მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია

1 month ago 28
  • საქართველომ ამ თამაშში მისთვის უჩვეულო დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა აჩვენა
  • საბერძნეთის პრესინგი შედეგიანი იყო და დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა გვიჭირდა
  • დვალმა და შენგელიამ მეტოქეს მარჯვენა ფლანგზე არაფრის საშუალება მისცეს
  • სანიოლის შეცვლები ცოტა დაგვიანდა, თუმცა დაღლილ გუნდს ძალიან დაეხმარა
  • საქართველომ ისტორია დაწერა

პენალტების სერიის წინ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დავინახე ბურთით ხელში, დავიჯერე, რომ აუცილებლად მოვიგებდით. ნერვიულობა თითქოს არც ეტყობოდა, არც დაღლა, მშვიდად, თავდაჯერებულად, შიშის გარეშე, ბურთით ხელში ელოდებოდა პენალტების სერიის დაწყებას. თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის დაარტყამდა. სულ არ ღელავდა, გაიტანდა თუ არა. ასეც დაარტყა - მეკარისთვის უშანსოდ, მაღლა, ძლიერად, თავდაჯერებულად.

ბევრჯერ ითქვა, რომ ამ გამარჯვებით ახალი საქართველო, ახალი რეალობა დაიბადა. მართალიც არის. ისიც სწორია, რომ ეს სხვანაირი საქართველოს ნაკრებია. გუნდმა 120 წუთი იშვიათი ტაქტიკური დისციპლინა, ერთობა, გაუტეხელობა, ტანჯვის და თმენის უნარი აჩვენა. არადა, ეს ჩვენი ღირსებები ისტორიულად, კულტურულად არასოდეს ყოფილა. ჩვენ უფრო ემოციის, იმპროვიზაციის, აღტკინების და იმპულსების ხალხი ვართ ხოლმე და ფეხბურთსაც ასე ვთამაშობთ. არადა, დიდი ომების მოგებას, დიდი შედეგების დადებას სწორედ ეს თმენა, ტკივილის ატანა, ორგანიზებულობა და შინაგანი რწმენა სჭირდება. ქოჩორაშვილის ჟესტში, ბურთით ხელში ლოდინისას, თითქოს ეს რწმენა ჩანდა. ისევე, როგორც ნაკრების ყველა მოთამაშეში.

ტკივილი და ტანჯვა შემთხვევით არ ვახსენე. რაც ვნახეთ, ეს ფეხბურთზე მეტად ომი იყო. ფინალი ყოველთვის ასეთი თამაშია ხოლმე. მით უმეტეს, როცა საბერძნეთს ეთამაშები, სხვანაირად თამაში არ შეიძლება გამოვიდეს. პოიეტის გუნდმა ბერძნული ფეხბურთისთვის სახასიათო ჭიდაობა, ბრძოლა, სისასტიკე, სიბინძურე და ცინიკურობა თავიდანვე აჩვენა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ტაიმში დაუნდობლად და ცინიკურად ურტყამდნენ, რათა საქართველოს მთავარ იმედს სცოდნოდა, რომ იმ დღეს მას ჩვეულ ფეხბურთს არ ათამაშებენ.

საქართველომ პოიეტის გუნდს ისე უპასუხა, რომ თავიდანვე აგრძნობინა, არაფერს დაუთმობდა - ომისთვისაც მზად იყო და უხეშობისთვისაც. წაქცეულმა ბუდუმ რომ თავი შეყო იქ, სადაც ბევრი ფეხის შეყოფას არ გარისკავდა, მანდ ჩანდა ყველაფერი. მთელი თამაში ამ ორთაბრძოლების, ბურთისთვის ბრძოლის, ჭიდაობის და გაწევ-გამოწევის კრებულად იქცა. ფინალს ეს უხდება. პირადად მე ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ სწორედ ასე მოვიგეთ, რადგან აქამდე ასე თამაში თითქოს ჩვენი საქმე არ იყო ხოლმე.

იყო მეორე ფაქტორიც, საბერძნეთი საქართველოზე ბევრად ათლეტური, მაღალი და გაბარიტული იყო. უპირატესობა ჰქონდა მეორე სართულზე. მთელი თამაში არ გადიოდა გრძელი გადაცემები ბუდუზე, ან რომელიმე სხვა მოთამაშეზე. ამ პირობებში სანიოლის გუნდისთვის კიდევ უფრო რთული იყო ამ ომის არწაგება. როცა შენზე დიდ, მძიმე და გაბარიტულ გუნდს ეჭიდავები, ეს ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. საქართველოს ერთი შეხედვით უფრო მსუბუქი და ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ნახევარდაცვა ჰყავდა (კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძე), თუმცა რეალობაში ისე გამოვიდა, რომ ბურთი და ტერიტორია უფრო ბერძნების იყო (საბერძნეთს თითქმის ორჯერ მეტი შესრულებული პასი ჰქონდა 840-478-ის წინააღმდეგ და ბურთის ფლობის 60%). მართლა შთამბეჭდავი იყო ბერძნების პრესინგი. ჩვენს გუნდს შეტევის დაწყების მომენტშივე სივრცეებს ისე უკეტავდნენ და ისე აპრესინგებდნენ, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა გვიჭირდა. ბურთს მალევე ვკარგავდით.

ამიტომ, საქართველოს უფრო შემქმნელ და პასზე ორიენტირებულ ნახევარმცველებს ძალიან ბევრი შრომა მოუწიათ - სირბილი, ორთაბრძოლები, ვარდნები, ბურთის ართმევა. აჩვენეს, რომ ესეც ძალიან კარგად შეუძლიათ. ამავე დროს, კიტეიშვილიც და ქოჩორაშვილიც გუნდის ლიდერებს შორის იყვნენ 61 და 55 შესრულებული გადაცემით. ჩაკვეტაძეს მათზე ბევრად ნაკლები, 38 გადაცემა ჰქონდა, თუმცა მომენტებში ძალიან გამოგვადგა მისი უნარი - ბურთი ფეხში დაეჭირა, გაეჩერებინა, ტემპი გაეკონტროლებინა. ბერძნების ზეწოლის და წნეხის ფონზე ბურთის თუნდაც მცირე ხნით კონტროლი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

მეტი ამ თემაზე

დაცვით ფაზაში საქართველო მართლა ძალიან კარგი იყო. მეტოქეს, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მთელი 90 წუთი, პრაქტიკულად არაფერი შეაქმნევინა. საბერძნეთმა პირველი ტაიმი საერთოდაც მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელით (ე.წ. xG) 0.02 დაასრულა. ანუ ფაქტობრივი ნულით. ამ ტემპით საბერძნეთს 50 ასეთი ტაიმი უნდა ეთამაშა, გოლი რომ შეეგდო. მეტიც, ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტად ჩაკვეტაძის ჯარიმა ჩანდა.

ბერძნების ზეწოლა გოლთან ახლოს მხოლოდ დამატებითში მივიდა, მაშინ როცა მეტოქეს ნახევარი გუნდი უკვე შეცვლილი ჰყავდა და სანიოლს თითქოს ცოტა ცვლილებები დააგვიანდა. გიორგი ჩაკვეტაძე მართლა ისეთი დაღლილი იყო, ძლივს დადიოდა. ამ დროს იყო ის კუთხური და ძელი ჩვენს კართან. ამის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა კვეკვესკირმა და განსაკუთრებით, ძალიან დინამიურმა ზურიკო დავითაშვილმა, ახალი ენერგია მოიტანეს და ეს კრიზისული მონაკვეთიც ასე გადავაგორეთ.

ქოჩორაშვილი საოცარი მოთამაშეა. 120 წუთი დაუღალავად ითამაშა, შეცვლაც არ დასჭირვებია, ყველგან იყო, ყველაფერი მოიგო და მერე პენალტზეც ზემოთ უკვე გითხარით.

დამატებითში გოლთან ახლოს უფრო საქართველო იყო. მავროპანოსის ძელს სანიოლის გუნდმა მიქაუტაძის გარღვევით და ზურიკოს დარტყმით უპასუხა, რომელიც სასწაულით არ გავიდა. ამის შემდეგ წიტაიშვილის რეიდიც იყო. ისე გამოვიდა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიული უპირატესობის, მთელი მათი ზეწოლის მიუხედავად, ამ საგოლე მომენტებით ძალიან მწირ თამაშში საქართველოს თითქოს მაინც უფრო მეტი ხიფათი მოუგროვდა მეტოქის კართან (მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 0.9 იყო მეტოქის 0.75-ის წინააღმდეგ).

ზოგადად, ისეთი თამაში იყო, რომ უგოლოდ დასრულება თითქოს ლოგიკური ჩანდა. როგორც ზემოთ უკვე გითხარით, უფრო ბრძოლის და დაძაბულობის მატჩი გამოდგა, ვიდრე გოლის და მომენტების. ისტორიული ამბები მარტივად და ლაღად არ მოდის.

საქართველოს დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა. აგრესიული და დამაჯერებელი იყო საბა კვერკველია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლაშა დვალს, რომელსაც შესაძლოა, კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა. დვალი ყველგან ასწრებდა, ყველაფერს აზღვევდა, ყველაფერს იგებდა და მან და შენგელიამ მეტოქის მარჯვენა ფლანგი სრულად გააუვნებელყვეს.

მატჩის წინ ვწერდით, რომ ბერძნებს ყველაზე სახიფათო მარჯვენა ფლანგი ჰყავთ თავისი ბოლდოკით, მასურასით და ბაკასეტასით. ამ თამაშშიც თავისი შეტევების 55% საბერძნეთმა მარჯვნიდან აწარმოა. შენგელია-დვალის დუეტმა გასაქანი საერთოდ არ მისცა არც მასურასს და არც ბაკასეტასს. ამ ფლანგზე ძალიან კარგად შემოვიდა წიტაიშვილიც. დვალს ძალიან კარგი პოზიციურობა ჰქონდა - ზუსტად ხვდებოდა, როდის მარცხენა ფლანგი უნდა დაეზღვია და როდის მოედნის ცენტრში დარჩენილიყო. პირველ ტაიმში მისმა ვარდნამ გადაგვარჩინა, როდესაც იოანიდისი კაშიას ზურგს უკან აღმოჩნდა.

დვალმა მერე პენალტიც დაარტყა. თან შესაძლოა ემოციურად ყველაზე რთულ სიტუაციაში, რადგან წინა დარტყმა მიქაუტაძეს ჰქონდა აცილებული და საქართველოსთვის ყველაფერი ახლიდან იწყებოდა. დვალის პენალტმა ჩვენი შანსები ძალიან გაზარდა.

მარჯვენა ფლანგზე ბევრი საქმე ჰქონდა კაკაბაძეს, რომელსაც კარგად ეხმარებოდა კვერკველია. ციმიკასს ჩაწოდებები არ წაუვიდა, თუმცა წინ აქტიურად მოდიოდა და მეორე ტაიმში ამ ფლანგზე გამოვიდა ბერძნებს შორის ყველაზე აქტიური კონსტანტელიასი.

ახლა უკვე ზუსტად შეგვიძლია თქმა, რომ ვილი სანიოლს ბევრი უსამართლო კრიტიკა შეხვდა. შეიძლება ბევრიც შეეშალა, მაგრამ ბევრი კარგი მიგნებაც ჰქონდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა მწვრთნელი შენგელიას მარცხენა ფლანგზე აღმოაჩენდა, ან ლაშა დვალს აუცილებლად გუნდის ძირითად მცველად აქცევდა. სანიოლი მათ ენდო და გაუმართლა. დღეიდან ის ქართული ფეხბურთის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

შესაძლოა, ფრანგმა მწვრთნელმა ამ თამაშში შეცვლები ცოტა დააგვიანა, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად გამოიცნო. შეცვლაზე შემოსული ყველა მოთამაშე კარგი იყო. ზურიკომ ენერგია და დინამიკა შემოიტანა დაღლილ გუნდში და მერე პენალტიც გაიტანა, წიტაიშვილი ძალიან საიმედო იყო, კვეკვეს პენალტმა თამაში მოიგო, ძალიან სასარგებლო იყო ქვილითაია. კვეკვესკირმა რამდენიმე ისეთი პასი ვერ გააკეთა, ჩანდა, რომ ძალიან ღელავდა. თუმცა შემდეგ, მეხუთე პენალტი თავის თავზე აიღო. ვიცი, რომ კვეკვესთვის კობი ბრაიანტი განსაკუთრებული შთაგონების და ენერგიის წყაროა. ახლა მას უკვე თავისი საკუთარი "კობიბრაიანტული" მომენტი აქვს - საქართველოს მთავარი დარტყმა მან გაიტანა.

