მონღოლეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებს მომიტინგეების ეკონომიკურ მოთხოვნებს მას შემდეგ, რაც მათმა ყოველდღიურმა საპროტესტო აქციებმა მისი წინამორბედის დამხობა გამოიწვია.
კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრად პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზანდანშატარ გომბოჟავინი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს ხუთშაბათს გვიან ღამით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად.
პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას ზანდანშატარმა განაცხადა, რომ წლევანდელი მთავრობის ხარჯები დაახლოებით 640 მილიონი დოლარით უნდა შემცირდეს და დასძინა, რომ ის პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს ბიუჯეტის მისეულ ვერსიას.
მონღოლეთს წინა პრემიერი, ლუვსანამსრაინ ოიუნ-ერდენე 10 დღის წინ გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა.
ამას წინ უძღოდა ოიუნ-ერდენეს წინააღმდეგ მოწყობილი ყოველდღიური საპროტესტო აქციები. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვდნენ განმარტებას მისი 22 წლის ვაჟის მიერ საცოლისთვის გადაცემული ძვირადღირებული საჩუქრების შესახებ.
ბევრი მონღოლი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მინერალური სიმდიდრით პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები უფრო სარგებლობენ, ვიდრე - მოსახლეობა. მონღოლეთში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი.