მდინარძის თქმით, ეცდებიან სახის ამომცნობი კამერები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააყენონ

3 weeks ago 39

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინზე მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ "დიდი სისულელე ჰგონია", თითქოს სახის ამომცნობ კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტრსო მოსკოვში ყიდულობს.

მდინარაძეს შეკითხვა დაუსვებს Algorithmwatch-ის გამოძიებაზე დაყრდნობით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გამოყენებულ სახის ამომცნობ სისტემას სანქცირებული რუსული კომპანიისგან ყიდულობს, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვს.

"სახის ამომცნობ კამერებს დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელს ქვეყანაში შევეცდებით, რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე. შევეცდებით, რომ საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში", - უპასუხა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს ყველა შესყიდვას ის აწერს ხელს და "არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად და სულხან თამაზაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი რ.თ) ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან რაღაც კამერებს, გამორიცხული ამბავია. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!“- თქვა მდინარაძემ.


Algorithmwatch გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებთან და სამართლიანობასთან ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების შესაბამისობის საკითხზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანიის, Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის მიხედვით, Pappilon AO დასანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიის და აშშ-ს მიერ, მის პროდუქტებს ძირითადად რუსეთი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები იყენებენ და მას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების სამსახურთან (FSB-სთან).

საია წერს, რომ ორგანიზაციის მიხედვით, სათვალთვალო სისტემა ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა და ბოლოს ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. შსს-ს მიერ შეძენილი უახლესი განახლება, Polyface 3.7.0, 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა სამინისტროს. Polyface ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning recognition algorithm), რომელიც შეიმუშავა ნოვოსიბირსკში დაფუძნებულმა და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ დაფინანსებულმა ხელოვნური ინტელექტის რუსულმა კომპანიამ 3DiVi-მ.

სრულად წაკითხვა