,,მხარი გაკრა თურმე შემთხვევით საწყალმა ბიჭმა ვიღაცას…” – ვინ არის და რას შეეწირა ბარში 18 წლის ბიჭი?

13 hours ago 1

თბილისში, რატის ბარში მომხდარი მკვლელობის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ცნობილი ხდება, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის ძალოვნებმა ორი პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის – 1980 წელს დაბადებული რ.პ.

როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი. სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა და ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს დამნაშავემ ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით ჭრილობა მიაყენა.

“ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. როგორც გავიგე, გამთენიისას მოხდა ეს მკვლელობა. დღეს თითქმის მთელი დღე სამართალდამცავები მუშაობდნენ ადგილზე. ამბობენ, ჩხუბი შიგნით დაიწყოო. პოლიცია რომ მოსულა, ბიჭი ძირს ეგდო თურმე, სასწრაფომ ვერ მოუსწრო ახალგაზრდას, ის ეტყობა სისხლისგან დაიცალა. დანით არის მოკლული, ყელი აქვს გამოჭრილიო. მე რომ მოვედი სამსახურში, ცხედარი უკვე გადასვენებული იყო. მხარი გაკრა თურმე შემთხვევით საწყალმა ბიჭმა ბარში ვიღაცას და ამას მოყვა ანგარისწორება. დანა რამდენჯერმე დაურტყამს”, – ამბობს იქვე ახლოს მომუშავე ერთ- ერთი ადამიანი.

“მკვლელი 36 წლის ყოფილა, როგორც პოლიცია ამბობს, წარსულში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი და უკვე გარეთ გამოსული და კიდევ მკვლელობა ჩაიდინა? ასეთი დაუნდობელი დამნაშავეები როგორ უნდა იყვნენ თავისუფლები. რა უნდოდა 18 წლის ბავშვთან? ან დაცვა არ ჰყავს ამ ბარს? ასეთი განუკითხაობა რატომ უნდა ხდებოდეს? რა ქნას ახლა მისმა ოჯახმა, სად იპოვოს სამართალი. ან 15 წელი რა არის ამისთანა შვილს რომ მოუკლავს დედას იმისთვის? დღის სინათლე არ უნდა ნახოს მკვლელმა”, – ამბობს მომხდარით აღშფოთებული კიდევ ერთი ქალბატონი.

თავად ბარში კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დანაშაული ბარის გარეთ მოხდა და რომ თანამშრომლებენ სამართალდამცავებთან. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინაც სწორედ ამ ბარში მოკლეს წარმატებული სპორტსმენი, დედისერთა ბიჭი და მისი მკვლელი ჯერ გასამართლებულიც არ არის. ახლა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გამოსალმეს სიცოცხლეს.

“ძალიან მტკივა გული, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი იყო ალეკო. გამორჩეული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. 18 წლის იყო, ძალიან მიჭირს საუბარი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ვტირი მთელი დღეა და ძალიან განვიცდი. მასზე ცუდს არავინ იტყვის.

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სწავლობდა მეექვსე კლასამდე, ამ სოფელში გავიზარდეთ ერთად, მერე თბილისში გააგრძელა სწავლა. გამორჩეული აღნაგობის ბიჭი იყო, სამოდელოზე დადიოდა, თან მუშაობდა. რა მოხდა ბარში და რატომ გაიმეტეს მოსაკლავად არ ვიცი. განადგურებული ვართ მომხდარით მისი მეგობრები. დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ალეკო ჩვენს გვერდით არ იქნება”, – ამბობს ალეკოს მეგობარი.

სრულად წაკითხვა