ბუდუს ნაცვლად მიქაუტაძის შემოსვლაც გუნდისთვის უფრო შვება იყო. ბუდუს ხშირად ვერ ვეხმარებოდით და მარტო იყო. მიქაუტაძე უფრო მოძრავია, უკანაც ჩამოდის და ბურთს უფრო იოლად პოულობდა. ზოგადად, საქართველოს ფორვარდებისთვის ძალიან რთული შეხვედრა იყო. საბერძნეთი დაცვაში ძალიან აგრესიული და მობილიზებულია.

განსაკუთრებით ყურადღებით ხვიჩას ეთამაშებოდნენ. ჩანდა, რომ მისი ეშინოდათ კიდეც - ურტყამდნენ, ყვითლებიც მიიღეს და ერთდროულად 2-3 მოთამაშე დასდევდა. შეიძლება ხვიჩასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში არ იყო, მაგრამ მის ფაქტორს კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დრიბლინგით და აქტიურობით მომენტებში ჩვენი ერთადერთი ოპცია იყო ხოლმე შეტევაში.

შედეგის გარდა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პროცესიც. იმდენად დამღლელი და დაძაბული შეხვედრა იყო, რომ მაყურებელიც კი ისე დავიღალეთ, თითქოს ჩვენც გვეთამაშოს ეს 120 წუთი. გამარჯვების მასშტაბი მისმა სირთულემ კიდევ უფრო გაზარდა. აქამდე ასეთ მატჩებს ვერ ვიგებდით.

საქართველომ გაძლო, არ გატყდა, შეცდომა არ დაუშვა, ირბინა, იბრძოლა, დააზღვია, სივრცე არ დატოვა და პენალტებამდეც მივიდა. როცა მამარდა გყავს კარში, ეს უკვე კარგი დასაწყისია. მამარდამ შორიდან ერთი ბაკასეტასს აუღო, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მისგან განსაკუთრებული სიმშვიდე და რწმენა მოდიოდა. პენალტებშიც ბაკასეტასს - კაპიტანს და შტატიან პენალტისტს, ძალიან რთული დარტყმა არ გაატანინა. მისი ფაქტორი გადამწყვეტი იყო.

იმდენი ხანი ველოდეთ, იმდენი ხანი ვითმინეთ, ვიტანჯეთ, რომ ეს დღე უნდა მოსულიყო. არ შეიძლება ამ ბიჭების ბრძოლა და ენერგია, 30 წლის მანძილზე ჩვენი ძალიან ნატანჯი ქვეყნის მოლოდინი, ემოცია და იმედი ასე უკვალოდ გამქრალიყო. როდესმე ეს უნდა დაბრუნებულიყო. საქართველოს საფეხბურთო ისტორია დიდი ევროპული ფეხბურთის ნაწილი უნდა იყოს. ამ თამაშით ახალი რეალობა იწყება - წარმატების, გამარჯვების და არდანებების. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გუნდმა მაკედონიის კოშმარით დაიწყო ახალი სიცოცხლე. არ გატყდა, ახალი შანსი მიიღო და თავისი ისტორია უფრო ლამაზად, უფრო შთამბეჭდავად, უფრო დრამატულად, უფრო დიდი სახალხო ზეიმით დაწერა.

საერთოდ მგონია, რომ არ არსებობს იმაზე უფრო ამაყი და წმინდა ადგილი, ვიდრე "ეროვნულის" ტრიბუნებია, როცა იქ ნაკრები თამაშობს და როცა საქართველოს ჰიმნია. ჩემთვის ასეა და ყოველთვის ასე იყო.

ფეხბურთმა ბოლო 1 კვირაში კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად დიადი და მნიშვნელოვანი თამაშია, როგორ აერთიანებს ყველას და რამდენად ფართო საზოგადოებრივი ფენომენია. ამდენი ბედნიერი ადამიანი არასოდეს მინახავს. მადლობა, რომ ფეხბურთი არსებობს და მადლობა, რომ საქართველო არსებობს. ჩვენ ვართ საქართველო! ახლა უკვე გამარჯვებული საქართველო!

სრულად წაკითხვა