'ო, არა! ეს ტრაგედიაა!' - რას წერს ბერძნული მედია თბილისურ მატჩზე

1 month ago 29

თბილისში წაგებული გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ბერძნულ პრესაში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა და ცხადია, ეს მოსალოდნელიც იყო. მართალია, საბერძნეთის ნაკრებს 2004 წლის ევროპული ოქროც კი აქვს მოგებული, თუმცა, ბოლო 10 წელია დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე არ გასულა და ნავსის გატეხვა საქართველოს ნაკრებთან სურდა. ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვიდა.

Sport Day: "თბილისში გამართული ფინალი ჩვენი ნაკრებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ამაში მთავარი დამნაშავე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მყოფი ხალხია, რომელიც ბერძნულ ფეხბურთს განვითარების საშუალება არ აძლევს".

Live Sport: "წავაგეთ – ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი ჩავარდნაა. საქართველომ პენალტების სერიაში 4:2 მოგვიგო და ევრო 2024-ზე თავად გაემგზავრება. ჩვენი ფეხბურთის შავი ათწლეული გრძელდება".

Live Sport-ის პირველი გვერდი: ჩვენი ფეხბურთის შავი ათწლეული გრძელდება

Fos Ton Spor: "ო, არა. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს დისკვალიფიკაცია მოგვცეს. საბერძნეთის ნაკრები საქართველოდან ცარიელი ხელებით ბრუნდება".

Kokkinos Protathlitis: "ტრაგედია! თბილისში გამართულმა თამაშმა ყველანი დაგვადუმა. ათენში მწარე ღამე იყო. საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრება".

Metro Sport: "მშვიდობით, ოცნებავ! საბერძნეთს ევრო 2024-ზე ვერ ვიხილავთ, რისი წინაპირობაც ბაკასეტასისა და იაკუმაკისის მიერ აცილებული პენალტები იყო, მანამდე კი, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა".

Gazzetta: "გუსტავი პოიეტის გუნდი გამოაგდო მეტოქემ, რომელიც კლასით უფრო დაბალ დონეზე იმყოფებოდა. საქართველოს მინდორზე არ უჩვენებია რაიმე განსაკუთრებული, თუმცა, აჩვენა ვნება და მონდომება. საბოლოოდ, გამარჯვებისთვის საკმარისი სწორედ ეს აღმოჩნდა. მონდომებას ვერც ბერძენ ფეხბურთელებს დავუკარგავთ, მათაც ყველაფერი გაიღეს, მაგრამ პენალტების სერიაში, როგორც წესი, უფრო სუსტებს უმართლებთ ხოლმე და ახლაც ასე მოხდა. თამაშის ბოლოსკენ უკვე აშკარად სჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები აქცენტს 11-მეტრიანების სერიაზე აკეთებდა და ამ გათვლამ გაამართლა კიდეც".

SDNA: "ის, რაც თბილისის ქუჩებში მატჩის მერე ვიხილეთ, ალბათ, არის პასუხი იმაზე თუ რატომ მოიგო საქართველომ. ათასობით ადამიანის სახეებზე ყველაფერი იყო აღბეჭდილი. ქვეყანა ამას ელოდებოდა და მიიღო კიდეც. დროშებით შეიარაღებული ფანების ემოციების ხილვა ერთ რამედ ღირდა. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, საბერძნეთი კი... ის მომენტია, როდესაც უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან გვეწყინა".

Iraklio News: "იმედი, რომ საბერძნეთის ნაკრები მომავალ ევროპირველობაზე ითამაშებდა, თბილისში ჩაქვრა. ჩვენი გუნდი ზედიზედ მესამე ევროპას გამოტოვებს, საქართველოს ეროვნული გუნდი კი ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს. როგორც სჩანს, გუსტავო პოიეტის ბერძნული ეპოპეა სწორედ ქართველმა ფეხბურთელებმა დაასრულეს. ურუგვაელ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი 31 მარტს გასდის და ის ფაქტი, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას მის გაგრძელებაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ყველანი თბილისური მატჩის შედეგს ელოდებოდნენ. რა მოხდა თბილისში უკვე ვიცით, ახლა კი, ჯერი ფედერაციაზეა".

Nova Sports: "საბერძნეთის ნაკრებმა ბოლოს დიდ ტურნირზე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. იყო იმედი, რომ ეს სერია შეწყდებოდა, თუმცა, არა... ის გრძელდება. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების გასახდელში საზარელი სიტუაცია იყო. ფეხბურთელების უმეტესობას ცრემლი სდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი დამშვიდება პოიეტს მოუხდა. ის ბაკასეტასთან მივიდა და პირადად უხსნიდა, რომ წაგება მისი ბრალი არ იყო".

Ant1 News: "რუსულ რულეტკაში" საქართველოს უფრო გაუმართლა... პენალტების სერიაში ყოველთვის არის გამართლების წილი და ამჯერად, იღბალი მეტოქეს მხარეს იყო. თამაშის მერე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ადგილობრივი ფანებით გაივსო. ალბათ, 55 ათასივე ადამიანი მინდორზე გადავიდა... უფრო მეტი კი გამარჯვებას გარეთ ზეიმობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს, საბერძნეთი კი... რატომ მოხდა ეს, ალბათ, უფრო ცივ გონებაზე უნდა გავაანალიზოთ".

Newsit: "საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ქვეყანაში ნამდვილი სიგიჟე გამოიწვია. ადამიანები თბილისსა და ბათუმში მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში, რათა მათთვის ისტორიული წარმატება აღენიშნათ. ზეიმი დილამდე გრძელდებოდა, მას კი ქართველი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რამაც ხალხის მასა კიდევ უფრო მეტ აღტაცებაში მოიყვანა".

Sport24: "საბერძნეთის ნაკრები ვერც მომავალ დიდ ტურნირზე ითამაშებს. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის ის მაინც იყო საჭირო, რომ პენალტები კარგად დაგვერტყა. ესეც არ გამოვიდა. თბილისში ძალიან მძიმე მატჩი იყო და გათანგული საბერძნეთი თითქოს მაინც მივიდა სავსე ჭასთან, თუმცა წყალი მაინც მეტოქეს ერგო. 120 წუთში დაღვრილი ოფლი ფუჭი გამოდგა და ძალიან მწარე განცდები დაგვიტოვა".

მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გააღწია. მოახლოებულ ევროპირველობას 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს, საქართველო კი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.

სრულად წაკითხვა