ლექსო სამხარაძე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების  მიზნით დააკავეს - შსს

14 hours ago 2

სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე სამხარაძე, 14 ივნისს, დილით, სახლთან ახლოს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა. ის სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

სამოქალაქო აქტივისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება „ქართული ოცნების“ წევრი, სადავო პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

როგორც ალექსანდრეს მეგობარი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, თუმცა, არც სასამართლოსა და არც სახაზინო ადვოკატს, 13 ივნისს აქტივისტისთვის არ შეუტყობინებია მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ.

ალექსანდრე სამხარაძის დაკავების ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი, გიორგი ლომსაძე:

„ლექსო აქვე ცხოვრობს, ჩვენთან. ამ საღამოს „ეზოში“ ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დილიდან უნდა მოსულიყო. უცებ გარედან ყვირილი შემომესმა, გიო, ქრისტო, მაკავებენ, გადავიხედე ფანჯარაში და უკვე ჩასმული ჰყავდათ მანქანაში. არ იყო საპატრულო პოლიციის მანქანა. მონაცრისფრო მანქანა იყო. მხოლოდ იმას მოვკარი თვალი, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ლექსო მანქანაში ჩასვეს, შავ მაისურებში იყვნენ ჩაცმულები“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავეს.

მათივე თქმით, ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.

რამდენ დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლემ ალექსანდრე სამხარაძეს, ამის დაზუსტებას რადიო თავისუფლება ცდილობს.

ალექსანდრე სამხარაძე 2 ივნისს, თბილისში, ერთ-ერთ საკონდიტროსთან გადაეყარა დავით მათიკაშვილს, მისი დანახვისას კი დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე:

„ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.

„წადი, მომწყდი აქედან, რა“, - უპასუხა მათიკაშვილმა.

სამხარაძის ცნობით, ამ ეპიზოდის შემდეგ მას მანქანით აედევნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მტყუნის დედა მოვიკითხე, ამაზე მანქანიდან საჩხუბრად გადმოხტა მძღოლი, ეგონა გავიქცეოდი თუ რა იყო არ ვიცი. მაგისკენ რომ გავეშურე, ისევ ჩახტა მანქანაში. მათიკაშვილი დამფრთხალი მაგინებდა მანქანიდან“, - წერდა სამხარაძე.

5 ივნისს ალექსანდრე სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათიკაშვილმა უჩივლა.

„ზაფხულს სოლიდური ჯარიმით ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თანამდებობის პირი აქტივისტებს უჩივის და შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ეკისრებათ.

დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:

  • 17 მაისს დეპუტატ მარიამ ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
  • 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
  • 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
  • 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
  • 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
  • 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
  • 12-13 ივნისს, რამდენიმე ჟურნალისტსა და აქტივისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3000 და 4000 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფეისბუკის პოსტების გამო. შსს პოლიციის დეპარტამენტისა და მოსამართლეების მტკიცებით, ისინი "ქართული ოცნების" სადავო პარლამენტის დეპუტატებს, მათ შორის, მარიამ ლაშხსა და თეა წულუკიანს შეურაცხყოფნენ.
სრულად წაკითხვა