მანგანუმის მოპოვება: შუქრუთელების პროტესტის წაყრუება გრძელდება

1 month ago 27

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვების პრაქტიკით გაბრაზებული შუქრუთის მოსახლეობა უკვე მეექვსე თვეა, რაც პროტესტს – მათ შორის, პროტესტის უკიდურეს ფორმებს – მიმართავს. კერძო მიწის ნაკვეთების ქვეშ მიმდინარე მოპოვებითმა სამუშაოებმა ადგილობრივებს თაობების მიერ შენახული სახლები, ლამაზი ვენახები და ბაღები წაართვა. სოფლის მაცხოვრებლები უბედურებაში “ჯორჯიან მანგანეზს” ადანაშაულებენ, კომპანია კი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მთავრობა კომპანიას იცავს, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ გაასამართლეს და გირაო შეუფარდეს მათ, ვინც კერძო საკუთრებისა და სუფთა და ჯანსაღი გარემოს უფლების დასაცავად იბრძვის. პროტესტის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ, კომპანია, სახელმწიფო მოხელეები და სამთავრობო მედია კი მათ “რადიკალებს” უწოდებენ, რომლებმაც კომპენსაცია უკვე მიიღეს და ახლა კომპანიისგან დამატებითი თანხმების გამოძალვას ცდილობენ.

სტატიის მიზანია, წარმოადგინოს მეტი ინფორმაცია შუქრუთელების პროტესტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შუქრუთი – მიწაში ჩაძირული სოფელი

სოფელში მიმდინარე პროცესების გამო შუქრუთელები დახმარებას წლების მანძილზე ითხოვდნენ. ტერიტორიაზე, ჭიათურის ათობით სხვა სოფლის მსგავსად, მანგანუმის მოპოვების სამუშაოები 1960-იანი წლებიდან, საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობს. 2006 წელს, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია შუქრუთში მხოლოდ ერთ მაღაროს ამუშავებდა, თუმცა 2017 წლიდან, როცა მთავრობამ კომპანიის მართვა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს გადააბარა, კიდევ ცამეტმა მაღარომ და ორმა ღია კარიერმა დაიწყო ფუნქციონირება.

2019 წლიდან ამ სამუშაოების ზემოქმედება სოფლის გარემოზე თვალსაჩინო გახდა. სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში ზოგიერთი ადგილი მიწაში ჩაიძირა, უმეტეს ტერიტორიაზე ნიადაგის ხარისხი გაუარესდა და ა.შ. ამის გამო სოფლის მაცხოვრებლებმა პროტესტის რამდენიმე ტალღას მიმართეს, მათ შორის 2021 წელს პირველ 6-თვიან პროტესტს, რომელსაც მოლაპარაკებები და “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ დადებული პირობები მოჰყვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანიას პირობები არ შეუსრულებია.

წყარო: ინდიგო
წყარო: ინდიგო
წყარო: მთის ამბები
წყარო: მთის ამბები
წყარო: მთის ამბები
წყარო: მთის ამბები

2024 წლის 14 მარტს შუქრუთელებმა აქციების ახალი ციკლი დაიწყეს, ამჯერად კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების წინ. მათ თითქმის 200 დღე გაატარეს კოროხნალის მაღაროსთან, სადაც ისინი შვილებთან ერთად კარვებში ათენებდნენ ღამეებს. მათი თქმით, “ჯორჯიან მანგანეზის” სამუშაოებმა მათ სოფელს საძირკველი გამოაცალა და ისინი ისეთივე უბედურების რისკის წინაშე არიან, როგორიც შოვსა და ითხვისში განვითარდა.

პირველ აგვისტოს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გენერალური პროკურატურის გამოძიების საფუძველზე პროტესტის სამ მონაწილეს – გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს – ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხების მუხლით აღკვეთის ღონისძიებად 1000-1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაში მყოფი შპს მაღაროელი, რომელიც შუქრუთის მაღაროებს ამუშავებს, ამტკიცებდა, რომ აღნიშნულმა პირებმა 21 ივლისს გამიზნულად შეაფერხეს მაღაროს სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რასაც შეიძლებოდა “მძიმე შედეგები” გამოეწვია. სამივე ბრალდებული ბრალს უარყოფს.

იმავე სასამართლომ 13 აგვისტოს, შპს “მაღაროელის” მიერ 8 აგვისტოს საქმის აღძვრის შემდეგ, პროტესტის 20 მონაწილეს მაღაროების პიკეტირება აუკრძალა. იმავე საქმის ფარგლებში კომპანია ასევე სთხოვს სასამართლოს, აღნიშნულ ოც პირს პროტესტის შედეგად გამოწვეული ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად 5,5 მილიონი ლარის გადახდა დააკისროს.

