ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" ისევ სტუმრობს სირიას

3 weeks ago 4

წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთიდან სირიაში ჩავიდა დამასკის 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. გამოფენა, რომელიც 27 აგვისტოს გაიხსნება, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად იმართება.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში მყოფ ჯგუფს ხელმძღვანელობს "მინისტრი" ოლეგ ბარციცი, შემადგენლობაში კი შედიან დე ფაქტო ეკონომიკისა და კულტურის მინისტრები თეიმურაზ მიქვაბია და დაურ კოვე, ოლეგ ბარციცის მოადგილე ირაკლი ტუჟბა, და მისივე უწყების ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის უფროსი არტურ გაგულია.ასევე, "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკურ საკითხებში მაქსიმ ღვინჯლია და "სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს" მთავარი სპეციალისტი საიდ სანგულია.

აფხაზური მხარის მტკიცებით, სოხუმი დამასკის გამოფენაში სირიის მთავრობისა და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მიწვევით მონაწილეობს.

ოლეგ ბარციცი ივნისში "სამუშაო ვიზიტით" ერთხელ უკვე იმყოფებოდა სირიაში სადაც ის შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან ალ-შაიბანის და „მადლობა გადაუხადა სირიელ კოლეგას სირიის ხელმძღვანელობის საკმაოდ მკაფიო და ცალსახა პოზიციისთვის აფხაზეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში“.

მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.

ერთი თვით ადრე, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.

ოფიციალური დამასკის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი არაა.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.

ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან გაიწვიეს.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკში 2020 წელს გაიხსნა.

სრულად წაკითხვა