“კრიტიკული ხმების ჩახშობა დაპატიმრებებით შეუძლებელია” – პოლიტემიგრანტი აზერბაიჯანიდან

1 week ago 32

პოლიტიემიგრანტი აზერბაიჯანიდან, ისტორიკოსი ალთაი გოიუშოვი Meydan TV-სთან ვრცელ ინტერვიუში აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მცდელობა – კრიტიკული ხმების ჩახშობა ზეწოლითა და რეპრესიებით შედეგს ვერ მოიტანს და კრიტიკის დაპატიმრებებით გაქრობა შეუძლებელია.

აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სია 392 -მდე გაიზარდა

პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია – CPJ

გოიუშოვის თქმით, ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მიღებული მხარდაჭერა მას ხანგრძლივ პოლიტიკურ დივიდენს მისცემდა, თუმცა საზოგადოებაში სხვა მოლოდინები არსებობდა.

„ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს გამარჯვება მას ხანგრძლივ, თუნდაც უცვლელ პოლიტიკურ სარგებელს მისცემდა. ანუ ფიქრობდა, რომ ადამიანები ომის შემდეგ სოციალურ პრობლემებს უკანა პლანზე გადასწევდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ამ გამარჯვების გამო მადლიერი იქნებოდნენ“.

მისი თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდა და ქვეყანაში არსებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა.

„ხელისუფლებამ კი ამ სიტუაციაზე ძალიან პრიმიტიული რეაქცია მოახდინა -კრიტიკის სრულად ჩახშობის, თანამედროვე ეპოქისთვის უტოპიური ოცნების გზას დაადგა“.

მისივე განცხადებით, კრიტიკოსების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

„მე ამ კრიტიკოსებიდან ერთ-ერთი ვიყავი და ამიტომ გავხდი სამიზნე. 2013 წლიდან დაწყებული უნივერსიტეტიდან ჩამოშორების მცდელობები და სხვა ზეწოლა სწორედ ჩემს შეხედულებებს უკავშირდებოდა“.

გოიუშოვის თქმით, ასეთი პოლიტიკა საბოლოოდ თავად ხელისუფლებას აზიანებს.

“ამ საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, კრიტიკის დაპატიმრებებითა და ზეწოლით აღმოფხვრა შეუძლებელია. კრიტიკა ყველგან და ყოველთვის იქნება. მისგან დასკვნების გაკეთება, მასზე ადეკვატური პასუხის გაცემა შესაძლებელია, მაგრამ მისი სრულად გაქრობა შეუძლებელია“, – თქვა მან.

ისტორიკოსმა ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საკითხი თავისუფლების შენარჩუნებაა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში დაბრუნებას მაშინ ისურვებდა, როცა ქვეყანა უფრო თავისუფალი გახდება.

„აზერბაიჯანი თავისუფალი რომ გახდება, დაბრუნების სურვილი მაქვს. თუ აზერბაიჯანში ცვლილება მოხდება, ეს მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება, ეს იქნება ფუნდამენტური და ფართომასშტაბიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანში დემოკრატიული სისტემა დამყარდება და სამართლიანობა აღდგება“, – განაცხადა გოიუშოვმა.

სრულად წაკითხვა