'ნაპოლიში ბევრი რამ მომწონს, ბარსას ჰგავს' - რა თქვა ჩავიმ მატჩამდე

2 months ago 38

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ნაპოლი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.

მატჩამდე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა:

...მატჩის შესახებ: "ეს ჩემპიონთა ლიგაა, მზად ვართ, მოტივირებული ვართ. ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხედფინალში არ ვყოფილვართ, ამიტომ, ეს კარგი შანსია. შესაძლოა, ჩვენი მეტოქე არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ისეთივე საფუძველი აქვს ჩაყრილი, როგორც შარშან და ისინი იტალიის ჩემპიონები არიან".

...ნაპოლიზე: "ჩვენ ვგავართ ერთმანეთს. ნაპოლი ახალ მწვრთნელთან ერთად გაუმჯობესდა, ისინი უფრო კარგად თამაშობენ, უფრო დინამიურად, მაგრამ ჩვენც კარგად ვთამაშობთ, მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა. მოედანზე უნდა ვაჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც ვიცით, სტუმრად მათზე უკეთ ვითამაშეთ და სახლშიც უნდა დავამტკიცოთ".

...თავის გუნდზე: "ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის შემდეგ გავიდეთ, შეგვიძლია ბოლო წლების ტენდენცია შევცვალოთ. ტრავმები გვაქვს, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. თამამად უნდა ვითამაშოთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ ტურნირზე თამაში".

...როგორ ნაპოლის ელოდება: "თამამ ნაპოლის ველოდები, რომელიც პრესინგს ითამაშებს, ეცდება ბურთის ფლობას, როგორც ჩვენ. ასე რომ, ეს იქნება ღია და ლამაზი მატჩი. ნაპოლი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჰყავს ძალიან მაღალი დონის სამი შემტევი და იტალიის ჩემპიონია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ფავორიტი ამ მატჩს არ ჰყავს, შანსი 50-50%-ზეა. გულშემატკივრებმა გუნდს მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭირონ და ჩვენც შესაბამისი პასუხი გავცეთ. სტადიონზე ხვალ "კამპ ნოუს" მსგავსი ატმოსფერო უნდა იყოს. ფანები ძალიან გვჭირდება, მათ უნდა მოგვცენ ძალა".

ჩავი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

...რა მოსწონს ნაპოლიში: "ბევრი რამ მომწონს, ინდივიდუალური მხარეც, ისევე, როგორც მათი სამი შემტევი, რომლებიც ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობენ. მომწონს, მათი თავდაცვითი უნარი, პრესინგზე თამაში. ეს არის გუნდი, რომელიც შეტევას ყოველთვის დაცვიდან იწყებს და რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს. ნაპოლის სტილი ჩვენსაც ძალიან ჰგავს და კალცონამ გუნდი გააუმჯობესა".

...ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლიდან მოსწონს: "ძნელია არჩევა. ლობოტკა მომწონს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს არ კარგავს, აშენებს გუნდის თამაშს და მინდა ის ბარსელონაში ვიხილო. მას აქვს შესაბამისი კლასი ბარსას დარ გუნდში სათამაშოდ, შეუძლია აქაც შექმნას განსხვავება, როგორც ამას ნაპოლიში აკეთებს".

პრესკონფერენციაზე ასევე იყო ბარსას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც ნაპოლისთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"პირველ თამაშში მათი 3 თავდამსხმელის წინააღმდეგ თავს ძალიან კარგად ვიცავდით, მაგრამ მათ ერთი მომენტი შექმნეს და გოლი გაიტანეს. დარწმუნებული ვარ, ხვალ მათ მაქსიმალურად შევუზღუდავთ სივრცეებს. ყოველთვის გვინდა კარი მშრალად შევინახოთ, რადგან ასე მოგების შანსი უფრო დიდია. ბოლო დროს, ეს კარგად გამოგვდის. ნაპოლის პირველ მატჩში უკვე ჰყავდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც მაშინ სამუშაოდ ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ გუნდს უკვე ეტყობოდა მისი ხელი. ბოლო დროს ნაპოლიმ ძალიან მოუმატა, თუმცა, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. თამაშზე ვართ კონცენტრირებული, სხვა რამეზე თუ ვიფიქრებთ, შეცდომა იქნება, ყველას გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ნაპოლის აქამდე 5-ჯერ შეხვდა და არასდროს დამარცხებულა (2 მოგება, 3 ფრე). ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა.

სრულად წაკითხვა