WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოხუმში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან, ძვირადღირებული თეთრი როიალი დადგეს, რომელმაც სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია.

გერმანული კომპანია August Förster-ის წარმოების ინსტრუმენტი ქალაქს რუსეთის „ელჩმა“, ბელგოროდის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გადასცა.

ქალაქის დე ფაქტო მერიაში განაცხადეს, რომ ინსტრუმენტი მჩუქებლის სურვილით განთავსდა, რათა მასზე დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეძლოს, ასაკისა და მუსიკალური განათლების მიუხედავად. მათივე თქმით, როიალის სხვა ადგილზე გადატანა არ იგეგმება და ის ახალი საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი გახდება.

მათივე განმარტებით, ღია ცის ქვეშ საკრავების დადგმა მიღებული პრაქტიკაა, ინსტრუმენტისთვის სპეციალურ დამცავ შალითას შეკერავენ, გვერდით კი ვიდეოკამერებს დააყენებენ. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ კლიმატური პირობები დროთა განმავლობაში საკრავის მდგომარეობაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს.

აფხაზურ ტელეგრამ-არხებში დაიწერა, რომ ეს ძვირადღირებული საკონცერტო როიალია, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ რუბლს (60 ათასი დოლარი) ან მეტს შეადგენს.

„ასეთი ინსტრუმენტები თავსდება შენობებში, სადაც კლიმატკონტროლია და ტემპერატურა რეგულირდება, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი ადგილი ღია ცის ქვეშ, ზღვასთან ახლოს არ არის. ღამით რომ იწვიმოს, ინსტრუმენტი უბრალოდ განადგურდება“, - წერს გამოცემა „Эхо Абхазии“.

საკითხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, ფორტეპიანოს აწყობმა აღნიშნა, რომ ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰაერი, წვიმა და სიცხე როიალს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: სიმები დაჟანგდება, ხის დეტალები გაფართოვდება და გაიჭედება, საღებავი გახუნდება.

ბევრი დაიწერა ვანდალიზმის საფრთხეზეც. განხილვაში, სოხუმელების გარდა, ჩაერთნენ სხვა ქალაქების მცხოვრებლებიც:

„მიეცით ეს როიალი გუდაუთელებს! ეს ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ გარეთ გაფუჭდება. ჩვენს კულტურის სახლში კი როიალი საერთოდ არ გვაქვს. ათ წელზე მეტია, რაც ძველი გერმანული ინსტრუმენტი გაქრა და ახალი არავის მოუტანია“.

კრიტიკას გამოეხმაურა ტელეგრამ-არხ RESPUBLICA-ს ავტორი:

„ჩვენ მათხოვრები არ ვართ. თუ ფილარმონიას როიალი სჭირდება, სახელმწიფომ უნდა იყიდოს. კულტურის დაწესებულებების მომარაგებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და არ ელოდოს მორიგ საჩუქარს“.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ როიალს დიდი ცელოფანი გადააფარეს, რასაც მომხმარებლებმა ირონიულად „ლეღვის ფოთოლი“ (Фиговый листок) უწოდეს და დაამატეს, რომ დილის ნამი, ნისლი, ცხოველები და ნესტი „თავის საქმეს“ მაინც სწრაფად გააკეთებს.

პროსახელისუფლებო მედია კი ავრცელებს ვიდეოებს, სადაც გამვლელები როიალზე უკრავენ. ტელეგრამ-არხმა „Говорит Абхазия“ ფლეშმობიც კი წამოიწყო და მოქალაქეებს მოუწოდა, დაკვრის ვიდეოები გაუზიარონ.

  • სოხუმის სანაპიროს ნაწილი რუსული დაფინანსებით განახლდა. თანხები ბაშკირეთის, თათრეთისა და ნიჟნი ნოვგოროდის ბიუჯეტებიდან გამოყო.
  • ვიაჩესლავ გლადკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩად“ ივნისის ბოლოს დაინიშნა. ის ბელგოროდის ოლქს 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ხელმძღვანელობდა და ამავე წლიდან დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.