ლუქსემბურგის მწვრთნელი: თუ ასე მოხდა, 100%-ით მჯერა, რომ ფინალში ჩვენ გავალთ

2 months ago 78

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მოთამაშეების იმ წნეხს გაუმკლავდებიან, რომელიც დინამო არენაზე შეკრებილი 50 ათასამდე ქართველი ქომაგისგან ელით.

ლუკ ჰოლტცი (ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი)

...მატჩისთვის მზადებაზე: "ასეთი თამაშებისთვის პირველ პლანზე ფსიქოლოგიური მზადყოფნა გამოდის. იმედი მაქვს, ბიჭები შეხვედრას შიშისა და გადამეტებული ემოციების გარეშე შეხვდებიან. ყველაფერ ზედმეტს, რაც კი საქართველოსთან მატჩს ეხება, იგნორი უნდა გავუკეთოთ. პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე ვამბობ. ემოციებს არ უნდა ავყვე და ყველა ნაბიჯი ზედმიწევნით კარგად ავწონ-დავწონო. დარჩენილი ერთი კვირა გუნდში სრული სიმშვიდე მჭირდება. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუკი მინდორზე არასაჭირო ემოციებისა და ნეგატიური ფიქრების გარეშე გავალთ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ ფინალში გავიდეთ".

...გუნდში არსებულ ტრავმებზე: "კარგი ისაა, რომ მარვინ მარტენსის გამოჯანმრთელება მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. მას კუნთი გაცილებით უკეთ აქვს. თუკი საქართველოსთან მატჩისთვის მზად იქნა, ხომ კარგი, თუ არადა, ფინალში დაგვეხმარება... დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს ოლივიე ტილთან დაკავშირებითაც".

...შესაძლო მატჩისშემდგომ პენალტებზე: "ამაზე მეკარეების მწვრთნელთან საუბარი მქონდა და ვაპირებთ კარგად ვივარჯიშოთ, თუმცა, ერთია ვარჯიშის დროს 11-მეტრიანის შესრულება და სულ სხვა, როდესაც ამას 50 ათასი მაყურებლის თვალწინ აკეთებ. გული გაცილებით გამალებით ძგერს. ადამიანურ ფაქტორზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ზოგი კარგად უმკლავდება სტრესს, ზოგი – ნაკლებად. დარტყმა იმან უნდა შეასრულოს, ვისაც თვითრწმენა მაღალ დონეზე ექნება".

ლუკ ჰოლტცის თქმით, მთავარი ისაა, მისი ფეხბურთელები გადაჭედილ დინამო არენაზე ემოციებს არ აჰყვნენ

ჟერსონ როდრიგეშმა ბრატისლავის სლოვანში მის ქართველ თანაგუნდელებზე საინტერესო რამ მითხრა. როგორც ირკვევა, მათ თავად შეეძლებათ არჩევანის გაკეთება, სანაკრებო თამაშამდე, ბოლო საკლუბო მატჩში ითამაშებენ თუ - არა.

...რას ელის თამაშისწინა ბოლო უქმეებისგან: "ვეცდები მაქსიმალურად ბევრი მატჩი ვნახო, რომლებშიც ჩვენი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა, უკვე შიშის ფაქტორიც არსებობს. ბოლო კვირების განმავლობაში ხომ სხვადასხვა მიზეზთა გამო არაერთი მოთამაშე გამოგვაკლდა... სხვა საქმეა, რომ არის შანსი, ზოგიერთმა ნაკრების წევრმა დაისვენოს. მაგალითად, ჟერსონ როდრიგეშმა ბრატისლავის სლოვანში მის ქართველ თანაგუნდელებზე საინტერესო რამ მითხრა. როგორც ირკვევა, მათ თავად შეეძლებათ არჩევანის გაკეთება, სანაკრებო თამაშამდე, ბოლო საკლუბო მატჩში ითამაშებენ თუ - არა (17 მარტს გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანი სპარტაკ ტრნავას უმასპინძლებს - რედ.). ამ ფონზე როდრიგესი როგორ უნდა მოიქცეს? მგონი, არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, ჩემგან რა რჩევა მიიღო".

...საქართველოს ნაკრებზე: "ეს გუნდი ისევე თამაშობს, როგორც მისი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი: ყველა დეტალს ყურადღებით უდგება, ძალიან მონდომებულები არიან და მეტოქეს შეცდომებს არ პატიობენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თბილისში შეცდომები არ დავუშვათ".

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს თბილისში გაიმართება და როგორც დღეს ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, მას 500-მდე ლუქსემბურგელი ქომაგიც დაესწრება.

გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გუნდი პლეი ოფის ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

სრულად წაკითხვა