მოსამართლეს და დანაშაულის სხვა მონაწილეებს სანქციები უნდა დაეკისროთ - კონგრესმენი უილსონი მათე დევიძის საქმეზე

1 month ago 8

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი ჯო უილსონი ეხმაურება მათე დევიძისათვის ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობის მისჯას და მოსამართლის სანქცირებაზე საუბრობს.

„ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყნის, საქართველოსთვის თავისუფლების მომავალი სურდა“, - წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.

„[მოსამართლე] ნინო გალუტაშვილს და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეებს სანქციები უნდა დაეკისროთ“, - აცხადებს კონგრესმენი უილსონი.

მათე დევიძის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, - მოსამართლედ 2024 დანიშნულმა პირმა, - გამოაცხადა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.

მათე დევიძის საქმეზე პროკურორი კი იყო ანი ხუბეჯიშვილი, - ის ერთ-ერთი იყო იმ პროკურორთა შორის, რომლებიც მაისში აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა გიორგი გაბიტაშვილმა დააჯილდოვა.

მათე დევიძე დამნაშავედ ცნეს „პოლიციელზე თავდასხმაში“. დაზარალებულად სამი პოლიციელი ცნეს - ბიძინა ჟამერაშვილი, გიორგი ესტატიშვილი და ლევან კოდელაშვილი.

მათე დევიძემ სასამართლო სხდომა, სადაც მისი განაჩენი გამოაცხადეს, დატოვა. წასვლამდე განაცხადა:

„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ [...]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“.

სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, - ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.

დევიძისათვის პატიმრობის მისჯას სპონტანური დემონსტრაცია მოჰყვა, რაც უწყვეტი აქციების 197-ე დღეს ღამისთევით გრძელდება.

სრულად წაკითხვა