'მატჩის გმირი იყო' - ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილზე

2 months ago 28

ლა ლიგის 28-ე ტურში ვალენსიამ ხეტაფეს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა. გამარჯვების გოლი უგო დურომ გაიტანა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 3 ქულის მოპოვებაში არანაკლები წვლილი შეიტანა.

ქართველი მეკარის თამაშის გამორჩევა არ დავიწყებია რუბენ ბარახას, რომელმაც მატჩის შემდეგ ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

"მეორე ბურთი ვერ გავიტანეთ, რამაც ბოლო წუთები ჩვენთვის გაართულა, მაგრამ მამარდაშვილი შესანიშნავი იყო. ზოგადად, კმაყოფილები ვართ, მოვიგეთ, გოლი არ გავუშვით და ხალხი გავახარეთ", - აღნიშნა ბარახამ.

ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი 2021/22 წლების სეზონში ვალენსიას მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მან მისცა შანსი გიორგი მამარდაშვილს. ბორდალასს მამარდაშვილის და ვალენსიას სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების პროგრესზე ჰკითხეს, რომლებთანაც ორი წლის წინ მუშაობდა: "სიმართლე ისაა, რომ ძალიან მიხარია მათი პროგრესი., ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მათ დასახმარებლად. იყვნენ ბიჭები, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი და ახლა ძალიან კარგად თამაშობენ, ეს მათი მწვრთნელის დამსახურებაა".

მამარდაშვილმა სეზონში მეცხრედ არ გაუშვა გოლი

ესპანურ მედიაშიც მამარდაშვილის თამაში გამოარჩიეს, რაც გასაკვირი არ ყოფილა:

Eldesmarque: "პირველ ტაიმში განებივრებული მაყურებელი იყო. თუმცა, 46-ე წუთზე გუნდს მხსნელად მოევლინა ხაიმე მატას წინააღმდეგ, 51-ე წუთზე კი ლატასას შეუშალა ხელი. ბოლოს ოსკარს და იელუს არ მისცა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა".

Superdeporte: "მეორე ტაიმში ორჯერ იხსნა გუნდი და საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთებზეც თავდაჯერებული იყო. მე-9 მშრალი მატჩი სეზონში".

As: "თავისი სეივებით მატჩის გმირი იყო. განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 31 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც მისი ესპანური კარიერის რეკორდია. ვალენსია 40 ქულით მე-8 ადგილზეა და 17 მარტს, სტუმრად ვილიარეალს შეხვდება.

სრულად წაკითხვა