ოქრო ისტორიული მაქსიმუმიდან თითქმის 30%-ით გაიაფდა – რა ხდება ბაზარზე

1 hour ago 3

ოქრო, რომლის ფასმაც 2026 წლის იანვარში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რამდენიმე თვეში თითქმის 30 პროცენტით გაიაფდა. იანვრის ბოლოს ერთი ტროის უნციის ფასი 5 594.82 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 24 ივნისს სპოტფასი 4 000 დოლარზე ქვემოთ დაეცა და მინიმუმ 3 973.79 დოლარს მიაღწია – ეს 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იანვრის პიკიდან ვარდნამ დაახლოებით 28.5-29% შეადგინა. ბაზრისთვის, რომელიც ოქროს კვლავ ერთ-ერთ მთავარ „უსაფრთხო თავშესაფრად“ მიიჩნევს, ასეთი კორექცია მტკივნეული აღმოჩნდა.

რატომ დაეცა ოქროს ფასი

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავარი მიზეზი დოლარის გამყარება და აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინია.

ოქრო დოლარში ივაჭრება, ამიტომ ამერიკული ვალუტის გამყარება ლითონს აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყიდველებისთვის უფრო აძვირებს. პარალელურად, ბაზრებმა გაითვალისწინეს Fed-ის უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება.- ინვესტორების ნაწილი ოქროდან ამერიკულ ობლიგაციებსა და სხვა შემოსავლიან აქტივებში გადავიდა.

რატომ დაიწყეს ინვესტორებმა ოქროს გაყიდვა?

იანვარში ოქროს ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა – მხოლოდ ერთ თვეში დაახლოებით 25%-ით. როდესაც აქტივი ასე მკვეთრად ძვირდება, ბევრი ინვესტორი მოგების დაფიქსირებას ამჯობინებს, ანუ ნაყიდ ოქროს ყიდის, რათა უკვე მიღებული მოგება შეინარჩუნოს.

რაც უფრო მეტი ადამიანი იწყებს გაყიდვას, მით უფრო ძლიერდება ფასზე ზეწოლა. ამ პროცესს ისიც დაემატა, რომ ინვესტორების ნაწილმა ფული ოქროდან სხვა აქტივებში – აქციებსა და სახელმწიფო ობლიგაციებში – გადაიტანა, სადაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე უკეთესი შემოსავლის მიღების მოლოდინი გაჩნდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მაისსა და ივნისის დასაწყისში ინვესტორებმა ოქროზე მიბმული საინვესტიციო ფონდებიდან თანხები გამოიტანეს. ამის გამო ფონდებს პაიების გამოსასყიდად ხშირად უწევთ ოქროს გაყიდვა, რაც ბაზარზე მიწოდებას ზრდის და ოქროს ფასზე დამატებით დაღმავალ ზეწოლას ახდენს.

გეოპოლიტიკური რისკები აღარ არის მთავარი ფაქტორი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ინფლაციის რისკები კვლავ მაღალია, ამჯერად ინვესტორებისთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები აღმოჩნდა – ძლიერი დოლარი და მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საბაზო საპროცენტო განაკვეთს მაღალ დონეზე უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.

ეს არ ნიშნავს, რომ ოქრომ „უსაფრთხო თავშესაფრის“ სტატუსი დაკარგა. უბრალოდ, ბაზარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ძვირფასი ლითონის ფასი მხოლოდ ომებსა და კრიზისებზე არ არის დამოკიდებული – მასზე არანაკლებ გავლენას ახდენს მონეტარული პოლიტიკა, დოლარის კურსი და ინვესტორების განწყობაც.

მიუხედავად ფასის შემცირებისა, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ოქროს მარაგების ზრდას აგრძელებენ.

World Gold Council-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა წმინდა შესყიდვების სახით დაახლოებით 244 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 17%-ით მეტია.

ამავე ორგანიზაციის გამოკითხვაში მონაწილეთა 89% ელოდება, რომ მომდევნო 12 თვეში მსოფლიო ოქროს რეზერვები გაიზრდება, ხოლო 45% აცხადებს, რომ მათი საკუთარი ცენტრალური ბანკიც გეგმავს ოქროს მარაგების გაზრდას.

ამის მიზეზი მარტივია: ცენტრალური ბანკები ოქროს მოკლევადიანი მოგებისთვის არ ყიდულობენ. მათთვის ეს ერთგვარი „ფინანსური სადაზღვევო ბალიშია“ – რეზერვების დივერსიფიკაციის, დოლარზე დამოკიდებულების შემცირებისა და გლობალური ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისებისგან თავის დასაცავად.

რა არის მოსალოდნელი შემდეგში?

4 000 დოლარზე ქვემოთ დაცემის შემდეგ ოქროს ფასი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ბაზარი კვლავ ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი სიახლის მიმართ.

ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ში ინფლაციის ახალ მონაცემებს, ფედერალური რეზერვის (Fed) გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს, დოლარის კურსის ცვლილებებს, აგრეთვე, გლობალურ საფონდო ბაზრებზე ინვესტორების განწყობას.

ამ ყველაფერზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ოქრო უახლოეს თვეებში პოზიციების გამყარებას.

ნიკო აბაშიშვილი

ასევე, დაგაინტერესებთ: რამდენი ოქროა დედამიწაზე და სად ინახება – ციფრები და ფაქტები

„ოქროს რძე“ – დაამზადეთ მარტივად და დაივიწყეთ ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა

სრულად წაკითხვა