'მინდოდა, მისთვის დამესწრო' - მამარდაშვილი ვილიარეალთან მატჩზე

2 months ago 46

ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსია სტუმრად ვილიარეალთან 0:1 დამარცხდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.

ქართველმა მეკარემ, რომელმაც 6 სეივი მიითვალა და მათ შორის, პენალტიც აიღო, თამაშის შემდეგ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა.

"ყველამ ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, ეს დერბია და აქ თამაში ძალიან ძნელია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ავდგეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა და დრო გვაქვს სამუშაოდ. ცოტა ენერგია და ძალა დაგვაკლდა, მეტი უნდა შეგვეტია და ბურთიც უფრო მეტად გვეკონტროლებინა, დღეს ეს დაგვაკლდა. ბედნიერი ვარ, როცა კარს მშრალად ვინახავ, მაგრამ ეს ფეხბურთია და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, კონცენტრირება მოვახდინოთ ყველაფერზე და შემდეგ კარის მშრალად შენახვასაც მოვახერხებ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. გოლის მომენტში მინდოდა მეტოქისთვის დამესწრო, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შევძელი", - აღნიშნა მამარდაშვილმა.

მატჩის შემდეგ ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამაც გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, ვილიარეალს ბევრად უკეთ არ უთამაშია, უბრალოდ მისმა გუნდმა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

"ორივე გუნდმა საგოლე მომენტები თანაბრად შექმნა. გიორგიმ კარგად ითამაშა, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელშიც მათ შანსი გამოიყენეს, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მომენტები და ეს იყო განსხვავება. არ მაქვს განცდა, რომ ვილიარეალმა გვაჯობა და არც ის, რომ მათ 20 საგოლე მომენტი შექმნეს", - აღნიშნა ბარახამ.

ლა ლიგამ დააფასა გიორგი მამარდაშვილის გარჯა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებში მამარდაშვილი კარგ ფორმაში მოდის. მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული, 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ვალენსია 40 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 მარტს, მალიორკას "მესტალიაზე" უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა