ნიკოს მახლასი: ეს ქართველების დონეზე მეტყველებს, შანსები 50/50-ზეა

1 month ago 40
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • საბერძნეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფინალზე ვესაუბრეთ
  • ნიკოს მახლასმა თავის გუნდზე ვრცლად ილაპარაკა და შანსებიც შეაფასა 

საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიო დონის ფეხბურთელი არასდროს ჰყოლია, მაგრამ ამ გუნდის რიგებში პერიოდულად ჩნდებოდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ტოპ-ლიგების საუკეთესო კლუბებში წარმატებით ასპარეზობდნენ. საინტერესოა, რომ ყველა ამ მოთამაშემ სახელი არა აიაქსში, რომაში, ატლეტიკოში ან ინტერში თამაშით გაითქვა, არამედ მთავარი აღიარება სწორედ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩებით მოიპოვა.

ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ნიკოს მახლასია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამის აიაქსში საკმაოდ შედეგიანი იყო, ბევრს, პირველ რიგში, იმ გოლით დაამახსოვრდა, რომლითაც ბერძნები არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ნიკოს მახლასი მსოფლიო ჩემპიონატზე

აშშ-ში გამართული ეს ტურნირი საბერძნეთის ნაკრებისთვის მეორე დიდი საფეხბურთო ფორუმი იყო. პირველად მათ მონაწილეობა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღეს. 1994 წლის მუნდიალზე ნიკოს მახლასმა და მისმა თანაგუნდელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგეს და არც გოლი გაუტანიათ, მაგრამ შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების კარში გატანილმა და მუნდიალის საგზურის მომტანმა გოლმა, იმ მომენტში 20 წლის მახლასს ერედივიზიონისკენ გაუხსნა გზა.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ჩვენ ნიკოს მახლასს დავუკავშირდით და ფინალთან დაკავშირებით ვრცლად ვესაუბრეთ.

europop: საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთის ეროვნულ გუნდს 5:0 მოუგო. თვლით თუ არა, რომ ეს ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო თამაში იყო?

ნიკოს მახლასი: ეს მატჩი, ალბათ, საუკეთესო იყო. ნახევარფინალი ხომ ფაქტობრივად მცირე ფინალია. შეცდომის ფასი ძალიან დიდია. ასეთი ანგარიშის მიზეზი კი ჩვენი გუნდის კარგი თამაშია. შეხვედრის დებიუტში ძალიან აგრესიულები ვიყავით, სწრაფად გავიტანეთ ორი გოლი და ამის შემდეგ მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ. ეს საუკეთესო თუ არა, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.

europop: საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებებს ბოლო შეხვედრა 2021 წელს ჰქონდათ. მაშინ საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვან'ტ სხიპი იყო. რა შეცვალა პოიეტმა?

ნიკოს მახლასი: გუსტავო პოიეტმა ვან'ტ სხიპის გზა გააგრძელა. ყველაფერი ნიდერლანდელისგან დაიწყო. მან მოძებნა ახალი ფეხბურთელები, დაამკვიდრა თამაშის ახალი სტილი. საბერძნეთის ნაკრებმა დაიწყო დაახლოებით იმ სტილით თამაში, რომლითაც ნიდერლანდების ეროვნული გუნდი თამაშობს, აქცენტით ბურთის კონტროლზე. მას შემდეგ, რაც ჩვენს გუნდს სათავეში პოიეტი ჩაუდგა, სტრატეგია არ შეცვლილა, უბრალოდ, ურუგვაელმა ფეხბურთელებს საკუთარ ძალებში რწმენა კიდევ უფრო მეტად აუმაღლა. ჩვენ ახლა ყველა მატჩს მოსაგებად ვთამაშობთ. პოიეტი ძალიან კარგად მუშაობს. იგი ძალიან ძლიერი მოტივატორიცაა. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელებს ფეხბურთელებთან მუშაობის შეზღუდული დრო აქვთ. ამ დროში კი მათ სხვა რაღაცებთან ერთად, მოთამაშეების მოტივირებაც უნდა მოასწრონ. დღეს საბერძნეთის ნაკრები ერთი ოჯახივითაა. პოიეტის მუშაობა შედეგებზეც აისახა, რომლებიც ურუგვაელის პერიოდში გაუმჯობესებულია.

europop: ისტორიულად საბერძნეთის ნაკრები აშკარად დაცვითი სტილის მქონე გუნდი იყო. ნიდერლანდური ფეხბურთი კარდინალურად განსხვავებულია. შეგიძლიათ თქვათ, რომ გადაწყობის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა?

ნიკოს მახლასი: მართალი ბრძანდებით. წლების მანძილზე, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც საბერძნეთის ნაკრები პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენ უფრო დაცვითი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ვიყავით. საბოლოოდ, ამ სტრატეგიამ ათ წელიწადში ევროპის ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. იმ პერიოდში ჩამოვყალიბდით გუნდად, რომლისთვისაც გოლის გატანა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ვან'ტ სხიპმა შეცვალა ჩვენი საფეხბურთო კულტურა. პროცესი ნიდერლანდელის მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა სასელექციო მუშაობამ გააადვილა. დაცვაში თამაშს ახლაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, ამასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა ბურთზე კონტროლის მაჩვენებელი. დღევანდელ ფეხბურთში დაუბალანსებელი გუნდით წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

ამსტერდამის აიაქსში 1999-2003 წლებში თამაშობდა

ვან'ტ სხიპმა სწორედ ამ ბალანსის ჩამოყალიბება დაიწყო და პოიეტმა მისი საქმე გააგრძელა. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საბერძნეთის ნაკრების თამაში იდეალურადაა დაბალანსებული. რა თქმა უნდა, სათამაშო სისტემა მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანუ მეორე ნომრად თამაშს მიანიჭებ, მაყურებელი ამას ვერ გაიგებს. მაგრამ თუ თქვენ უყურეთ შეხვედრას საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, მიხვდებით, რომ ჩვენ დაცვას საკმაოდ დიდი ყურადღება დავუთმეთ, თუმცა, ამასთან ერთად, ორი გოლი გავიტანეთ. როდესაც დაბალანსებულ ფეხბურთზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვგულისხმობ. ვთვლი, რომ საფრანგეთთან მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ბოლო პერიოდის შეხვედრებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ მატჩმა ჩვენს ფეხბურთელებს თვითრწმენა აუმაღლა. ისინი დარწმუნდნენ, რომ თანაბრად თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებთანაც კი შეუძლიათ.

europop: საბერძნეთის ნაკრები 3-5-2 ან 4-3-3 სქემით თამაშობს. თქვენი აზრით, რომელ ვარიანტს აირჩევს თბილისური მატჩისთვის გუსტავო პოიეტი?

ნიკოს მახლასი: ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. როგორც საბერძნეთში ამბობენ, მოგებული გუნდის არც შემადგენლობა იცვლება და არც სათამაშო სქემა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ პოიეტი ამ თეზისს ბოლომდე გაითვალისწინებს. იგი თითქმის ყოველთვის ცვლის შემადგენლობას, ხოლო სათამაშო სქემას მეტოქისგან გამომდინარე არჩევს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდმა ოთხი მცველით ითამაშა და დაცვის ხაზს შეცდომები არ დაუშვია.

europop: რა შეგიძლიათ გვითხრათ პავლიდისზე. იგი მოედანზე საერთოდ არ გამოსულა. ტრავმა აწუხებს თუ ეს პოიეტის გადაწყვეტილება იყო?

ნიკოს მახლასი: საბერძნეთის ნაკრებს რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ცენტრფორვარდი ჰყავს. რა თქმა უნდა, მათ შორის არის პავლიდისიც, რომელიც ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ჩვენ გვყავს იონიდისიც. იგი ძალიან სწრაფი და აგრესიული ფორვარდია (ფოტის იონიდისი 24 წლისაა და პანათინაიკოსში თამაშობს. საბერძნეთის ჩემპიონატში მას 12 გოლი აქვს გატანილი) იონიდისმა გოლი გაუტანა ფრანგებს, მან თავი ყაზახების წინააღმდეგაც გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც გუნდში ასეთი თავდამსხმელები არიან. მწვრთნელს ყოველთვის შეუძლია რომელიმე მათგანი ცვლილებაზე გამოიყვანოს და ამით თამაში არა მარტო გააძლიეროს, არამედ შეტევების სტილი შეცვალოს. არ ვიცი, რომელი მათგანი იქნება თბილისური მატჩის ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იონიდისი ძალიან კარგ ფორმაშია.

საბერძნეთის ნაკრებში 61 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი

europop: რა იცით ქართველი ფეხბურთელების შესახებ. მაგალითად, ლევან შენგელია საბერძნეთის სუპერლიგაში თამაშობს.

ნიკოს მახლასი: რა თქმა უნდა, ვიცი, რომ შენგელია საბერძნეთში თამაშობს, ისიც ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. მას არ უთამაშია ლუქსემბურგის წინააღმდეგ და მიუხედავად ამისა, თქვენმა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებს კიდევ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გყავთ. საქართველოს ადრეც ძალიან მაგარი ფეხბურთელები ჰყავდა. იგივე შოთა არველაძე, რომელთან ერთადაც და რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. მსმენია, რომ თქვენს გუნდს პრობლემები ჰქონდა დაცვაში, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ეს საკითხი მოგვარებულია. საქართველოს ნაკრები კარგად დაბალანსებული და საკმაოდ ძლიერი გუნდია

europop: შოთა არველაძე ახსენეთ. როგორ გაგონდებათ თქვენი კარიერის ამსტერდამული პერიოდი და რას გვეტყვით შოთას შესახებ?

ნიკოს მახლასი: შოთასთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ სოციალური ქსელების მეშვეობით. იგი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და დაუჯერებლად კარგი ადამიანია. ჩემთვის შოთა საუკეთესო პიროვნებაა იმათგან, ვისაც ფეხბურთმა შემახვედრა.

europop: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ორჯერ ითამაშეთ და ორი გოლი გაიტანეთ. გახსოვთ ეს შეხვედრები?

ნიკოს მახლასი: ძალიან კარგად მახსოვს მეორე თამაში, რომელიც თბილისში ჩატარდა და რომელშიც ძალიან გაგვიმართლა. ბოლო წუთზე გავიტანე და მოვიგეთ მატჩი, რომლის მოგებასაც არ ვიმსახურებდით. საქართველოს ნაკრებმა მაშინ ძალიან კარგად ითამაშა. შოთასთან ერთად თქვენს გუნდში თემურ ქეცბაიაც დამამახსოვრდა. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ჩვენს გუნდში ნინიადისიც თამაშობდა, რომელიც ასევე საქართველოშია დაბადებული.

ნიკოს მახლასი და თემურ ქეცბაია

europop: და ბოლოს - ვინ ითამაშებს თქვენი აზრით ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს თუ საბერძნეთის ნაკრები?

ნიკოს მახლასი: დიდ განსხვავებას გუნდებს შორის ვერ ვხედავ. საბერძნეთის ნაკრები უფრო გამოცდილია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მე მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საბერძნეთის ნაკრები იყოს, თქვენ გსურთ, რომ გერმანიაში საქართველოს ნაკრები გაემგზავროს, ამიტომ, მოდი შევთანხმდეთ და ვთქვათ, რომ შანსები 50/50-ზეა.

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდნენ. ამ მატჩებიდან რვა თამაში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში ჩატარდა, ერთი მატჩი, სულ პირველი, რომელიც 1996 წელს გაიმართა, ამხანაგური იყო. ბერძნებს შვიდი გამარჯვება აქვთ, ორჯერ კი გუნდებმა ფრედ ითამაშეს.

ნიკოს მახლასმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაპირისპირებებში ითამაშა. 1998 წელს ათენში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. მახლასმა იმ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო წლის ზაფხულში თბილისში ჩატარებული მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სრულად წაკითხვა