მოსკოვი-სოხუმის მატარებლის მოძრაობა შეფერხდა ლიანდაგის აფეთქების გამო

1 month ago 13

ვორონეჟის ოლქის სამხრეთით, რკინიგზის ლიანდაგის დაზიანების გამო, რაც, როგორც მოგვიანებით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, აფეთქებამ გამოიწვია, 20-ზე მეტი სამგზავრო მატარებელი გაჩერდა.

5 ივნისს, დღის 12 საათისთვის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ რკინიგზაზე „უმნიშვნელო დაზიანება შენიშნა“.

გუსევის თანახმად, მიზეზს ოპერატიული სამსახურები დაადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორი „უმნიშვნელო“ დაზიანებას იუწყება, ხაზს უსვამს, რომ არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით, ეფ-ეს-ბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა, რომ ლიანდაგი ააფეთქეს.

ტელეგრამის არხი Baza ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების შედეგად ლიანდაგების დაზიანების შესახებ განაცხადა. მითითებული იყო ზუსტი ადგილმდებარეობაც - ევდაკოვო-საგუნის მონაკვეთის 725-ე კმ. ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ ლიანდაგებზე დაზიანება დროულად შენიშნა, რის წყალობითაც მოხერხდა ვაგონების ლიანდაგიდან გადავარდნის თავიდან აცილება.

„აფხაზეთის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ მოსკოვიდან სოხუმში მიმავალი მატარებელი ნომერი 304 გაჩერებულია ვორონეჟის რეგიონში.

ევდაკოვო-საგუნის მონაკვეთი ლისკის კვანძის სადგურის სამხრეთით მდებარეობს, მოსკოვის რუსეთის სამხრეთთან დამაკავშირებელ მთავარ ხაზზე.

ბოლო ინფორმაციით, მარშრუტზე 20-ზე მეტი მატარებელი იგვიანებს, მათ შორის ანექსირებული ყირიმიდან და მისი მიმართულებით.

„ვესტი-ვორონეჟი“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, რკინიგზის ლიანდაგის აფეთქებული მონაკვეთია გამოსახული.

31 მაისს, გვიან საღამოს რუსეთის ბრიანსკის ოლქში აფეთქებამ რკინიგზის თავზე არსებული საავტომობილო ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც ლიანდაგებიდან გადავარდა მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

1 ივნისს კურსკის ოლქში, სარკინიგზო ხიდზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად დაშავდნენ სატვირთო მატარებლის მემანქანე და ორი თანაშემწე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის და ბრიანსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქებების გამო სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

პრეზიდენტმა პუტინმა „ტერაქტებში“ უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინას რუსეთის რკინიგზაზე აფეთქებების შესახებ არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა