აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მულტიმილიარდერ ილონ მასკისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უთანხმოება პოლიტიკურიდან პირად კონფლიქტზე გადავიდა მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი „ეპსტაინის ფაილებშია“.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტაინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, ეპსტაინმა თავი მოიკლა.
ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო სივრცეში 5 ივნისს დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მასკმა გააგრძელა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე მორიგი პოსტის გამოქვეყნებით, რომ „მართლაც დიდი ბომბის ჩამოგდების დროა“ და რაიმე მტკიცებულების გარეშე დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „ეპსტაინის ფაილებშია“, რომლებიც სწორედ ამ მიზეზის გამო არ გამოქვეყნებულა.
მასკმა გააზიარა ძველი ვიდეოც, რომლის მიხედვით, 1992 წელს ტრამპი ეპსტაინის ერთ-ერთ წვეულებაზე გოგონებთან ერთად იმყოფება.
მანამდე, 5 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილონ მასკით იმედგაცრუებულია მისი მხრიდან საბიუჯეტო კანონპროექტის კრიტიკის გამო.
მასკი ტრამპის ამ „დიდ და ლამაზ კანონპროექტს“ იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ მისი მიღება საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის. 5 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მასკის უკმაყოფილების რეალური მიზეზი ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებაა.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა პოსტები იმის შესახებ, რომ ტრამპის განცხადება ტყუილია და, რომ მის გარშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა. პასუხად, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ილონი სწორედ ელექტრომობილების გამო „შეიშალა".
ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, საჯარო სივრცეში ტრამპის და მასკის ამ დაპირისპირების შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენლები შიდა კომუნიკაციით ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას, თუმცა „ეპსტაინის ფაილების“ შესახებ მასკის ბრალდების შემდეგ, გამოსავალს ვეღარ ხედავენ.
დონალდ ტრამისა და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირების შემდეგ, 5 ივნისს თითქმის 15 %-ით გაუფასურდა მასკის კომპანია Tesla-ს აქციები და და დაახლოებით 11%-ით თავის დროზე ტრამპის მიერ დაფუძნებული კომპანიის, Media&Technology Group.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა დაავალა თავის აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს.
მასკი სპეციალურ სახელმწიფო მოხელედ დაინიშნა. ეს სტატუსი სახელმწიფოზე მუშაობის უფლებას აძლევდა წელიწადში 130 დღის განმავლობაში. 29 მაისს მასკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურს ტოვებს.
ილონ მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების შემცირება დაიწყო, რამაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურებში დააბრუნეს.
აპრილში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს მეტი დრო საკუთარ კომპანიებს დაუთმოს. მილიარდერმა ბიზნესმენმა ისიც თქვა, რომ ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და მისი გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა.
ილონ მასკს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა აშშ-ის ბიუჯეტიდან ორი ტრილიონი დოლარის დაზოგვა, თუმცა, დასახელებული თანხა მოგვიანებით მნიშვნელოვნად შეამცირა.