აკრძალვისა და პროტესტის მონაწილეთა მიერ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მთავრობის მიერ აშკარა უყურადღებობის შემდეგ, შუქრუთელებმა გადაწყვიტეს, პროტესტი ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სოფელში გადაეტანათ. თუმცა, როცა ისინი 24 აგვისტოს ჭორვილაში ჩავიდნენ, მათ იქ პოლიციელთა და ადგილობრივთა დიდი ჯგუფი დახვდა, რომლებმაც მათ პროტესტის საშუალება არ მისცეს.

6 სექტემბერს შპს “მაღაროელმა” სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე სამი თანამშრომელი – გიორგი ცარციძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე. გათავისუფლების მიზეზად დასახელდა თანამშრომელთა ქმედება, რომელმაც კომპანიას “ზიანი მიაყენა” და მისი საქმიანობა შეჩერება გამოიწვია; ქმედებები, რომლებიც “სპობს დამსაქმებლის ნდობას დასაქმებულის მიმართ”; და შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ორი თვით ადრე კომპანიამ სამსახურიდან იმავე მიზეზით გიორგი ბიწაძე და ჯუმბერ ცუცქირიძეც გაათავისუფლა.

რადგან სექტემბრის მოახლოებასთან ერთად არჩევნების მიმართ ყურადღების გადატანის გამო პროტესტის მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება განელდა, შუქრუთელებმა გადაწყვიტეს, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ: პროტესტის ხუთმა მონაწილემ პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. 11 სექტემბერს მათ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც აქციის ფარგლებში მათ ეჭირათ ბანერები “GD+GM = ნგრევას”; “მოვითხოვთ სამართლიანობას”; “ნუ გვინგრევთ სახლებს და ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად” და ა.შ.

ჯერჯერობით ეს პროტესტის გარშემო უკანასკნელი განვითარებული მოვლენებია.

“ჭიათურა მენეჯმენთ ქომფანი” ადგილობრივთა ბრალდებებს უარყოფს

“ჭიათურა მენეჯმენთ ქომფანი” (CMC), რომელმაც 2024 წლის თებერვლიდან ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების არეალების პროცესის მართვა გადაიბარა, პროტესტის მონაწილეთა ყველა მტკიცებას უარყოფს. მირიან ბიჭიკაშვილმა, CMC-ის სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, “სამოქალაქო საქართველოსთვის” მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ “შპს მაღაროელმა” პროტესტის მონაწილეებს უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა – სამჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს შეთანხმდენენ.

მტკიცებულების სახით კომპანიამ სოციალურ მედიაში საბანკო გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტაციაც გააზიარა, თუმცა პროტესტის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტები გაყალბებულია. კომპანიის თქმით, იმ პირთა შორის, ვინც თავიანთ ან თავიანთი ოჯახის სახელზე კომპენსაცია უკვე მიიღეს, არიან:

  • გიორგი ნეფარიძე – 96 814 ლარი
  • ჯანიკო ლაბაძე – 195 738 ლარი
  • თამარ კუპატაძე – 117 097 ლარი
  • რომან მეგრელიშვილი – 105 031 ლარი
  • ზვიად პაპიძე – 85 000 ლარი
  • გიორგი ბიწაძე – 26 094 ლარი
  • ამირან შეყილაძე – 88 099 ლარი

კომპანიის თქმით, კომპენსაციას დროულად, რიგის მიხედვით გადაუხდიან სხვა მაცხოვრებლებსაც, რადგან თავდაპირველად კომპენსაციას ყველაზე მეტად დაზარალებულები იღებენ, მოგვიანებით კი ზიანი ნაკლებად დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ.

კომპანიისვე განცხადებით, “სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშაოები 1960-იან წლებში დაიწყო და 1990 წლამდე მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა სოფლის ქვემოთ მიწის გამომუშავება, რაც დღეს იწვევს მიწის ჩამოშლას და სახლებზე ბზარების გაჩენას. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” შუქრუთის ტერიტორიაზე არასოდეს უმუშავია”. კომპანია ირწმუნება, რომ მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები მას 2020 წლის შემდეგაც კი არ უწარმოებია, როცაა მათ ადგილობრივებთან მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც კომპანიას სოფლის ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების უფლებას აძლევს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ აენაზღაურებინა ის ზიანი, რომელიც მას არ გამოუწვევია, კომპანია ამბობს, რომ ადგილობრივთა თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, “სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად” დაეწყო კომპენსაციების გაცემა.

“აშკარაა, რომ აქციის მონაწილეები რადიკალური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც შანტაჟის გზით ცდილობენ კომპანიიდან დამატებითი თანხების გამოძალვას”, – განაცხადა ბიჭიკაშვილმა.

გიორგი ნეფარიძემ, რომელზეც კომპანია ამბობს, რომ კომპენსაცია გადაუხადა, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას რაიმე კომპენსაცია არ მიუღია და კომპანიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები გაყალბებულია. მისი თქმით, “მათი ზარალების სამსახურში მუშაობს ვინმე ნიკოლოზ მირიან ბიჭიკაშვილი,  მას სისხლის სამართლის ბრალი ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტების გაყალბებაში. რაღაც აბსურდულ დოკუმენტებს აფრიალებენ, რომლებიც გაყალბებულია”.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მირიან ბიჭიკაშვილის წინააღმდეგ მართლაც აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საქმე ეხებოდა ქრთამის საშუალებით საექსპერტო დასკვნის გაყალბების მცდელობას 2016 წელს, როცა ბიჭიკაშვილი “ჯორჯიან მანგანეზის” იურისტის პოზიციაზე მუშაობდა.

ნეფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივთა მხოლოდ ხუთმა პროცენტმა მიიღო კომპენსაცია, თუმცა მათ სჯერათ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ დაქირავებულმა სააუდიტორო კომპანიამ ზიანი ადეკვატურად არ შეაფასა და არსებულზე ბევრად დაბალ დონეზე განსაზღვრა.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ნახსენებ მემორანდუმს, ნეფარიძემ განაცხადა: “აქ მდგომი 45 ოჯახიდან არცერთს არ გვაქვს ამ მემორანდუმზე ხელი მოწერილი. სუსმა და კომპანიის მაღალჩინოსნებმა რამდენიმე წამალდამოკიდებული ადგილობრივი გამოიყენეს და სოფლის მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს. ეკითხებოდნენ, თანახმა ხართ, რომ კომპანიამ დაიწყოს მოყენებული ზარალის კომპენსაცია? ამაზე ყველა სცემდა პასუხს, რომ თანახმა ვართ. ეს ხელმოწერები წაიღეს და სულ სხვა განცხადებას, მემორანდუმს დაადეს”. ნეფარიძის თქმით, “ამ მემორანდუმზე არის ისეთი ადამიანების ხელმოწერა, რომლებიც მემორანდუმის გაფორმების დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ, რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იყო…”

კომპანია და სახელმწიფო კავშირები

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ჩართულნი ამ სიტუაციაში, ვინაიდან ეს მათ კომპეტენციას სცილდება. 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობამ შეისწავლა საქმე და ნახა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია. მისი თქმით, მას მიაჩნია, რომ „ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“. თუმცა, მრავალი სხვა ვერსია არსებობს, თუ რატომ არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას საპროტესტო აქციების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ამ საკითხის მოგვარებას.  

რა წარმოადგენს „ჯორჯიან მანგანეზი“? კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს Georgian American Eloise (რეგისტრირებულია ლუქსემბურგში), რომლის საკონტროლო პაკეტს ყოფილი უკრაინელი ოლიგარქი იჰორ კოლომოისკი ფლობს, ხოლო დაახლოებით 4% მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ქართულ აქციონერთა ჯგუფს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ კოლომოისკი „პრივატბანკის“ დამფუძნებელი და უკრაინის დნიპროს ოლქის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წელს იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის დაასანქცირა. ამჟამად იგი უკრაინაშია დაკავებული კორპორატიული დავის დროს ადვოკატის მკვლელობისა და თაღლითობისთვის.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში 16 430 ჰექტარ მიწაზე სამთო მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია 2006 წელს მოიპოვა. ის მუნიციპალიტეტში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ზოგიერთი წყაროს შეფასებით, ჭიათურაში ოჯახების დაახლოებით მესამედს ჰყავს კომპანიაში დასაქმებული წევრი.

კომპანიის მფლობელობაში არსებული ლიცენზია საჯარო არ არის, მაგრამ ის უფრო წონიანია, ვიდრე 2019 წლიდან გაცემული ნებისმიერი ლიცენზია, როდესაც სახელმწიფომ ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც ლიცენზიის მისაღებად ღია კარიერული წესით მოპოვების პროექტსა და რეკულტივაციის გეგმას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია სამართლებრივი მოთხოვნა ღია კარიერული წესით მაღაროების რეკულტივაციაზე, რომლებიც ზოგიერთ ადგილას უკვე ათწლეულებია ღიად რჩება. გარემოსდაცვითი აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ კომპანიას იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ ჭიათურის მერიის ქვეშ მადნის მოპოვებაც რომ გადაწყვიტოს, სრული უფლება ექნება დაანგრიოს შენობა და თავისი საქმიანობა დაიწყოს.

