ლუქსემბურგის მწვრთნელი და FLF-ის პრეზიდენტი: საქართველოზე მეტი ზეწოლაა

2 months ago 39
  • ლუკ ჰოლტცმა და პოლ ფილიპმა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ BBC-სთან ილაპარაკეს
  • ლუქსემბურგის მწვრთნელი მომავალი მატჩის გარდა, თავის გუნდზეც საუბრობს

21 მარტს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპრდება.

ამ ისტორიული მატჩის წინ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პოლ ფილიპმა და მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლტცმა BBC-სთან თავიანთ ნაკრებსა და საქართველოსთან მომავალ შეხვედრაზე ილაპარაკეს.

პოლ ფილიპი (ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "პირდაპირ კვალიფიკაციას არ ველოდით, მაგრამ ამაზე ოცნება ყოველთვის შეიძლება. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ევროპის ჩემპიონები ვერასდროს გავხდებით. ის, რომ ამ დონეზე გვიწევს თამაში, შესანიშნავია. ამ შეხვედრებში ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენი წარმატების გასაღები იყო საფეხბურთო აკადემიის გახსნა, სადაც 12-დან 19-წლამდე ბავშვები თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდნენ და კვირაში ერთხელ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს თამაშობდნენ. შაბათ-კვირას ისინი თავიანთ კლუბებში ბრუნდებოდნენ და ლიგის მატჩებში იღებდნენ მონაწილეობას. 20 წელზე მეტია, ჩვენი აკადემიის წყალობით, გვყავს 20-ზე მეტი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ."

ლუკ ჰოლტცი (ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "როცა მოვედი, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია, განსაკუთრებით კი ფეხბურთელების მენტალიტეტის. ჩვენ აღარ ვნერვიულობთ და თამამად ვთამაშობთ. ადრე ყველაფერი დაცვაზე იყო დამოკიდებული, დღესდღეობით კი ყურადღებას ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგს ვაქცევთ.

ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ზეწოლა საქართველოზეა, რადგან სახლში თამაშობენ და ფავორიტები არიან, შესაბამისად, არც კი ვფიქრობ კვალიფიკაციაზე. ნაბიჯები ერთმანეთის მიყოლებით უნდა გადადგა და არ უნდა გადაახტე. ჩვენ ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს და მათ ერთად თამაში დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ. გვჯერა, რომ ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი ჯერ არ გამოგვივლენია."

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა