მამარდაშვილის 5 სეივი და რეკორდი - ვალენსიამ ხეტაფეს მოუგო

2 months ago 59
  • ვალენსია 1:0 ხეტაფე 
  • რუბენ ბარახას გუნდმა გამარჯვება უგო დუროს გოლით მოიპოვა
  • 23 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მე-9 მშრალი მატჩი მიითვალა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში პირადი რეკორდი დაამყარა - მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მე-9 "მშრალი" მატჩი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს "ღამურების" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში გატარებულ პირველ სეზონში უგოლო 8, ხოლო მეორეში 7 შეხვედრა ჰქონდა.   

ვალენსიამ, რომელიც ევროთასების ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს,  ლა ლიგის 28-ე ტურში "მესტალიაზე" ხეტაფეს უმასპინძლა და უგო დუროს ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ვალენსიას ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელების, ბორდალასისა და ბარახას შეხვედრა მესტალიაზე

ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება თანაბარი გამოვიდა, პირველ წუთებში შედარებით აქტიური კი სერხი კანოსი იყო. მასპინძელთა შემტევმა, რომელიც ჯერ რამდენჯერმე უშედეგოდ დაემუქრა დავიდ სორიას კარს, ტაიმის მიწურულისკენ კარგი გადაცემით უგო დურო მოამარაგა. ამ უკანასკნელმაც სტუმართა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა - 1:0. 

დურომ გატანილი გოლი ტრავმირებულ დიახაბის მიუძღვნა

ტაიმი ვალენსიას ერთბურთიანი უპირატესობით დასრულდა, რაც შეეხეა მის მეკარეს, მამარდაშვილს პირველ 45 წუთში სამუშაო პრაქტიკულად არ ჰქონია და სულ ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა - ერთხელ ხუან იგლესიასის არცთუ ძლიერ დარტყმულს გაუმკლავდა, მეორედ კი გამოსვლაზე მაღალ ბურთზე ითამაშა დამაჯერებლად.

23 წლის ქართველ მეკარისთვის მეორე ტაიმი ისეთი მშვიდი აღარ გამოვიდა, როგორიც პირველი იყო. გიორგიმ შესვენების შემდეგ მალევე ზედიზედ მატას და ლატასას არ გაატანინა, მატჩის მიწურულს კი მამარდაშვილი ჯერ მატასვე ძლიერ გასროლას გაუმკლავდა, მოგვიანებით კი კუთხურის დროს გადაარჩინა კარი.

საბოლოოდ ვალენსიამ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო, 29-ე ტურში, 17 მარტს, სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს ხეტაფესთან შეხვედრაში ჯამში 5 სეივი ჰქონდა. ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უგო დურო დასახელდა, თუმცა თავად კლუბმა ასეთად მამარდაშვილი მიიჩნია. ცნობისთვის, პორტალებმა: Whoscored-მა და Sofascore-მაც ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება სწორედ გიორგის დაუწერეს.

ვალენსია 1:0 ხეტაფე

გოლი: 1:0 დურო (40’)

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი - ფულკიე, მოსკერა, ოზკაჩარი, გაია - პერესი (59' გონსალესი), გერა (84' კორეია), პეპელუ, კანოსი (59' ლოპესი) - დურო (84' ამალა), იარემჩუკი (71' გილიამონი). 

სრულად წაკითხვა