შუქრუთის მსგავსად მძიმე მდგომარეობაშია ათზე მეტი სოფელი. 2017 წლამდე კომპანიის საქმიანობაზე და გარემოზე მის ზემოქმედებაზე აქტიური სახელმწიფო კონტროლი ხორციელდებოდა და ჭიათურაში გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის კომპანია, დაახლოებით, 400 მილიონი ლარითაც კი დაჯარიმდა. თუმცა, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ შეცვლილიყო კომპანიის მენეჯმენტი და იქ სახელმწიფოს მიერ შერჩეული სპეციალური მმართველი დაენიშნათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ჯარიმა გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილების მიღების თითქმის მთელი უფლებამოსილება დაკარგა.

სპეციალურ მმართველმად „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული პირი, ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მას დაავალა, რომ განეხორციელებინა 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მომავალში კომპანიის საქმიანობისგან გარემოს დაცვას უზრუნველყოფდა. ჩიქოვანს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოების პროცესის განახლება და ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა დაევალა, როგორიცაა ნიადაგის დეგრადაცია, ნაყოფიერი ფენის, ხეებისა და ბუჩქების განადგურება. გეგმა ასევე ითვალისწინებდა მდინარე ყვირილას (რომელიც უაღრესად ტოქსიკური და დაბინძურებულია იქ ჩაყრილი მადნების გამო) გაწმენდას და ღია ორმოების რეკულტივაციას. თუმცა, ზედიზედ ორი სამწლიანი ვადის მიუხედავად, გარემოსდაცვითი ექსპერტების აზრით, 14 პუნქტიდან არცერთი არ შესრულდა.

სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საერთოდ შეწყვიტა ექსპერტების გაგზავნა ჭიათურაში ეკოლოგიური სიტუაციის შესაფასებლად, რითიც სპეციალური მმართველის მუშაობის მონიტორინგის პასუხისმგებლობა თავად მას მიანდო. 2023 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი გაახანგრძლივა და თანამდებობაზე ბესიკ კირთაძე დანიშნა. ეს უკანასკნელი ჩიქოვანმა წარადგინა და ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა.

ამჟამად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი გუნდის 16 წევრიდან 6 ფიზიკური პირია, რომელთაც დიდი თანხები შესწირეს „ქართულ ოცნებას“ და მათ შორისაა სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძეც.

წყარო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

რა მოხდება შემდეგ?

ჭიათურის მოსახლეობა საგანგაშო მდგომარეობაშია. მოსახლეობას ეკოლოგიური კატასტროფები ემუქრება, მათი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს და გადარჩენისთვის სახელმწიფო შეღავათებზეა დამოკიდებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ჭიათურის მოსახლეობა 37.3 ათასი იქნება, თითქმის 9 ათასით ნაკლები, ვიდრე 2006 წელს (სწორედ ამ წელს მოიპოვა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ლიცენზია). ბუნებრივი მატების მაჩვენებელი წლების განმავლობაში უარყოფითია და 2023 წელს მხოლოდ 159 ადამიანი შეადგინა.

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს ადამიანები და გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, დაცული უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფო არ არის მზად, რომ ეს აღასრულოს:

მუხლი 29 – გარემოს დაცვის უფლება

  • ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია სიმართლეა თუ არა კომპანიის განცხადება, რომ მან უკვე აუნაზღაურა შუქრუთის აქციის მონაწილეებს კომპენსაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუქრუთი, ითხვისი და სხვა სოფლები მაგალითია იმისა, თუ როგორ ანგრევს მანგანუმის მოპოვების არასწორი პრაქტიკა საქართველოს გარემოს და ბუნებრივ ჰაბიტატს. ამგვარმა პრაქტიკამ შექმნა სიტუაცია, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობა აქვს და ყოველდღიურად გაუარესებულ პირობებში ცხოვრობს.

უარყოფითი გავლენა მხოლოდ ამ ტერიტორიებით არ შემოიფარგლება, რადგან მდინარე ყვირილას ჭუჭყიანი წყალი მდინარე რიონში ჩაედინება, რომელიც საბოლოოდ შავ ზღვამდე აღწევს, ლითონებით დატვირთული მტვერი კი გაცილებით შორს მიდის, ვიდრე სოფელი ან რეგიონია. როგორი შედეგიც არ უნდა იქონიოს შუქრუთის საქმემ, სახელმწიფო, როგორც ჩანს, არ მიმართავს ზომებს თავისი მოქალაქეების ქონებისა და გარემოს დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა