კულტურის სამინისტრომ სექსისტურ განცხადებაზე დისციპლინური წარმოების შემდეგ სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

1 month ago 27

კულტურის სამინისტრომ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის მიმართ დისციპლინური წარმოება ჩაატარა, რის შედეგადაც იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბაქრაძის მიერ 3 სექტემბერს გაკეთებული სადავო განცხადება „ქართული ოცნების“ ქალი წარმომადგენლების მიმართ. ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ივლისში შეუერთდა.

3 სექტემბერს, ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „არჩევანი [ქართულ ოცნებასა და ერთიანობის პლატფორმას შორის] არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“. ბაქრაძის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოყვა.

კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქრაძის განცხადება „ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული“. ამავე განცხადების თანახმად, ლაშა ბაქრაძის განცხადება „ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს“.

„პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით“, – განაცხადა კულტურის სამინისტრომ.

5 სექტემბერს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაგმო ლაშა ბაქრაძის განცხადება და განაცხადა, რომ მის მიმართ დისციპლინური წარმოებაა დაწყებული. მისი თქმით, შესაძლებელია ამას რამდენიმე შედეგი მოყვეს, მათ შორის მისი პატიება, თუ ჩაითვლება, რომ მისი განცხადება არ იყო პასუხი მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და ა.შ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, თუმცა ეს მინისტრმა უნდა გააკეთოს.

სულ რაღაც ორი კვირის წინ, 26 აგვისტოს, თავად მინისტრმა გამოაქვეყნა განცხადება რამდენიმე ოპოზიციონერი ქალის წინააღმდეგ, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია და შეურაცხყოფად და სექსისტურად იქნა მიჩნეული. წულუკიანმა მათ „უმადურები“, „უნიჭოები“ და „ლუზერები“ უწოდა. მან დაწერა, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ხელს უშლიან, რომ ქალებს მისცენ ხმა.

მან „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქალ პოლიტიკოსებს მიმართა: „მოკლედ, ნუ შეჭამეთ ტვინი არასწორი მესიჯებით და არასწორი პოლიტიკური ქცევებით და ცოტა ნორმალურები ვინც დარჩით მაქეთ მხარეს ქალები, საქმეს მიხედეთ, რადგან ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული და შემოტანილი კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში“.

ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად  2010 წლიდან მსახურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა