ო'მალი დვალიშვილთან ჩხუბს დათანხმდა! მერაბმა მის განცხადებას უპასუხა

2 months ago 35
  • შონ ო'მალიმ ქართველი გამოიწვია, თუმცა, მისი სახელი არასწორად დაწერა
  • დვალიშვილის პასუხმაც არ დაახანა და ის საკმაოდ მწარე იყო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალი (18-1 ММА, 10-1 UFC) მზადაა ტიტული ქამრის მთავარ პრეტენდენტ მერაბ დვალიშვილთან (17-4 ММА, 10-2 UFC) ორთბრძოლაში დაიცვას. ამის შესახებ ამერიკელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში დაწერა: "მე მინდა მერაბი. 2025 წელი ლეგენდარული იქნება".

უფრო სწორად, შონმა დვალიშვილის სახელი არასწორად დაწერა (MARAB), რასაც ქართველის მყისიერი რეაქცია მოჰყვა: "ამ გამოწვევას 7 წელი ველოდი, თუმცა, მარაბი ვინაა? გადაიმეორე ის გაკვეთილები, რომლებიც ჩემს სახელთან დაკავშირებით ჰენრის (იგულისხმება ვიდეო, სადაც დვალიშვილი სეხუდოს მისი გვარის წარმოთქმას ასწავლის, - რედ.) ჩავუტარე. როგორც ვხვდები, ერთი წელი იმისთვის გჭირდება, რომ მანქანასთან (დვალიშვილის მეტსახელია, - რედ.) საბრძოლველად მოემზადო".

შეგახსენებთ, რომ ო’მალიმ ტიტული პირველად 10 მარტს, ეკვადორელ მარლონ ვერასთან (9-1 ММА, 15-8 UFC) დაპირისპირებაში დაიცვა. დვალიშვილი, რომელიც ორგანიზაციაში ზედიზედ 10 მოგებას ითვლის და დიდი ხანია, სატიტულო ჩხუბს ითხოვს, ო’მალი-ვერას შეხვედრაზე სარეზერვო მებრძოლადაც კი დარეგისტრირდა, თუმცა, ოქტაგონზე გასვლამ არ მოუწია. 

აღსანიშნავია, რომ ვერასთან გამარჯვების შემდეგ, შონ ო’მალიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი, რამაც დვალიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. 

"მე არსად მეჩქარება. არ მსურს უპატივცემულობა გამოვიჩინო. ჩემპიონს დრო სჭირდება, ჯერ უნდა დაისვენოს და დატკბეს თავისი ქამრით. მაგრამ როდესაც ჩხუბს მოინდომებს, მე ყოველთვის მზად ვარ", - განაცხადა მაშინ დვალიშვილმა, რომელიც შეეცადა ო’მალისთან ურთიერთობა გასახდელშიც გაერკვია, თუმცა, ამერიკელისგან პასუხი ვერ მიიღო, ახლა კი, შონის განცხადებაც გამოჩნდა, სადაც საინტერესოა შესაძლო დაპირისპირების თარიღზე მინიშნებაც.

დვალიშვილი, რომელმაც თებერვალში ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამაარცხა, მზად იყო, ამერიკელის წინააღდეგ ლას ვეგასში, ტურნირ UFC 306-ის ეგიდით უკვე წლეულს,14 სექტემბერს ებრძოლა, ო’მალიმ კი სავარაუდო დროდ მომავალი წელი დაასახელა.

როგორც EssentiallySports წერს, ამას 2 მიზეზი აქვს. შონ ო’მალის სურს სრულად მოიშუშა ფეხის ტრავმა, რომელიც მან ვერასთან ჩხუბისას მიიღო და კიდევ უფრო მთავარი: ამერიკელ მებრძოლს უნდა საფუძვლიანად მოემზადოს დვალიშვილის სტილთან გასამკლავებლად, რომელიც მისთვის ძალიან უხერხულია და სასურველი შედეგის მისაღწევად ძლიერი სტრატეგიის შემუშავება მოუწევს. ასეა თუ ისე, საინტერესო ორთაბრძოლაზე უკვე ორივე მხარის თანხმობა არსებობს და ახლა, ჯერი UFC-ს ხელმძღვანელობაზეა.

სრულად წაკითხვა