მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ფორდოს განადგურება… ტრამპი: „შეტევის გეგმა მზად არის“; ისრაელ კაცი: „ირანის ლიდერმა აღარ უნდა იარსებოს“

3 weeks ago 6

როცა საუბარია ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ერთი ობიექტი გამუდმებით იწვევს განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსებსა და დაზვერვის სტრუქტურებში – ფორდო. ეს მიწისქვეშა ბირთვული კომპლექსი, რომელიც ქუმის მახლობლად მდებარე მთებშია ჩამალული, ირანის ტექნოლოგიური ამბიციისა და დასავლეთის იმ შესაძლო სამხედრო სცენარების შეზღუდვის სიმბოლოდ იქცა, რომელთა მიზანს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის სამუდამოდ შეჩერება წარმოადგენს. და ახლა თითქმის ყველა ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, ფორდოს ფუნქციონირება მწყობრიდან გამოიყვანოს ძალის გამოყენებით.

მიწისქვეშა ციხესიმაგრე

ფორდო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ჯაჭვში მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი რგოლი არ არის. მთის მასივის ქვეშ, დიდ სიღრმეში, სავარაუდოდ, 2002 წელს აგებული ეს ობიექტი ისეა გამაგრებული რკინაბეტონით, რომ პირდაპირ ავიადარტყმებს გაუძლოს. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ობიექტი მიწის ქვეშ, მთის ქანებში, 90 მეტრის სიღრმეშია განთავსებული. ირანელმა ინჟინრებმა ცენტრიფუგები იმდენად ღრმად დამალეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჩვეულებრივმა საჰაერო დარტყმებმა – თუნდაც უზუსტესმა – მათ კრიტიკული ზიანი მიყენოს.

ფორდო ნათანზის შემდეგ მეორე ბირთვული ობიექტია ირანში, რომელიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობს. ის შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ქუმიდან დაახლ. 30 კმ-ში მდებარეობს, თეირანის სამხრეთით და ისრაელისთვის სტრატეგიული სამიზნეა. Libération-ის ცნობით, რომელსაც გამოცემა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (ააეს,  International Atomic Energy Agency – IAEA) დაყრდნობით ავრცელებს, ფორდოში მდებარეობს 2264 ცერნტრიფუგა იმ 18 000-იდან, რომელსაც ირანი ამ ეტაპზე ფლობს. Financial Times-ის ცნობით, მართალია, ნათანზში 16 000-მდე ცენტრიფუგაა, თუმცა ამ ბირთვული ობიექტის დანიშნულებაა ურანის გამდიდრება უფრო დაბალ დონეზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მტკიცებით, ფორდოში ირანი აპირებდა ნაკლებად განვითარებული ცენტრიფუგის – IR-1-ის უფრო მაღალგანვითარებულით, IR-6-ით შეცვლას. 2023 წელს სააგენტომ ფორდოში დააფიქსირა 83,7%-მდე გამდიდრებული ნაწილაკები, რაც ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო 90%-თან. ამიტომაცაა ამ ბირთვული ობიექტის ლიკვიდაცია ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ევროპის უუნარობა და რეგიონული დამოკიდებულება

როგორც აღვნიშნეთ, არც ისრაელი და არც მისი ევროპელი მოკავშირეები არ ფლობენ საკმარის სამხედრო შესაძლებლობებს ფორდოს ტიპის ობიექტის გასანადგურებლად. ისრაელის ავიაგამანადგურებლების თანამედროვე არსენალიც კი, უახლესი საბრძოლო მასალებითა და დრონებით, ვერ უზრუნველყოფს ამ გამაგრებული ობიექტის კრიტიკულ დაზიანებას. გარდა იარაღისა, მსგავსი ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა მასშტაბური ლოგისტიკა (რომელიც მოიცავს ჰაერში საწვავის შევსებას, დაზვერვას და  სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლს), რასაც ისრაელი საბოლოო ჯამში აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებს. 

არსებული მონაცემებით, მიწისქვეშ დაახლოებით 90 მეტრ სიღრმეში განლაგებული ობიექტი გარშემორტყმულია ბეტონით, არმატურითა და გვირაბების სისტემით. ეს ფორდოს, პრაქტიკულად, სრულად დაცულს ხდის უმეტესი იარაღისგან, სპეციალიზებულის გარდა – ასეთი იარაღი კი მხოლოდ აშშ-ს აქვს: GBU-57 ზემძიმე ბომბები (13 607 კგ), რომლებიც ცნობილია, როგორც „ბუნკერის ამფეთქებლები“ (Bunker Buster), თუმცა ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ფორდოს შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს ბომბებიც არ იმუშავებს, რადგან მათი შეღწევის სიღრმე დაახლოებით 61 მეტრია.

ევროპა, თავის მხრივ, ისევ დიპლომატიურ არხებს და სტრატეგიული შეკავების პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას. პარიზი, ბერლინი და ლონდონი სამხედრო მოქმედებას ბოლო ვარიანტად განიხილავენ – ისიც მხოლოდ აშშ-ის ჩართულობის პირობებში.


ვაშინგტონი – უკანასკნელი ბერკეტი

ამ კონტექსტში მხოლოდ პენტაგონი რჩება რეალურ ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მოვლენების განვითარება, თუ აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას საჭიროდ ჩათვლის. ძლიერი შეღწევადობის შესაძლებლობებითა და გლობალური სადაზვერვო ქსელის მხარდაჭერით შეიარაღებულ შეერთებულ შტატებს შეუძლია ფორდოს წინააღმდეგ ოპერაციის დამოუკიდებლად განხორციელება, თუმცა ვაშინგტონი დილემის წინაშეც დგას: მისი მხრიდან ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც გლობალურ ეკონომიკასა და რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება. 


ფორდო, როგორც ჩიხის სიმბოლო

ამრიგად, ფორდო არა მხოლოდ ობიექტია, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული მეტაფორა. ის განასახიერებს წერტილს, სადაც დიპლომატია ფიზიკურ ზღვარს ეჯახება, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება შეზღუდული გავლენის რეალობის წინაშე დგება. სანამ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ფიქრობს (იმის მიუხედავად, რომ როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, გეგმა უკვე მზად არის და საჭიროა მხოლოდ მის აღსრულების გადაწყვეტილების მიღება), ირანი ისევ დიდ გულზეა, თუმცა თეირანშიც ესმით, რომ თუ აშშ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ მას ერთადერთს შეუძლია ფორდოს მიწისქვეშა „ციხესიმაგრის“ ნანგრევებად ქცევა. 

თუმცა ამ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია, ნავთობის ბაზრების რყევა და პირდაპირი ომი ირანთან, ამიტომაც არის, რომ თეთრი სახლი ჯერჯერობით თავს იკავებს და ირანის კაპიტულაციას ელოდება. 

ოთხშაბათს, 18 ივნისს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ციფრულ გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სამ „საქმის კურსში მყოფ“ წყაროზე დაყრდნობით, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ირანზე თავდასხმის გეგმები უკვე დაამტკიცა, მაგრამ „საბოლოო ბრძანება“ ჯერ არ გაუცია, რადგან ელოდება, მოახდენს თუ არა ირანი კაპიტულაციას და იტყვის თუ არა ის უარს ბირთვულ პროგრამაზე, რასაც თეირანი კატეგორიულად გამორიცხავს. მანამდე, 2 თვით ადრე, ტრამპმა 60-დღიანი ვადა მისცა თეირანს, რომელიც გუშინ ამოიწურა. 

თუმცა არსებობს ალტერნატიული მიდგომებიც, როგორ შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ფორდოს ბირთვული ობიექტი.

„ციხე შიგნიდან ტყდება“ – ფორდოს მოწყვლადი მხარეები

რამდენადაც ხელშეუხებელი არ უნდა ჩანდეს ფორდო, სპეციალისტების თქმით, ობიექტს აქვს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუსტი წერტილები. კერძოდ:

  • ვენტილაციის გვირაბები, რომლებიც სიღრმეში ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს;

  • ენერგომომარაგების ქსელი, რის მეშვეობით ურანის გამამდიდრებელი სისტემები იკვებება;

  • ტექნიკური და სატრანსპორტო გვირაბები, რომლებიც ფორდოს სხვა სამხედრო ობიექტებთან აკავშირებს.

ექსპერტების აზრით, ფორდოს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ელემენტი ენერგომომარაგების სისტემებია. კომპლექსს არ შეუძლია ავტონომიურად ფუნქციონირება: ცენტრიფუგებს სჭირდება სტაბილური ენერგომომარაგება, ხოლო ვენტილაციის მილები უზრუნველყოფს გაგრილებას და უსაფრთხოებას. ამ სისტემებზე მიზანმიმართულმა შეტევამ – მაგალითად, ზუსტი ბომბებით ან კიბერჩარევით – შესაძლოა ფიზიკურად არ გაანადგუროს ობიექტი, თუმცა მისი ფუნქციონირების სრულ პარალიზებას შეძლებს.

სწორედ ასე იმოქმედა აშშ-მა წარსულში  სტაქსნეტის (Stuxnet) კიბერშეტევით, რომელმაც ბუშერის რეაქტორის პარალიზება მოახდინა. ამ პრეცედენტმა აჩვენა, რომ ფიზიკური ბომბის გარეშე შეიძლება მიაღწიო მიზანს – ობიექტის გათიშვას.

გარდა ამისა, დაზვერვა მიუთითებს გვირაბების გრძელი სისტემის არსებობაზე, რომელიც ფორდოს სხვა სამხედრო ობიექტებთან აკავშირებს. ეს გასასვლელები პოტენციური მარშრუტია როგორც ევაკუაციისთვის, ისე აღჭურვილობის მისაწოდებლად, თუმცა ომის შემთხვევაში ისინი შეიძლება კრიტიკულად მოწყვლადი გახდნენ, განსაკუთრებით თუ მათი კოორდინატები ცნობილია ამერიკული სადაზვერვო სამსახურებისთვის.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფორდო აუღებელ „ციხესიმაგრედ“ ჩანს, აშშ-ის არსენალში ზეწოლის სხვა, უფრო ზუსტი და დახვეწილი ინსტრუმენტებიც არსებობს. სწორედ მათი გამოყენება შეიძლება გახდეს შემდეგი თავი უხილავი ომისა, სადაც ბეტონი კოდთან მარცხდება, ხოლო მიწისქვეშა ციხესიმაგრის „აქილევსის ქუსლი“ – საკუთარი ინფრასტრუქტურის სისუსტეები ხდება.

სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და მისი შედეგები დღეისათვის (13-19 ივნისი, 2025)

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით Rising Lion („ამომავალი ლომი“) 13 ივნისის გამთენიისას დაიწყო – ისრაელის ძალებმა ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო ბაზებსა და ირანის არმიის პერსონალზე თავდასხმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზად თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნისადმი სახიფათო მიდგომა დაასახელა. თავის მხრივ, ირანმა კიდევ ერთხელ უარყო ატომური ბომბის შექმნის ბრალდებები და ისრაელის დარტყმებს ასობით ბალისტიკური რაკეტის გაშვებით უპასუხა.

სრულად წაკითხვა