ო’მალის მასტერკლასი და პორიეს კიდევ ერთი შანსი - რა ვნახეთ UFC 299-ზე

2 months ago 54

გასულ კვირას, 10 მარტს, UFC ფლორიდაში, ლეგენდარულ ქალაქ მაიამიში სასწაული ქარდით დაბრუნდა. უნდა ითქვას: ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ქარდი, სადაც ჩანიშნული ბრძოლები “ქაღალდზე” საინტერესო დაპირისპირებებს გვპირდებიან, რეალობაში მოსაბეზრებელი შეიძლება აღმოჩნდეს…


საბედნიეროდ, UFC 299-ზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. Main და co-main ივენთებით დაწყებული და პრელიმებით დამთავრებული - ქარდმა მაყურებელი არაერთი საინტერესო ბრძოლით გაანებივრა. მოდი, სწორედ ამ ბრძოლებზე ვილაპარაკოთ.

შონ ომალი vs. მარლონ ვერა

ჯერ კოლბი კოვინგტონი, ახლა მარლონ ვერა - ბოლო 4 თვეში 2-ჯერ დავრწმუნდით, რომ ერთადერთი, რასაც დაუმსახურებელი სატიტულო ბრძოლების შედეგად ვიღებთ, არაკომპეტენტური მატჩებია. არ ვიცი, შეიძლება, ფსიქოლოგიურ როლს თამაშობს ფაქტი, რომ იცი: იქამდე, სადაც ახლა ხარ, იღბალმა მოგიყვანა. არაა გამორიცხული, მართლა გჯეროდეს, რომ კარიერის განმავლობაში საკუთარ უნარებში საკმარისი შრომა ჩადე და მოქმედი ჩემპიონის დამარცხება შეგიძლია, თუმცა, იქვე იაზრებდე, რომ ამის დასამტკიცებლად კონტენდერების დამარცხების გზა არ გაქვს გავლილი… როგორც არ უნდა იყოს, უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ამ ბრძოლით ტიტულზე დაუმსახურებელი პრეტენდენტების ეპოქა დამთავრდება. მაგრამ არც ისეთი მიამიტი ვარ, რომ ამ სურვილის ასრულების დავიჯერო.

უმეტესწილად იმიტომ, რომ, ედვარდს-კოვინგტონისგან განსხვავებით, ვერა-ო’მალი ძალიან კარგი ბრძოლა გამოდგა. აქ კი, მადლობა ეკუთვნის სწორედ მოქმედ ჩემპიონს, რომელმაც კვირას ოქტაგონზე ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა… და ამისთვის ერთი კარგი სიტყვაც არ მიუღია.

მინდა აღვნიშნო, რომ არც კი მახსოვს, ბრძოლის შედეგების გაშუქებისას, MMA-ს მოყვარულებისგან ასეთი მკვეთრი ნეგატივი როდის ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ შონ ო’მალი ამ სპორტის ქართველ ფანებს დიდად არ უყვარდათ (და ამისთვის არაერთი მიზეზი აქვთ), თუმცა, გამიკვირდა ის არაობიექტური რაკურსი, რაშიც სპორტსმენს განიხილავენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სულაც არაა აუცილებელი, შონ ო’მალის ფანები ვიყოთ, რომ ვაღიაროთ, რომ კვირას ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა. სულაც არაა აუცილებელი, მოგვწონდეს მისი ვარცხნილობა ან ჩაცმულობა. სულაც არაა აუცილებელი, მოგვწონდეს ის, რასაც ის ამბობს ან აკეთებს ოქტაგონს მიღმა. ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია: უნდა ვაღიაროთ, რომ ო’მალი მართლაც კარგი მებრძოლია.

რაოდენ დაუმსახურებელიც არ უნდა ყოფილიყო მარლონ ვერას ტიტულზე ბრძოლა, ეს ფაქტი არ ცვლის იმას, რომ “ჩიტო” ძალიან გამძლე და სახიფათო მეტოქეა, რომელმაც, მოგეხსენებათ, ო’მალი თითქმის 4 წლის წინ დაამარცხა. თუმცა, ის შონ ო’მალი, რომელიც კვირას ოქტაგონზე ვერას წინააღმდეგ გამოვიდა, სულ სხვა მებრძოლი იყო: სრულყოფილი, გაწონასწორებული და კარგად მომზადებული. სხვანაირი სპორტსმენი უბრალოდ ვერ იზამდა “ჩიტო” ვერასთან ოქტაგონზე იმას, რასაც ო’მალი 25 წუთის განმავლობაში აკეთებდა. ზოგმა კი ახსენა, რომ წარსულში ვერამ კორი სენდჰეგენთანაც დომინანტურად წააგო, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორის გამარჯვების ერთ-ერთი ინგრედიენტი ჭიდაობა იყო. სტრაიკინგში ვერას ასეთი განადგურება ჯერ არ გვინახავს.

პრევიუშიც აღვნიშნე, რომ ეს მატჩი იყო ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მებრძოლის დაპირისპირება, რომელშიც გაიმარჯვებდა ის, ვინც საკუთარი იარაღისთვის იდეალურ დისტანციას დაიჭერდა. სწორიც აღმოვჩნდი - თითქმის მთელი 5 რაუნდი, ო’მალი ვერას შორიდან ანადგურებდა. კიდევ ერთი რამ, რაშიც სწორი აღმოვჩნდი, იყო ის, რომ მას ამაში ოქტაგონის ზომა დაეხმარებოდა. ვერას და ო’მალის პირველი ბრძოლა პატარა ოქტაგონში გაიმართა, კვირას კი სპორტსმენები ერთმანეთს სტანდარტულ გალიაში შეხვდნენ, სადაც შონმა უბრალოდ არ მისცა ვერას შანსი, თავი კედელთან გამოეჭირა და აქტიურ შეტევაზე გადასულიყო.

ზოგადად, გარკვეული დონის პასიურობა ვერას სტილის სუსტი მხარე ყოველთვის იყო. თუმცა, ამას აბალანსებდა ის ფაქტი, რომ ჩიტოს ბრძოლის დამთავრება ბოლო რაუნდებშიც შეეძლო. ო’მალისთან ბრძოლაში ამის შანსი ვერც კი მიიღო - შონი მეტოქეს მუდმივად ცრუ მოძრაობებით და შეტევებისთვის შერჩეული უცნაური მიმართულებითა და დროით (თაიმინგით) აბნევდა. დაცვაში კი, სწორი მოძრაობებით და დისტანციის კონტროლით “ჩიტოს” ეფექტიანობა, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა. ხოლო იმ მომენტებშიც, როდესაც ვერამ ო’მალი ახლო დისტანციაზე მიმოცვლაში “შეიტყუა”, შონმა საკმაოდ კარგი გამძლეობა და ე.წ. “ყბა” გვაჩვენა, რასაც მისგან არ ველოდი. არც იმას ველოდი, რომ ო’მალი აქტიური შეტევის რეჟიმში მუშაობას 25 წუთის განმავლობაში შეძლებდა - საპირისპირო დამიმტკიცა. 

და მაინც: მთავარი რამ, რაც მე, როგორც ამ სპორტის მოყვარულს მომეწონა, იყო ის, რომ, ო’მალიმ ბოლო რაუნდში ტემპს არ დაუწია. ხშირად ნახავთ, რომ როდესაც მებრძოლებს ხუთიდან პირველი ოთხი რაუნდი მოგებული აქვთ, ბოლო 5 წუთი უბრალოდ ბრძოლის “არ წაგების” რეჟიმში გადადიან: დიდად არ აქტიურობენ, რათა მეტოქეს ნოკაუტის ან საბმიშენის შანსი არ მისცენ. ბოლო რაუნდის დაწყებამდე, ო’მალის მწვრთნელმაც მას შეახსენა, რომ 4 რაუნდი მოგებული აქვს და არასაჭირო რისკებზე არ წავიდეს. ამის ნაცვლად, შონ ო’მალიმ ბოლო 5 წუთში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მარლონ ვერა დააფინიშოს. ერთადერთი, რის გამოც ეს არ გამოუვიდა - “ჩიტოს” არაადამიანური გამძლეობაა. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონს უნდა დავუფასოთ ის, რომ იმ მომენტში ნამდვილი მებრძოლივით მოიქცა.

ზოგადად, ჩემი აზრით, ქართველი ფანების მხრიდან შონ ო’მალის დაფასება არც ისე ცუდი იდეა იქნებოდა. ბოლო-ბოლო, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპატაჟური ჩემპიონი მერაბ დვალიშვილის შემდეგი ოპონენტი იქნება. ჩვენც და ბუქმეიქერებიც ვთანხმდებით იმაზე, რომ იმ ბრძოლაში მერაბი ფავორიტი იქნება და სხვა თუ არაფერი, მეტოქეს უნარების აღნიშვნა გამარჯვებას უფრო შთამბეჭდავსა და ღირებულს ხდის. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს სამართლიანი აღიარება, რომ ო’მალიმ ვერას რევანშში სრული დეკლასირება და მასტერკლასი ჩაუტარა. ხოლო ეს მასტერკლასი იყო განპირობებული არა იმით, თუ რა ვერ გააკეთა “ჩიტომ”, არამედ იმით, რისი გაკეთების უფლება არ მისცა შონმა.

თუმცა, რამდენადაც შთამბეჭდავი არ უნდა ყოფილიყო ო’მალის პერფორმანსი ოქტაგონზე, ის, რაც მან ჯო როგანს ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში უთხრა, ჩემპიონის ეს მოგება ჩემთვის, ფაქტობრივად, გააუფასურა. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ილია თოფურიას გამოწვევაზე. არასწორად არ გამიგოთ: MMA-ს საკმარისი დროის განმავლობაში ვუყურებ იმისთვის, რომ მესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი პიარი და რომ ცხოვრებაში ვერასდროს მიიღებ იმას, რასაც არ მოითხოვ. შერეული ორთაბრძოლები prize fighting-ია და მებრძოლის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ფინანსური მოგება უნდა იყოს. თოფურიას და ო’მალის დაპირისპირება კი, ცალსახად, სანახაობრივი და გაყიდვადი იქნება… თუმცა, ეს არ ცვლის იმას, რომ ჩემპიონმა შემდეგ მეტოქედ არასწორი ქართველი დაასახელა. როდესაც დამსახურებული პრეტენდენტის არსებობის მიუხედავად, ტიტულის პირველი დაცვა დივიზიონის მე-5 მებრძოლთან გაქვს, თავადაც უნდა იაზრებდე, რომ მეორე წონის ქამარზე ბრძოლა არ უნდა მოითხოვო. ბოლო-ბოლო რაღაც მომენტში სპორტის და რეიტინგების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ხომ უნდა დავიწყოთ, არა?

ნებისმიერი ყველაზე ლამაზი გამარჯვებაც კი თავის ფასს კარგავს, თუ ქომაგს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ რთულ ოპონენტს გაურბიხარ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ოპონენტი (თუნდაც, თეორიულად) შენთვის სტილისტურად აბსოლუტურ კოშმარს წარმოადგენს. ამიტომ, რამდენადაც მკაცრად დავიცავ საკუთარ აზრს იმაზე, რომ ო’მალის უნარები დასაფასებელია, იმდენად მკაცრად და კატეგორიულად განვაცხადებ, რომ მის მიერ მერაბ დვალიშვილის გარდა ვინმეს გამოწვევა, უდიდესი შეცდომა იყო. 

საბედნიეროდ, MMA-ს ფანებისა და ექსპერტების უმეტესობა ერთხმად დვალიშვილთან დაპირისპირებას მოითხოვს. იმავე აზრზეც არის UFC პრეზიდენტი, დანა უაითი. მოგეხსენებათ, დვალიშვილის სეხუდოსთან მოგების შემდეგ, დანამ მერაბი ტიტულზე შემდეგ პრეტენდენტად დაასახელა. ო’მალი-ვერას შემდეგ კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩემპიონებმა, წონაში აქეთ-იქით ხტუნაობის ნაცვლად, ჯერ საკუთარ დივიზიონებს უნდა მიხედონ. ამიტომ, ქართველ გულშემატკივარს შეუძლია მშვიდად დაიძინოს: დარწმუნებული ვარ, სუპერმსუბუქი დივიზიონის შემდეგ სატიტულო მატჩში, ოქტაგონის ლურჯ კუთხეში სწორედ მერაბ დვალიშვილი იდგება. 

ერთადერთი, რაც მიჭირს - დაახლოებითი თარიღის დასახელებაა. სექტემბერი “Sphere”-ში? რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი იდეალური იქნებოდა, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ UFC-ს ამ ივენთზე კონკრეტული გეგმები უკვე არ აქვს. რაც არ უნდა იყოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ო’მალი-დვალიშვილის დაპირისპირებას წლის ბოლომდე ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილის დომინანტობის მიუხედავად, ის ო’მალი, რომელიც კვირას ვნახეთ, სახიფათო ოპონენტია, რომლის ჩამოწერა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და, მერწმუნეთ, ეს თავად მერაბმაც და მისმა გუნდმაც კარგად იციან. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 2024 წელს საქართველოს შეიძლება UFC-ს ორი ჩემპიონი ჰყავდეს!

დასტინ პორიე vs. ბენუა სენ-დენი

ამ მატჩის ჩანიშვნის მომენტიდან, მის ბოლო წამამდე, ერთადერთი, რაშიც ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული, იყო ის, რომ ამ ბრძოლის ძალიან მეშინოდა. 35 წლის ასაკში, head kick ნოკაუტის შემდეგ, ოქტაგონზე 28 წლის “მკვლელის” წინააღმდეგ გამოსვლა კარგი აზრი არასდროს არის. თუმცა, როგორც ჩანს, მსუბუქი დივიზიონის ძველ გვარდიას “სიცოცხლეების” უსასრულო რაოდენობა აქვთ: ისევე, როგორც ოლივეირა-დარიუშის და გეიჯი-ფიზიევის შემთხვევაში, ახალ პრეტენდენტს დივიზიონის ტოპში გადასვლის შანსი არც პორიემ მისცა - ლუიზიანელმა სენ-დენი მეორე რაუნდის შუაში დაანოკაუტა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნოკაუტამდე ბრძოლაში ცალსახად სენ-დენი ლიდერობდა: პირველი რაუნდი ფრანგის დომინაციით გაიმართა. მაგრამ დასტინ პორიეს მეტოქეებმა, რატომღაც, ვერაფრით ისწავლეს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ “The Diamond”-თან ახლო დისტანციაზე მისვლა და კრივის მიმოცვლებში აყოლა, სიკვდილის ტოლფასია. კონორ მაკგრეგორი, მაიკლ ჩენდლერი და ახლა უკვე ბენუა სენ-დენიც - პორიეს ჰუკის მსხვერპლთა რიცხვი სტაბილურად იზრდება.

გილიოტინის დაუსრულებელი (და აბსოლუტურად არაეფექტიანი) მცდელობების გარდა, ვეტერანმა ოქტაგონზე შთამბეჭდავი პერფორმანსი დადგა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა როგორც მოყვარულებს, ასევე ბუქმეკერებს, რომ ამ დივიზიონში მისი ჩამოწერა, ჯერჯერობით, ნაადრევია.

მაგრამ რამდენად იმსახურებს ეს გამოსვლა ისლამ მახაჩევთან ტიტულზე ბრძოლას? ობიექტურად, არ იმსახურებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შემდეგ თვეში, UFC 300-ზე ერთმანეთს ჩარლზ ოლივეირა და არმან ცარუკიანი უპირისპირდებიან, ეს ბრძოლა კი, დანა უაითის თქმით, #1 კონტენდერის სტატუსისთვის იქნება. რაც შეეხება დასტინ პორიეს, მას ტიტულამდე კიდევ ერთი მოგება სჭირდება. ჯასტინ გეიჯის მაქს ჰოლოვეისთან გამარჯვების შემთხვევაში, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ე.წ. “ასტინების” ტრილოგიის ჩანიშვნა.

აღნიშვნას ასევე იმსახურებენ…

Main და co-main ბრძოლების გარდა, UFC 299-ის ქარდზე რამდენიმე გამორჩეული პერფორმანსი ვიხილეთ, რომელზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ (თუნდაც მოკლედ). 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვესაშუალო წონას ახალი საინტერესო პრეტენდენტი ჰყავს და მისი სახელია ჯეკ დელა მადალენა. ავსტრალიელს გასულ კვირას შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, სადაც მე-3 რაუნდის მიწურულს, დივიზიონის ვეტერანი, გილბერტ ბერნსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. კარგი კრივის გარდა, რასაც დელა მადალენასგან ისედაც მიჩვეულები ვართ, ახალგაზრდა სპორტსმენმა გაუმჯობესებული გრეპლინგიც გვაჩვენა, რაც მის სერიოზულ განვითარებაზე მიუთითებს - მოგეხსენებათ, გილბერტ ბერნსი ჯიუ-ჯიცუში მესამე საფეხურის შავი ქამრის მფლობელი, IBJJF-ის მსოფლიო ჩემპიონი და ADCC-ის მედალოსანია. 

ბრძოლის შემდეგ (რომელშიც ათლეტმა performance of the night ბონუსიც მიიღო), დელა მადალენამ ქვესაშუალო წონის კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი, შავკატ რახმონოვი გამოიწვია. რამდენად ჩანიშნავს UFC ამ ეტაპზე ორი კონტენდერის ბრძოლას? არ ვიცი, თუმცა, დაპირისპირება ნამდვილად სანახაობრივი იქნებოდა.

კიდევ ერთი რამ, რის აღნიშვნასაც ვისურვებდი, მაიკლ “Venom” პეიჯის UFC-ში დებიუტია. ბელატორის ყოფილი ვარსკვლავი ოქტაგონზე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და სამი რაუნდის შედეგად, მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. კევინ ჰოლანდი შეიძლება საჩემპიონო კალიბრის სპორტსმენი არაა, თუმცა, ობიექტურად, მრავალმხრივ განვითარებული მებრძოლია. ამის მიუხედავად, ჰოლანდმა პეიჯის კრეატიულ სტრაიკინგს ვერაფერი დაუპირისპირა და მატჩის 15-ვე წუთი ფრუსტრაციაში გაატარა. დრამატული walk out-ის და შთამბეჭდავი პერფორმანსის გარდა, პეიჯის წარმატებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: ამ სპორტის მოყვარული კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ მსოფლიოს სხვა ორგანიზაციებშიც არსებობენ ნიჭიერი მებრძოლები, რომლებიც UFC-ს ათლეტებისთვის საინტერესო ოპონენტებს წარმოადგენენ.

და ბოლოს…

პალმების, ნეონის განათებებისა და GTA Vice City-ს ატმოსფეროს მქონდე ქალაქში UFC-ს დაბრუნება ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. მოუთმენლად ველოდებით შონ ო’მალის ტიტულის მეორე დაცვის ჩანიშვნის თარიღს - ამჯერად, დამსახურებული #1 პრეტენდენტის და ქართველი “მანქანის” შეუჩერებელი ძალის წინააღმდეგ. ასევე, საინტერესოა, როგორ აისახება პორიეს და მადალენას გამარჯვებები მსუბუქი და ქვესაშუალო დივიზიონების “ლანდშაფტზე”... 

თუმცა, ეს ყველაფერი - მოგვიანებით. მანამდე კი, 14 აპრილს, UFC-ს საიუბილეო 300-ე ივენთი გველოდება, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება და რომლის სასწაული ბრძოლების წინასწარ მიმოხილვებს “ევროპოპის” მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებ.

სრულად წაკითხვა