მამარდაშვილის მთავარი გამოწვევა ევრო 2024-მდე - გიორგის წინ 9 მატჩი აქვს

1 month ago 21

გიორგი მამარდაშვილმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ვალენსიას დაუბრუნდა და ლა ლიგაში მორიგი მშრალი მატჩი მიითვალა. 23 წლის ქართველმა მეკარემ "მესტალიაზე" მალიორკასთან შეხვედრაში (0:0) კარი სამჯერ გადაარჩინა და სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. მიმდინარე ლა ლიგაში გიორგის ანგარიშზე უკვე 10 უგოლო თამაშია, წინ კი 9 ტურია დარჩენილი და "ღამურების" გოლკიპერს აქვს საშუალება, თავისი მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს.

გიორგიმ მალიორკასთან პირადი რეკორდი გააუმჯობესა

ამასთან დაკავშირებით ესპანური Superdeporte სტატიას აქვეყნებს, რომელიც გიორგი მამარდაშვილისა და ვალენსიის გულშემატკივრებს ნამდვილად დაინტერესებს:

გიორგი, რომელიც 21-ე საუკუნეში საუკეთესოობისკენ ისწრაფვის

ვალენსიას ცხრა თამაში დარჩა იმისთვის, რომ ამ სეზონს წერტილი დაუსვას, ქართველ მეკარეს კი უკვე აქვს "სუფთა მატჩების" ორნიშნა რიცხვი და ზღვარზეა იმასთან, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს "მერიტონის ერაში" და კიდევ უფრო მაღალი მიღწევითაც გამოირჩეს.

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში პოპულარული მეკარეა და სახელს უკვე კონტინენტის მასშტაბითაც იხვეჭს, რაც შემთხვევითი არაა. ის თამაშით ამტკიცებს, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახალგაზრდული ასაკისა და პოტენციალის გათვალისწინებით კი, მისგან უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთის მწვერვალების დაპყრობას ელოდებიან. მის გამოსვლას შედეგი უკვე მოყვება: ახლახან ის ლა ლიგის უძვირფასეს, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარედ დასახელდა (Transfermarkt-ის თანახმად), მარტში კი პორტალმა Whoscored-მა ის ლა ლიგის თვის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მართალია, ის თვე ვალენსიასთვის შედეგების თვალსაზრისით არცთუ მთლად პოზიტიური გამოვიდა (წაგება "ლა კერამიკაზე", საშინაო ფრე მალიორკასთან), გიორგის თამაშის დონე ოდნავადაც არ დაუდაბლებია. მან კარი 0-ზე ოთხიდან ორ შეხვედრაში შეინახა და ახლა მის ანგარიშზე სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, 10 მშრალი მატჩია. 

ეს რიცხვი მას ადგილს უჩენს ვალენსიას მეკარეების იმ რეიტინგში, რომელიც ლა ლიგის სეზონში უგოლო მატჩების რაოდენობას ითვლის. სიაში უპირობო ლიდერი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეკარე სანტიაგო კანისარესია, რომელსაც 1998-2008 წლების პერიოდში, ოთხ სეზონში ჰქონდა 14, თითოჯერ კი სეზონში 16 და 20 მშრალი მატჩი. ეს უკანასკნელი მიღწევა 2003/04 წლებში დაფიქსირდა - ვალენსიას ისტორიული დუბლის დროს (კლუბმა ლა ლიგა და უეფას თასი მოიგო). 

"კანეტეს" რიცხვების გამეორება დღეს ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე ფეხბურთის კონტექსტის, დღევანდელი ვალენსიას მდგომარეობის გათვალისწინებით… თუმცა, მამარდაშვილს წინ 9 თამაში აქვს იმისთვის, რათა მაჩვენებლებით მიუახლოვდეს მადრიდელს (კანისარესს) და აჯობოს სხვა მეკარეებს, რომლებსაც 21-ე საუკუნეში "მესტალიაზე" ასევე კარგი სეზონები ჰქონდათ. სესარ სანჩესი 14 მშრალი მატჩით 2008/09 წლებში იყო გამორჩეული. აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე არიან ვისენტე გუაიტა და დეიგო ალვესი. ბრაზილიელ ალვესს 2014/15 წლების კამპანიაში 13 თამაში ჰქონდა ისეთი, რომლებშიც გოლი არ გაუშვა, ვალენსიელ გუაიტას კი 12 მშრალი მატჩი - 2011/12 წლებში.

მერიტონის ეფექტი
2014 წელს კლუბში პიტერ ლიმი მოვიდა და მალევე სპორტული დაღმასვლაც დაიწყო. მას შემდეგ ვალენსიას ვერცერთმა მეკარემ შეძლო ლა ლიგის სეზონის 10-ზე მეტ თამაშში კარის მშრალად შენახვა. საუკეთესო შედეგი ნეტოს ჰქონდა, რომელსაც 10 უგოლო მატჩი ვალენსიაში ორ სეზონში ჰქონდა. ამრიგად, გიორგი, რომლისთვისაც უმთავრესი მოტივაცია ევრო 2024-ია, ზაფხულამდე საინტერესო გამოწვევის წინაშე დგას. მას ეძლევა შანსი, თანაგუნდელების დახმარებით, მოხვდეს პრესტიჟულ სიაში და მიახლოვდეს კლუბის ლეგენდის დიდ რეკორდებს", - წერს გამოცემა.

ზაფხულში გიორგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ვალენსიამ ლა ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 41 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას მამარდაშვილის გუნდი 4 აპრილს, სტუმრად გრანადასთან ჩაატარებს. 

სრულად წაკითხვა