ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 და ისტორიაში პირველად უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. პსჟ-ს 5-გოლიან გამარჯვებაში თავისი წვლილი ერთი გოლით (73-ე წუთზე) კვარამაც შეიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ფინალში გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო.
ფინალური შეხვედრა მიუნხენის ალიანც-არენაზე პსჟ-მა აქტიურად დაიწყო – სწორედ კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმის გოლით დაგვირგვინდა და ანგარიში 1:0 გახდა პარიზელების სასარგებლოდ.
მე-18 წუთზე კვარაცხელიამ გოლის გატანა თავადაც სცადა სწრაფი კონტრშეტევით, თუმცა კარს მცირედით ააცილა, თუმცა მალევე მისი წამოწყებული კონტრშეტევა კვლავ გოლით დასრულდა მე-20 წუთზე – უსმან დემბელეს გადაცემა დეზირე დუემ კარგად გამოიყენა და „ინტერის“ კარი აიღო. ანგარიში 2:0 გახდა და პირველ ტაიმში აღარ შეცვლილა – პსჟ შესვენებაზე საკმაოდ დიდი უპირატესობით გავიდა.
შესვენების შემდეგ „ინტერმა“ შეტევები გააძლიერა, თუმცა თამაშს კვლავ პარიზელები აკონტროლებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ორჯერ სცადა გატანა, თუმცა ორივეჯერ კარს ააცილა.
63-ე წუთზე სწრაფ კონტრშეტევაზე დეზირე დუემ მეორედ აიღო სომერის კარი და ანგარიში 3:0 გახდა.
73-ე წუთზე კი თავისი შანსი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიყენა – უსმან დემბელეს შესანიშნავი გადაცემით იგი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მარცხენა ფეხით დაარტყა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და ანგარიში 4-მდე გაზარდა. ამ გოლით, როგორც აღვნიშნეთ, კვარაცხელიამ ისტორია დაწერა – იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
86-ე წუთზე, როდესაც მატჩის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, ლუის ენრიკემ 3 ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც.
შეცვლაზე შემოსულმა სემი მაიულუმ 87-ე წუთზე „ინტერის“ კარში მეხუთე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.
ნუცა ყაველაშვილი