიღებაზე შაბათს საღამოს გაიმართება“, - განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

ჯონსონის მიმართ დიდი ზეწოლაა, როგორც თეთრი სახლიდან, ასევე - კონგრესიდან. სპიკერი აქამდე თავს იკავებდა უკრაინის დახმარების კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანისგან. სენატმა კანონპროექტი თებერვალში დაამტკიცა და ის განსახილველად წარმომადგენელთა პალატაში გააგზავნა.

თუმცა, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგული კონგრესმენები პარტიაზე გავლენის მოხდენას ახერხებენ და სპიკერს თანამდებობიდან დათხოვნის საფრთხეს უქმნიან.

ჯონსონის განცხადება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სტატიას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა და ისრაელი ამერიკის ორი მოკავშირეა, რომლებიც სასოწარკვეთილნი მოელიან შეერთებული შტატების დახმარებას.

"მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, ისინი დამოკიდებულნი არიან ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის იარაღზე. და ეს გადამწყვეტი მომენტია", - დაწერა ბაიდენმა „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბაიდენმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტის სენატის მიერ დამტკიცებულ ვერსიას "ძლიერი და გონივრული" უწოდა.

მალევე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, ამ კვირაშივე დაამტკიცოს დახმარება, ამის შემდეგ კი სენატმაც დაუყოვნებლივ იმოქმედოს. "მე მას მაშინვე მოვაწერ ხელს იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიგოს გზავნილი: ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ და ირანსა თუ რუსეთს წარმატების მიღწევის უფლებას არ მივცემთ", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ინვესტიცია ამერიკაში

ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენი ამტკიცებს, რომ დახმარება საჭიროა ორივე ქვეყნისთვის, რადგან უკრაინასა და ისრაელს საბრძოლო მასალა ეწურებათ - უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, ისრაელს კი გასულ კვირას ირანული დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით მასშტაბური თავდასხმის ფონზე.

თუმცა, მისი თქმით, დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკის ინტერსების უსაფრთხოებისთვის.

"როგორც უკრაინა, ასევე - ისრაელი თავდასხმის ქვეშ არიან თავხედური მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ბატონ პუტინს სურს დაიმორჩილოს უკრაინელი ხალხი და შეითვისოს მათი ერი რუსეთის ახალ იმპერიაში. ირანის მთავრობას სურს ისრაელის სამუდამოდ განადგურება - უნდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი, ებრაული სახელმწიფო რუკიდან აღგავოს“, - წერს ბაიდენი.

„ამერიკამ არასოდეს არ უნდა მიიღოს არც ერთი ასეთი შედეგი - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, არამედ იმიტომაც, რომ ამაზე ჩვენი უსაფრთხოებაც დგას“, თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არ იქნება "გადაყრილი ფული". მისი თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღი ამერიკულ ქარხნებში დამზადდება.

„ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ამერიკის ინდუსტრიულ ბაზაში, ვიყიდით ამერიკელი მუშაკების მიერ დამზადებულ ამერიკულ პროდუქტებს, დავეხმარებით სამუშაო ადგილების შექმნას თითქმის 40 შტატში და გავაძლიერებდით ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს და პარალელურად დავეხმარებით საკუთარ თავსაც“, - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე სცადა შეემსუბუქებინა დემოკრატიულ პარტიაში ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული შეშფოთება, სადაც პარტიის წევრთაგან უფრო და უფრო მეტი ეწინააღმდეგება ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში წარმოებული ომის გამო.

ბაიდენის თქმით, სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ასევე მოიცავს დაფინანსებას „ღაზის მოსახლეობისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მიზნით“.

სრულად წაკითხვა